ჟურნალისტმა თეონა გეგელიამ 2007 წლის 7 ნოემბერს, საკუთარ თავზე გადამხდარი ამბავი გაიხსენა.
„ეს აქამდე არ მითქვამს, 7 ნოემბერს, როდესაც ვუყურებდი ტელევიზიით, წავედი აქციაზე დედაჩემთან და ახლობელთან ერთად პირდაპირ რიყეზე, ახლოს ვიდექი მეტეხთან და ვხედავ ოპოზიციის ლიდერებს ფერდაკარგულები ტოვებენ ტერიტორიას და გავაყოლე თვალი, ავიხედე და მეტეხის ჩიხიდან მოდიან ეს სპეცრაზმელები, მოვკიდე ხელი დედაჩემს და ჩემ ახლობელს, ვიფიქრე რომ ბარათაშვილის ხიდის ქვევიდან გავსულიყავით, ზევითაც და ქვევითაც ეს სპეცრაზმელები მოდიოდნენ, რაღაც მომენტში ვიფიქრე მტკვარში ხო არ გადავმხტარიყავით, თუმცა მოაჯირთან ამ ადამიანებმა გაგვატარეს, თუმცა რეებს გვეძახდნენ ამას აღარ გავიმეორებ.
იქვე, დაბალი სახლი იყო წინ არკით და ვიფიქრეთ, რომ შევიდოდით და სადმე სარდაფში დავიმალებოდით, შევედით თუ არა შემოაგდეს მხუთავი გაზის კაფსულა, როგორც გადავრჩით ვერ გეტყვით, უკან დაბრუნება მინდოდა, საბედნიეროდ იქვე მაღაზიის პატრონმა გაგვიღო კარი და შეგვიფარა. საინტერესო იცი რა არის, რომ იქიდან წამოსვლისას ადამიანს ვკითხეთ სახელი, რომ გვცოდნოდა თუ ვინ გვიშველა, არაფრით არ თქვა, ისეთი შეშინებული იყო, კი გადაგვარჩინა, მაგრამ ძალიან ერიდებოდა თქმას” – განაცხადა თეო გეგელიამ.