logo_geo
eng_logo
„მე წერამ გადამარჩინა...“ - „თავისუფალ თეატრში“ მაია კახიძის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა
- +

6 ნოემბერი. 2018. 18:48

 

 

„თავისუფალ თეატრში“ ჟურნალისტისა და მწერლის მაია კახიძის წიგნების „ქალიგულა“ და „შენა ხარ ჩემი ახლაც და მერეც“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, მსახიობები, მწერლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

 

მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, მაია კახიძეს ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია მიენიჭა.

 

 

„მაია მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია. ის იყო ძალიან კარგი ჟურნალისტი, კარგი ესტრადის მსახიობი. ახლა მთლიანად გადაერთო მწერლობაში. მისი ერთ-ერთი წიგნის რედაქტორი, რომელიც ახლა გამოვიდა - „ქალიგულა“, გახლდით მე... ეს წიგნი არის ადამიანურ სიყვარულზე, ურთიერთობებზე და ვფიქრობ, რომ მკითხველს ვერ დატოვებს გულგრილს. უამრავი ადამიანის სიყვარულის ისტორიას გაიცნობს აქ. ვულოცავ მაიკოს ამ დღეს და მინდა, სულ ასე წარმატებით ეცხოვროს“, - განაცხადა ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე მარინა თექთუმანიძემ „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

„მაია კახიძე არაორდინარული პიროვნებაა, შეიძლება ითქვას, რომ ორიგინალურიც, ძალიან გონიერი და ნიჭიერი... ნებისმიერი საქმე, რასაც ხელი მოკიდა, ყველაფერი 5-იანზე გააკეთა. ამის დასტურია მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა ჟურნალისტიკაში, წლების განმავლობაში „ასავალ-დასავალში“ მოწინავე გვერდები მისი იყო. საესტრადო აქვს დამთავრებული და ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. როგორც პუბლიცისტმა, როგორც ღონისძიებების ორგანიზატორმა, როგორც პროდიუსერმა მოიარა მაშინდელი საბჭოთა კავშირი. იგი მოღვაწეობდა კიევში, მოსკოვში, ლენინგრადში...  მეშინია, არ გამომრჩეს ვინმე კლასიკოსი, რომლის სახელობის პრემიაც არ აქვს მიღებული, ერთადერთი ამერიკული პულიტცერი აკლია. ერთგულების განსახიერებაა, ძალიან გვერდში მდგომი, ხშირ შემთხვევაში მისი პოეზია მამაკაცურად გამართულია და ლექსების უმრავლესობა შეიძლება ისე წაიკითხოს ქალმაც და კაცმაც, რომ კონკრეტულად მისი ემოცია იყოს გადმოცემული და მოუხდება ერთსაც და მეორესაც. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას და მის მეუღლეს, ჯანმრთელები იყვნენ, ესიყვარულონ ერთმანეთს და საზოგადოებას, რაც უფრო დიდხანს იქნებიან, საზოგადოებისთვისაც უკეთესია და მათი მეგობრებისთვისაც, თავისთავად“, - განაცხადა ზაზა ალექსიძემ „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

„ქალბატონი მაია არის ბრწყინვალე მეგობარი, იცის გაჭირვება, იცის დალხინება, იცის გვერდში დგომა და ეს ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება მის ხელოვნებას, აქ სიტყვები აღარ არის საჭირო, მეხუთე წიგნს წერს და ალბათ, კიდევ ბევრს დაწერს“, - განაცხადა მხატვარ-დიზაინერმა მაქს მეირ შავიტმა „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

„მაია კახიძე არის ენერგიის წყარო, ქალი, რომელსაც არ ვიცი, ოდესმე თუ სიბერე დაუდგება... არა ასაკობრივი, არამედ გონებრივი, ფსიქოლოგიური... სულ მგონია, რომ ასეთად დარჩება. როგორც მზეა ენერგიის წყარო, ისე მაიაა თავის სამეგობროში ენერგიის წყარო. ვეფერები, იმიტომ, რომ მინდა, ყოველთვის კარგად და ასე ენერგიულად იყოს“, - განაცხადა ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

მწერალმა მაია კახიძემ „რეპორტიორთან“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტური მოგონებების გამოცემას გეგმავს. 

 

„დღეს შედგა ჩემი ორი წიგნის პრეზენტაცია - პროზა „ქალიგულა“, რომელიც მოიცავს ნოველებს სითბოზე, სიკეთეზე, სიყვარულზე, ტკივილზე, დარდზე... რედაქტორი გახლავთ მარინა თექთუმანიძე. გამომცემელი „კალმოსანი“. მეორე წიგნი არის პოეტური კრებული - „შენა ხარ ჩემი ახლაც და მერეც“.

 

მომავალ წელს მინდა, რომ დავწერო ჟურნალისტური მოგონებები, იმიტომ, რომ რაც ამ ათეული წლების განმავლობაში დაიბეჭდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში ჩემი ავტორობით, ყველაფერი ხომ არ დაიბეჭდა, რაღაც დარჩა მიღმა... სანამ მახსოვს, მინდა, დავწერო... ძალიან ბევრი აღარაა დღეს ცოცხალი... მე მინახავს ატირებული ოთარ მეღვინეთუხუცესი, მინახავს ატირებული საქართველოს გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე... მინდა, ეს ყველაფერი დავწერო...

 

მადლობა ღმერთს, რომ წერა შემიძლია, მადლობა ღმერთს, რომ მაწერინებს, მადლობა ღმერთს, რომ მუზა მოდის... მე წერამ გადამარჩინა... წერა არის კარგი რეცეპტი ყველა თაობისთვის. სევდას, დარდს, სიხარულსაც, ბედნიერებასაც მაინც წერისკენ მივყავართ. ადრე არ მეცალა ამისთვის, რადგან ჟურნალისტიკამ და ესტრადამ ჩემი ცხოვრების ათეული წელი წაიღო... მე ვამაყობ ამით, ძალიან რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ მე ვარ ალბათ ერთადერთი ქალი, რომელიც არის ესტრადის პროფესიონალი მსახიობი, რომელიც გახდა ჟურნალისტი და ჟურნალისტიკიდან მოვიდა მწერლობაში... ეს დიდი გზაა... სანამ ცხოვრებას არ ნახავ, ვფიქრობ, ვერ გეწერება, როცა მხრებზე დაგებერტყება წლები, ჭაღარა, განცდები, მღელვარება სიყვარული, სიხარული...“ - განაცხადა მაია კახიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner