ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა და მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმსა და გამოფენაში, ვიზიტის შედეგები შეაფასა. მისი განცხადებით, ჩინეთმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - გაეხსნა საკუთარი ბაზარი და ეკონომიკა იმპორტიორებისთვის, რაც საქართველოს კომპანიებისთვის უდიდეს შესაძლებლობებს შექმნის.
გიორგი ქობულიას შეფასებით, მათ ამ შესაძლებლობის მცირე ნაწილიც რომ გამოიყენონ, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება.
„ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო ინტერესს ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის იმპორტის ფორუმისა და გამოფენის მიმართ. ჩინეთში ჩამოსულია 50-ზე მეტი კომპანია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გიორგი ქობულია გამოეხმაურა ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. მისი თქმით, ასევე დიდია დაინტერესება ჩინეთში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ღვინის, თხილისა და ხილის წვენების მიმართ. გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის დაწყების სურვილი ასევე გამოთქვა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა საბანკო ჯგუფმა „Bank of China Group“, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ასევე დაათვალიერა ქართული პავილიონი და ქართული კომპანიების საგამოფენო სივრცე, სადაც ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები, რომლებიც დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს.