logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

8 ნოემბერი. 2018. 11:16

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა.პ. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 იანვარს, ქ.თბილისში ყოფნისას ა.პ. დაუკავშირდა და შეხვდა ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს ა.ფ.-ს, რომელსაც უთხრა, რომ  საქართველოში მყოფი ასევე  ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ა. სოციალური ქსელების მეშვეობით მის მიმართ ღირსების შემლახავ ინფორმაციას ავრცელებდა და ა.ფ.-ს მკვლელის პოვნა შეუკვეთა, რომელიც გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ ვ.ა.-ს მოკლავდა. 

 

2018 წლის 27 იანვარიდან 7 თებერვლის ჩათვლით, ა.ფ. და ა.პ. რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და მკვლელობის დეტალებზე და  გვამის გადამალვის გეგმაზე შეთანხმდნენ. ა.პ.  ა.ფ. - ს დაპირდა, რომ ვ.ა.-ს მკვლელს  5000 აშშ დოლარს გადაუხდიდა და იარაღის შესაძენად  500 აშშ დოლარს მისცემდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს 2018 წლის 4 თბერვალს ა.პ.-მ  მკვლელობის დეტალები დააზუსტა და ა.ფ.-ს დაავალა, რომ დამაჯერებლობის განსამტკიცებლად გვამისთვის სურათის გადაღება და მისთვის ჩვენება იყო საჭირო, ხოლო  უსაფრთხოების მიზნით ვ.ა.-ს გვამზე დიდი ლოდები უნდა დაეკიდათ  და  წყალში ჩაეგდოთ. 2018 წლის 7 თებერვალს კი ა.პ.-მ მკვლელობის იარაღის შესაძენად ა.ფ.-ს 1200 ლარი  გადასცა.   

 

სამართალდამცველებმა ა.პ. 2018 წლის 9 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ( შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner