თბილისის მერია პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაობეთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ ქუჩაზე აღმოჩენილი ისტორიული ძეგლი სპეციალური მასალით არის შეფუთული, მას დაზიანება არ ემუქრება, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ძეგლი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„პუშკინის ქუჩაზე გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მომზადდა პლატფორმა და მიმდინარეობს ბურღვა.
რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ძეგლი შეფუთულია სპეციალური მასალით. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და ძეგლი კვლავ პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.
პუშკინის ქუჩის გაფართოება პროექტით ითვალისწინებს საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ისე, რომ ისტორიული ძეგლი ხელუხლებელი დარჩება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია "CRP" აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება",- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.