„საქართველოს ბანკის“ შვილობილ კომპანიას- საქართველოს სალიზინგო კომპანიას, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-მა გრძელვადიანი ემიტენტის სტანდარტული რეიტინგი 'B+' positive მიანიჭა. საკრედიტო რეიტინგის აღებაში საქართველოს სალიზინგო კომპანიას კონსულტაციას წამყვანი საინვესტიციო ბანკი - სს „გალტ & თაგარტი“ უწევდა. რეიტინგის მინიჭების კრიტერიუმად საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ აიღო ისეთი მაჩვენებლები როგორიცაა: საქართველოს სალიზინგო კომპანიის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები, მისი სტაბილურობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივა. კრედიტუნარიანობის შეფასებისას „Fitch“-მა ასევე გაითვალისწინა კომპანიის ბიზნეს-მოდელი, საკრედიტო და სავალუტო რისკები. სააგენტო მიიჩნევს, რომ სალიზინგო კომპანიის სტრატეგიული მნიშვნელობა და „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერა იძლევა იმის პერსპექტივას, რომ კომპანია რეიტინგის შენარჩუნებასა და მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას გააგრძელებს.
საქართველოს სალიზინგო კომპანია საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელსაც 17 წლიანი გამოცდილება აქვს ადგილობრივ ბაზარზე სალიზინგო მომსახურების სფეროში. საქართველოს სალიზინგო კომპანია იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს საქართველოში შესთავაზა ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო და ამ მისიას დღესაც წარმატებით ახორციელებს. საქართველოს სალიზინგო კომპანია დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს სალიზინგო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ფინანსურ, დაბრუნებით და საოპერაციო ლიზინგს. 2015 წლიდან კი უკვე ფიზიკურ პირებსაც მიეცათ საშუალება ლიზინგით სარგებლობის, მათ შორის ისეთი ექსკლუზიური პროდუქტებით როგორიც იმ დრომდე ბაზარზე არ იყო წარმოდგენილი.