„თავისუფლების ნაცვლად, რომელსაც ჩვენ ველოდით დასავლეთისგან, მივიღეთ ციხე, ტერორი, გარყვნილება და უსამართლობა", - ამის შესახებ საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძემ მსოფლიოს საოჯახო კონგრესის მეათე საიუბილეო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე მტკიცებით, ქართულმა ერმა უკვე გააკეთა დასკვნები დასავლეთის პოლიტიკის შესახებ და მისი იმიჯი ჩვენს ქვეყანაში სრულიად დამახინჯდა.
"როდესაც თავისუფლების მოსურნე საქართველო უცქერდა დასავლეთს იმედით, იგი დასავლურ კულტურას მიიჩნევდა მოქალაქეების, მათი სიტყვის, მათი აღმსარებლობის, კერძო საკუთრების, თავისუფლების შუქურად და რაოდენ გულგამაცრუებელი აღმოჩნდა ეს მოლოდინი ჯერჯერობით. ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების ნაცვლად ჩვენ მივიღეთ დასავლეთისგან დასპონსორებული, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც საკუთარი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ციხეში ჩასვა 330 ათას ადამიანზე მეტი...
რელიგიის თავისუფლების ნაცვლად ჩვენ მივიღეთ გამუდმებული და შეუქცევადი შეურაცხყოფა და შეტევები ჩვენს ისედაც გაწამებულ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, მის პატრიარქზე, სამღვდელოებაზე, მის მრევლზე - შეტევები, რომლებიც ხორციელდება ასობით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომლებსაც აფინანსებს დასავლეთი ამ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში, არასამთავრობოების მიერ, რომელთა პროპაგანდის მეშვეობით იშხამება ჩვენი ახალგაზრდა თაობის ნაწილი...
სიტყვის თავისუფლების ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ლიბერალების ტოტალიტარული დიქტატურა ჩვენს ტელევიზიასა და პრესაში. ასეთივე დიქტატურის მცდელობაა საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და ორგანოებში... ლიბერალებისა, რომელთა მთავარი მიზანი არის ერთმანეთის გამრავლება საკუთარ რიგებში და სხვათა კლანური პრინციპით დისკრიმინაცია, უსირცხვილობისა და გარყვნილების გამუდმებული ჩვენება...
ამრიგად, ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ - თავისუფლების ნაცვლად, რომელსაც ჩვენ ველოდით დასავლეთისგან, მივიღეთ ციხე, ტერორი, გარყვნილება და უსამართლობა. ამის შედეგად საქართველოში დასავლური კერპი დაემხო და ეს ასეა, რასაც არ უნდა გეუბნებოდეთ ჩვენი თანამედროვე პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები. ერმა უკვე გააკეთა დასკვნები დასავლეთის პოლიტიკის შესახებ და მისი იმიჯი ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ სრულიად დამახინჯდა.
ჩვენთვის პატივსაცემი დასავლური კულტურის ჯანმრთელი მხარეები, რომელთა გადმოღება და დანერგვა ნამდვილად გვჭირდება საქართველოში, სამწუხაროდ, სრულიად დაიჩრდილა უგუნურებით და ყოველთვის, როდესაც ჩვენში ვინმე ბედავს ამოიღოს ხმა დასავლური პოლიტიკის წინააღმდეგ, მას უმალვე ედება ბრალი კრემლის ჯაშუშობაში... ყოველივე ამის შემდეგ დასავლეთმა დე ფაქტო უკვე დაკარგა საქართველო. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა იერიში მიეტანა ჩვენს ტრადიციულ საზოგადოებაზე, მის ფესვებსა და მის კულტურულ ქსოვილზე. სანამ ოფიციალური დასავლეთი განაგრძობს ყოველგვარ შეუნანებლობას საქართველოში თავისი ქმედებების გამო, მისი გავლენის ნარჩენები ემყარება მის ე.წ. მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა რუსული ოკუპაციის პირობებში. ის დღე, როდესაც კრემლი ბოლოს და ბოლოს მიხვდება ამას და ითავებს შერიგებას თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის, იქნება დღე, როდესაც დასავლეთი დაკარგავს საქართველოს საბოლოოდ", - განაცხადა ვასაძემ.
აღნიშნულის კონტექსტში მან დასავლეთს მიმართა და რამდენიმე მოწოდება გააჟღერა, მათ შორის ურჩია, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში აღარ ჩაერიოს.
"ნება მიბაძეთ, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელმა, მშვიდობიანმა, რუსეთთან და დასავლეთთან მეგობრულმა, ოჯახსა და ტრადიციაზე დაფუძნებულმა საქართველოს ერთ-ერთმა პატრიოტმა მივმართო ამ ტრიბუნიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. პირველი - შეწყვიტეთ ეს სიგიჟე ახლავე. მეორე - აღარ ჩაერიოთ ამ სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. მესამე - შეწყვიტეთ ჩვენს ეკლესიასა და ოჯახზე გამუდმებული შეტევების დაფინანსება, ასობით თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით. მეოთხე - მოიხადეთ ბოდიში ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის და ბარაკ ობამას განცხადებების გამო იმის შესახებ, რომ თურმე ეროვნული ტრადიციები აღარაა მნიშვნელოვანი და თურმე შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ყოფილა მამათმავლობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში. მეხუთე - ახლავე შეწყვიტეთ ეს კულტურული ომი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, თორემ თქვენ დაკარგავთ არა მხოლოდ საქართველოს და მთელ მსოფლიოს, არამედ საკუთარ ქვეყნებსაც", - აღნიშნა ვასაძემ მსოფლიოს საოჯახო კონგრესის მეათე საიუბილეო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.