ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზება 11 ნოემბერს, დილიდან მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.
„რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა.
ადგილზე რჩება 55 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის 20-ზე მეტი თანამშრომელი. მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.