მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე არ აპირებს, თავი იმართლოს ბრალდებაზე, რომ მისი პოლიტიკური მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტია და საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" ხმების გასაყოფად შეიქმნა.
„არ ვაპირებ ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემას და თავის მართლებას. თქვენ ალბათ ნახეთ, თუ ვინ მოვიდა პირველი ჩვენს მხარდასაჭერად. ეს ალბათ ყველა კითხვას გასცემს პასუხს", -აცხადებს პაატა ბურჭულაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, სადაც მხარდამჭერში სანდრო გირგვლიანის მამას გულისხმობს.
მისივე თქმით, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის" პარტნიორი ქართველი ხალხია და ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი.
„კოალიციის პერსპექტივას ვერავისთან ვხედავ, არც მოლაპარაკებები გვქონია. ამ კვირიდან დავიწყებთ აქტიურობას, უამრავ ახალ სახეს ნახავთ ჩვენს რიგებში, პროფესიონალ და გონიერ ადამიანებს, თვის ბოლოს კი, ყრილობა გვექნება. არ შეიძლება, ყოველი ახალმოსული ხელისუფლება წინამორბედს მოღალატეს უწოდებდეს და მასზე გამარჯვებას ზეიმობდეს. ყველა ხელისუფლებამ, რაც ამ ქვეყანას დღემდე ჰყოლია, არაერთი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ იყო შეცდომებიც და არ შეიძლება, გამუდმებით ამ შეცდომებზე ვლაპარაკობდეთ.
4 წელი გავიდა და ვზეიმობთ, რომ დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობა" და რას მივაღწიეთ ამით?! ვერაფერს..." - აღნიშნავს მსოფლიო ბანი.
ბურჭულაძის აზრით, მის წინააღმდეგ შეტევა იმის გამო ხდება, რომ პოლიტიკოსი არ არის.
„კი, ბატონო, არა ვარ, მაგრამ კიდევ უარესს ვიტყვი - დღეს ქვეყანაში საერთოდ პოლიტიკოსები, დღეს პოლიტიკა იქცა ერთგვარ სამსახურებრივ ბიზნესად. შესაბამისად, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში ურთულესი ვითარება გვაქვს, არა გვაქვს ჩამოყალიბებული საგარეო მიმართულება, ვდგავართ ერთ ადგილას და ვტკეპნით", - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.