„გედი ფოფხაძეს ტყუილი არაფერი უთქვამს და მან ვითარება სწორად შეაფასა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი „ასავალ-დასავალთან“ საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყება.
„გრიგოლ ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ შეიწყალებს მერაბიშვილებს, ახალაიებს, ქარდავას, სააკაშვილს და ა.შ. ანუ ვაშაძე აპირებს სისხლის სამართლის დამნაშავეების შეწყალებას, რომლებმაც ამდენი ხალხი დახოცეს. ამ მკვლელების მიერ დახოცილი ხალხის მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები ხომ დარჩა? ყველა ეს ადამიანი ძალაუნებურად კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდება და სამოქალაქო ომი მეტი რა არის? სწორედ ეს იგულისხმა გედი ფოფხაძემ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში ქართველი ხალხი გრიგოლ ვაშაძეს მხარს არ დაუჭერს.
„ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერს! ამიტომ ქართველი ერი გაიმარჯვებს!“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.