სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს „როსტერი" გარდაბანის რაიონის სოფელ თელეთში მეფრინველეობის საწარმოს შექმნის. აღნიშნულის განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „როსტერს" 4358 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა.
მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის საწარმო წელიწადში არანაკლებ 75 ტონა ქათმის ხორცის წარმოებას უზრუნველყოფს. შპს „როსტერი" 143 120 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს და სულ მცირე 20 სამუშაო ადგილს შექმნის.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 171 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 395 მილიონ ლარს აჭარბებს და 7590-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.