თბილისის ბავშვთა ქალაქ "მზიურიდან" დაუდგენელმა პირებმა ნაძვის ხის ნერგი მოიპარეს. ორგანიზაცია „მზიანის" ხელმძღვანელი ანა გოგუაძე პარკში ვიდეო კონტროლის კამერის დამონტაჟებას მოითხოვს.
როგორც ანა გოგუაძე Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს, პარკს ვიდეო კონტროლი, სულ მცირე სამ ლოკაციაზე მაინც სჭირდება, რადგან გულგრილმა ადამიანებმა არ დააზიანონ ის, რაც "მზიურში" ამ ხნის განმავლობაში გაკეთდა.
ანა გოგუაძე დახმარებისთვის დაცვის პოლიციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მერიას მიმართავს: "ჯერ ძეგლი შეღებეს, მერე ახლადდარგული, ძვირადღირებული ნერგი ამოთხარეს და მოიპარეს. მე მართლა გადავყვები ამ ამბავს. ამ პროექტის გამო გადავდე საკუთარი თავი, არ ვიცი რამე გააკეთეთ და დაამონტაჟეთ ვიდეო კონტროლი, ძალიან გთხოვთ, მოწყობილი ინფრასტრუქტურაც, რომ არ დააზიანონ,"- წერს იგი.
დაახლოებით თვენახევრის წინ, დაუდგენელმა პირებმა, ბავშვთა ქალაქ „მზიურის" პარკში მდებარე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ძეგლს, ფერადი საღებავები მიასხეს. ძეგლი, მწერალ ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით არის შექმნილი. მოგვიანებით, ძეგლი, საღებავებისგან შპს „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაწმინდეს.