საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტს ურჩევს, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას ვეტო არ დაადოს.
„ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს. მედიასაშუალებების მხრიდან ბევრი არასწორი ინფორმაცია იქნა გავრცელებული. პრეზიდენტმა არ უნდა გადაუხვიოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. არის საკითხები, სადაც რაციონალური გადაწყვეტილება უფრო საჭიროა, ვიდრე პოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილება. ჩვენ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და ვფიქრობ, ეს პრეზიდენტისთვისაც გასაგები უნდა იყოს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კითხვაზე, თუ პრეზიდენტმა მაინც გამოიყენა ვეტოს დადების უფლება, დაძლევს თუ არა მას უმრავლესობა, ვოლსკიმ განაცხადა: „რასაკვირველია, დავძლევთ ვეტოს".
პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა.