logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ლარი გამყარებას გააგრძელებს, მისი მერყეობა აბსოლუტურად სპეკულაციური იყო
- +

9 ნოემბერი. 2018. 23:43

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მის გადაწყვეტილებებზე მთავრობას არანაირი გავლენა არ აქვს, ის არანაირ პოლიტიკურ კონიუქტურას არ ექვემდებარება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან და ეროვნული ბანკის მიერ დღეს განხორციელებულ ინტერვენციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და კურსის დევალვაცია პრობლემის სახით არის წარმოჩენილი.

 

„ეროვნული ბანკი რომ პოლიტიკურად მოწყვლადი ინსტიტუტი იყოს, პირიქით მოიქცეოდა, მოიქცა ისე, როგორც ასეთ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს ევალება, ანუ ის ახორციელებს რეზერვების პერიოდულ შევსებას. ჩვენი სავალუტო რეზერვი იმაზე ნაკლებია, რაც ჩვენი დონის ეკონომიკას შეეფერება. შეგვიძლია, გავიხსენოთ ამ საკითხზე სავალუტო ფონდის რეკომენდაციები, ისინი დაჟინებით ითხოვენ ეროვნული ბანკისგან, ყოველწლიურად შეავსოს რეზერვების. შესაბამისად დღევანდელი ინტერვენცია შევსებისთვის გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. არ ვფიქრობ, ეს ყოფილიყო მსხვილი შესყიდვა, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვალუტის კურსზე რამე გავლენა მოეხდინა, დღეების მიხედვით ნუ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

მისი თქმით, ბუნებრივად ლარი გამყარების მიმართულებით წავიდა, ვინაიდან მინისტრის შეფასებით, შექმნილი ვითარება გამოწვეული იყო პოლიტიკური ფაქტორებით.

 

„ლარი წამოვიდა გამყარებისკენ ბუნებრივად, იმდენად სპეკულაციური იყო. გუშინ აღვნიშნე, რომ ეს იყო აჟიოტაჟი, 100 პროცენტით პოლიტიკით გამოწვეული, ძირითადად, ოპოზიციის მხრიდან აგრესია და სიბინძურე. ეს პრაქტიკულად მეორე დღესვე დადასტურდა და ლარმა დაიწყო გამყარება, რამაც მისცა საშუალება ეროვნულ ბანკს, განეხორციელებინა მისი გეგმა სავალუტო რეზერვების შევსებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები მყარია და კურსის ბოლოდროინდელი მერყეობა სპეკულაციური იყო.

 

„ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები არის აბსოლუტურად მყარი, არასდროს ყოფილა ასეთი მდგრადი ჩვენი ეკონომიკა გარე შოკების მიმართ, ზოგადად, სხვადასხვა ტიპის ნეგატიური მოვლენების მიმართ, როგორც არის დღეს. შესაბამისად, ლარის მერყეობა, რაც ბოლო კვირებში გამოვლინდა, იყო აბსოლუტურად სპეკულაციური. ზუსტად ვერ გეტყვით ნიშნულს, რა დონემდე გამყარდება ლარი, თუმცა ტენდენციის დონეზე დარწმუნებული ვარ, ლარი განაგრძობს გამყარებას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

 

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.7146 იქნება. 9 ნოემბერს კი – 2.7505 ლარი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner