logo_geo
eng_logo
სკანდალური ღია წერილი ვანო მერაბიშვილს!
- +

9 ნოემბერი. 2018. 00:48

 


გამარჯობა ბატონო ვანო, ბოლო დროს წინასწარ პატიმრობაში მყოფს გაცილებით ხშირად გხედავთ ტელევიზიის საშუალებით, ვიდრე მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით. ამას ცუდ კონტექსტში არ ვამბობ, პირიქით ძალიან მახარებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მეტ-ნაკლებად განვითარება და ის, რომ თქვენ სასამართლოს დარბაზში გაქვთ შესაძლებლობა გააკეთოთ პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური განცხადებები.

ბატონო ვანო, მოვისმინე თქვენი განცხადება იმის თაობაზე, თითქოს გაგიყვანეს ციხიდან და მთავარ პროკურორთან მიგიყვანეს, რომელიც თქვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. გიყურებდით, გისმენდით და ვფიქრობდი, ალბათ როგორ გაგიმართლათ, რომ თქვენზე ზეწოლა იმ მეთოდებით არ ხდებოდა რა მეთოდებითაც გასული ცხრა წლის განმავლობაში თქვენი გუნდის მაღალჩინოსნები ახორციელებდნენ სხვებზე (თუმცა ნებისმიერი ტიპის ძალადობას ვემიჯნები, როგორი მეთოდებითაც არ უნდა იყოს ის ჩადენილი).

გამახსენდა სულხან მოლაშვილი.
გამახსენდა თქვენი ყოფილი თანაგუნდელის ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენება, რომელიც რა მეთოდებით იყო მოპოვებული იმათ სინდისზე იყოს ვინც ის მოიპოვა.

გამახსენდა გიორგი ზერეკიძე, როდესაც ის დაიჭირეს, მე მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავი და მახსოვს როგორ განვიცადეთ მე და ჩემმა კლასელებმა მისი ამბავი.

გამახსენდა სანდრო გირგვლიანი, რომელიც წამებით მოკლეს თქვენი სამინისტროს მაღალჩინოსმებმა.

მოკლედ, ამ სიის გაგრძლება კიდევ შეიძლება მაგრამ შორს წამიყვანს, ახლა აქ შევჩერედები და მოგიყვებით ჩემს ამბავს.

ბატონო ვანო, თქვენ დიდი კაცი ხართ და თქვენს საქმესთან ჩემი ისტორია რა მოსატანია, მაგრამ გავკადნიერდები და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ…

ეს სურათი, ამ წერილს შემთხვევით არ დავურთე, ის თქვენი რეფორმირებული პოლიციის, სამტრედიის სამმართველოს უფროსის ალეკო სვინტრაძის კაბინეტში ეკიდა და რამდენჯერაც ამ სურათს შევხედავ ყოველთვის გამახსენდება ჩემი დაკავების ღამე.

26 სექტემბრის ღამე იყო, სწავლა 27-ში იწყებოდა და დილით უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი, ამიტომ ადრე გადავწყვიტე დაძინება. სადღაც 11 საათი იქნებოდა, როცა ეზოში მამაჩემის სახელის დაძახების ხმამ გამომაღვიძა, შემდეგ როცა ფანჯარაში გავიხედე ფანარის შუქმა კარგადაც მომაფხიზლა. ცოტა დავიძაბე, ალბათ წინასწარ ვგრძნობდი რომ კარგი დღე არ მელოდებოდა, უფრო სწორად ჯერ ღამე და შემდეგ უკვე რამდენიმე დღეც.

სახლში ყველამ გაიღვიძა, მამაჩემი გავიდა და დაუპატიჟებელი სტუმრები სახლში შემოიყვანა (ის 25 წელი პოლიციაში მუშაობდა და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დაუპატიჟებელი სტუმარი მისი ყოფილი თანამშრომლები იყვნენ). სტუმართაგან ერთ-ერთი ჩემი უბნის ინსპექტორი ბატონი რომანი იყო, სხვებს მე არ ვიცნობდი. ბატონმა რომანიმ გვითხრა, რომ დაკარგული გოგონა იპოვეს, თუმცა რაღაც აუცილებელი პროცედურები იყო ჩასატარებელი, რისთვისაც ჩემი წაყვანა გახდა საჭირო და ღიმილიანი სახით უთხრა ჩემებს რომ ცოტა ხნით უნდა მოვეტაცებინე. ჩამსვეს მანქანაში, ე.წ. პიკაპში და წამიყვანეს. მამიდა და მამა მანქანით უკან გამომყვნენ.

პოლიციის შენობაში რომ შემიყვანეს, მამას და მამიდას სთხოვეს რომ შენობაში არ შემოსულიყვნენ.

დაახლოებით ათი წუთი ველოდი პოლიციის უფროსს ალეკო სვინტრაძეს მისივე კაბინეტში და ვუყურებდი ზემოთ ნახსენებ სურათს. და აი, დერეფნიდან ჯერ აჩქარებული ფეხის ხმა მომესმა და შემდეგ უკვე გინება, როგორც ჩანს ბატონი ალეხანდრო (ასე ეძახდნენ მას თანამშრომლები) მოდიოდა.

არასდროს დამავიწყდება როგორ ყვიროდა რომ კაბინეტიდან დერეფანში გამოვეყვანე პოლიციელებს, მე ნაბო*არი ბავშვი.

მათაც უფროსის ბრძანება რა თქმა უნდა შეასრულეს, გამომიყვანეს და ვიწრო დერეფანში ბატონი პოლიციის უფროსის წინ დამაყენეს.

რამდენიმე წამი მიყურა, მერე მთხოვა მისთვის შემეხედა, შემაგინა, (ნასვამი იყო, ახლო მანძილიდან მაგინებდა და მეტად საგრძნობი იყო ღვინის სუნი) შემაფურთხა და მუშტი დამარტყა შუბლში, რის შემდეგაც ჩემდა უნებურად ისევ მის კაბინეტში დავბრუნდი, აი იქ კი უკვე მან და მისმა თანამშრომლებმა ერთიანი ძალებით განაგრძეს ჩემი ცემა სწორედ იმ კედელთან სწორედ იმ სურათის ქვემოთ.

იმ ღამეს დააკავეს ჩემს სიმწრის ყვირილზე პოლიციის შენობაში შემოსული მამაჩემი და მამიდაჩემი.

ადვოკატზე რომ აღარაფერი ვთქვა, მათ სახლში დარეკვის უფლებაც არ მისცეს, ბებიასთვის ის მაინც ეთქვა, რომ არ ენერვიულა.

ამ ყველაფერს ესწრებოდა პროკურორი პაატა ხარებავა, რომელიც შემდეგ უკვე აქტიურად მონაწილეობდა ჩემი ჩვენების ისე დაწერაში როგორც მათ აწყობდათ.

ბატონო ვანო, არასდროს არ დამავიწყდება ცემაზე ბევრად უფრო საშინელი ფსიქოლოგიური წნეხი, არ დამავიწყდება თავში მუშტების დარტყმის შედეგად თვალებზე მიღებული ტრავმა (თვალები გამირბოდა) არ დამავიწყდება მთვრალი პოლიციის უფროსი როგორ მოვიდა, თვალებზე თითები მომაჭირა და მითხრა, თუ თვალებს ასე გავაკეთებდი სასამართლოზე როგორ ამომთხრიდა ის.

არ დამავიწყდება გვერდით ოთახში მყოფი კაცი, რომელსაც როგორც შემდეგ გავიგე გული აწუხებდა და რომელსაც სამჯერ დასჭირდა სასწრაფო დახმარება. მახსოვს, როცა ერთ-ერთ თანამშრომელს ვკითხე რას იზამდნენ, ეს კაცი რომ შემოკვდომოდათ, მან ძალიან მშვიდი სახით მიპასუხა, როგორ გაიყვანდნენ განყოფილებიდან და რიონში გადააგდბდნენ, შემდეგ კი იტყოდნენ რომ განყოფილებიდან გაექცათ და გადავარდა ან გადახტა მდინარეში.

შემდეგ უკვე ე.გ კპზ-ზე ყოფნისას ვნახე როგორ აწამებდნენ წამალდამოკიდებულ ბიჭს, რომელიც მეტადონის პროგრამით იყო გამოშვებული გერმანიიდან და რომელსაც ყოველი დილის 10 საათზე მეტადონის გარკვეული დოზა უნდა მიეღო, ის მიზანმიმართულად 3-4 სააათის დაგვიანებით მიყავდა ცვლის უფროს შალვა ჯღამაძეს. ვნახე როგორია ლომკა, როგორ იჭამდა თითებს საწყალი ბიჭი, როგორ ეხეთქებოდა ძირს და თავს ურტყამდა იატაკს, როგორ მოდიოდა რაღაც თეთრი სითხე პირიდან და პოლიციელი როგორ იგდებდა მასხრად და დასცინოდა მას.

72 საათის გასვლის შემდეგ სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა და 3000 ლარი გირაო დამაკისრა, რომელიც მაშინვე გადამიხადეს ჩემებმა მაგრამ ბატონი პროკურორი ხარებავა არ ღალატობდა თავის სიტყვებს, რომ ჩემი ციხეზე გაშვების „მუღამი“ ჰქონდა.

მადლობა ღმერთს რომ დიდი ხნით არ მომიწია ციხეში ყოფნა, თუმცა პოლიციის გამჭირვალე შენობაში გატარებული რამდენიმე საათი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიმეღო და საკმაოდ დიდი ხანი მემკურნალა კიდეც…

ყველაზე მეტად კი მაშინ მინდოდა შემეფურთხებინა თქვენი რეფორმირებული პოლიციის სისტემისთვის, როცა ტელევიზიით გამოდიოდით და ლაპარაკობდით პოლიციის რეფორმაზე და იმაზე, თუ როგორი კარგი პოლიცია გვყავს, ზუსტად ისე მინდოდა შემეფურთხებინა როგორც მე მაფურთხებდა თქვენი პოლიციის უფროსი ალეკო სვინტრაძე.

ბატონო ვანო, მე ვაპირებ სწავლა პოლიციის აკადემიაში გავაგრძელო, თუ ნასამართლეობა ხელს არ შემიშლის და თუ ჩემი სურვილი არსულდება, მე ზუსტად ვიცი როგორი პოლიცელი არ უნდა ვიყო, იმიტომ რომ მჯერა არსებობს რაღაც ცხოვრებისეული კანონზომიერება, განგება, პრინციპით: „რასაც დასთეს იმას მოიმკი“. ჩემი აზრით, ასე მოხდა თქვენს შემთხვევაში და ასე მოხდება ყოველთვის, სანამ ყველა არ გააცნობიერებს, რომ ნებისმიერი ბოროტება, ბუმერანგივით უკან მიუბრუნდება მის ჩამდენს.

გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და გისურვეთ რომ შემდეგ ახალ წელს უკვე ოჯახის გარემოცვაში შეხვდეთ.

პატივისცემით, გიორგი თევზაძე,

ნასამართლევი, სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner