„დღეს არ არის ის დრო, როცა ადამიანს დანაშაული არ უმტკიცდება, სასამართლომ ის არ გაამართლოს - ამ ქვეყანაში ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენები არსებობს," - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "კაბელების საქმეში" ბრალდებული პირების განაჩენზე საუბრისას განუცხადა.
კობახიძე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პოლიტიკიურ მოტივაციას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ "ხელისუფლებას, პროკურატურას, სასამართლოზე რაიმე გავლენა რომ ჰქონდეს, ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენები არ იქნებოდა მიღებული".
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თავისთავად მძიმეა ის ფაქტი, როცა ბრალდებული პირები გირაოთი არიან გარეთ და მას ბორკილს სასამართლო დაბაზში ადებენ. კობახიძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებას მიღებას ძალიან მყარი უტყუარი და ყოველგვარ ეჭვსმიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა სჭირდება.
"ადამიანების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დასჯა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო ამბავი არასდროს არ არის, მით უფრო, როცა ეს იმ ადამიანებს ეხებათ, რომელიც ამ ეტაპისთვის, დღემდე გირაოს ქვეშ იყვნენ გათავისუფლებული. ადამიანებს ბორკილები სასამართლო დარბაზში დაადო, ცოტა რთული გადასაწყვეტია და მძიმე გადაწყვეტილებაა მოსამართლის მხრიდან, როცა ამას წინ გორაოთი გათავისუფლება უძღვის. როცა განაჩენს ასეთ ვითარებაში ადგენ და ადამიანებს სასამართლო დარბაზში ადებ ბორკილებს, ძალიან მყარი და უტყუარი საფუძველი უნდა გქონდეს. მე სასამართლოს განაჩენს ვერანაირად ვერ შევაფასებ, გამომდინარე იქედან, რომ არც პროკურორი ვარ, არც - ადვოკატი, არც - პროცესზე დამსწრე და ამ შემთხვევაში, რომელიმე მხარეს ვერანაიარდ ვერ ვიქნები. ვფიქრობ, ალბათ სასამართლოს პროკურატურისგან ჰქონდა საფუძველი, რამაც ის ამ განაჩენამდე მიიყვანა - სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული, უტყუარ და გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლობას უნდა ემყარებოდეს ის. როცა ადამიანებს უჩნდებათ ეჭვი, რომ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი არ არის სამართლიანი, ეს ზოგადად, არ არის კარგი - არც ხელისუფლებისათვის და არც საზოგადოებისთვის", - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, რომლის თქმით, თუკი მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ის უნდა გაასაჩივროს.
კობახიძის თქმით, როცა ბიუჯეტის ფულის გაფლანგვაზეა საუბარი, ვინც არ უნდა იყოს და რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ეს არავის ეპატიება.
"ქრთამის აღების ფაქტზე ჩვენი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა მაისურაძე დაიჭირეს, რომელთანაც წლები გვაკავშირებს, არის ჩვენი თანაგუნდელი და თანამებრძოლი. მოიკითხეთ, საკრებულოს რამდენი წევრი, დაბალი თუ მაღალი დონის ჩინოვნიკია დაკავებული. სამი-ოთხი თვე პროკურატურაში ვიარე, როცა აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებებით ბრალი დამდეს, თითქოს და, კორუფციაში, მაგრამ მე იქ დაკითხვეზე ვიარე და არ გამჩენია განცდა, თუ როგორ გაბედეს დაკითხვაზე ვიცე-სპიკერის დაბარება. არ იყო მტკიცებულებები და პროკურატურამ საქმე დახურა და, რომ ყოფილიყო, როგორ გგონიათ, თავზე ხელს გადამისვამდნენ? და რომ დადასტურებულიყო, რომ პატიმრებისგან მართლა ფული ავიღე, უნდა გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ ეს ჩემი პოლიტიკური დევნა იყო?! ", - ამბობს კობახიძე.
იგი ფიქრობს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აღნიშნული საქმის პოლიტიზირებით რადიკალური ოპოზიციის ნიშის დაკავებას ცდილობს.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.