საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე „რეპორტიორთან" ინტერვიუში „ქართულ ოცნებაში" არსებულ ვითარებასა და სხვა პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს:
- პოლიტსაბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში, პრემიერის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გაიმართება. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ჯერ პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან იქნება შეხვედრა და შემდეგ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კოალიციის პოლიტსაბჭო. იმის თქმაც გამიჭირდება გადაჭრით, რომ თოფაძის გარიცხვის საკითხი დადგება. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მაღალი ინტერესის თემაა და პარტნიორ ორგანიზაციას „რესპუბლიკელებს" გარკვეული კითხვები და პრეტენზიები აქვთ, ალბათ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ.
თუმცა, არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ფორმულირება თოფაძის გარიცხვის შესახებ, ვიდრე არ იქნება კონკრეტული პოზიციები გაცხადებული ორივე მხარის მიერ. კარგი იქნებოდა, რომ საზოგადოების ფართო ფენებში პრეტენზიების წამოყენებამდე მხარეებს ერთმანეთთან გაერკვიათ საკითხები და დაესვათ კითხვები.
- რა საკითხების დაყენებას აპირებს „ეროვნული ფორუმი" პოლიტსაბჭოს სხდომაზე?
- „ეროვნული ფორუმი" ემზადება 2016 წლის არჩევნებისთვის. რაც ნიშნავს, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება როგორც საზოგადოების, ისე საკუთარი პარტიის წევრების წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში არიან ჩვენს გვერდით და იბრძვიან ჩვენთან ერთად. ამიტომ, „ეროვნული ფორუმის" ლიდერებს უფლება არ აქვთ, რომ საკუთარი პარტიის წევრებს არ ჰკითხონ, თუ როგორ უნდა გააგრძელოს პარტიამ მომავალში საქმიანობა. ჩვენ განვახორციელებთ იმ კურსს, რომელსაც მიიღებს პარტია.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე რა აზრის ხართ?
- აქ არის ორი მხარე. მურუსიძის და მამუკა ახვლედიანის. მათ უკან დგანან ადეიშვილის და კუბლაშვილის მოსამართლეები, რომლებიც არ იბრძვიან სამართლისთვის და სასამართლოსთვის. ერთი ჯგუფი ერთ გზას ირჩევს, მეორე - მეორეს. საბოლოო ჯამში, ეს აზარალებს სასამართლოს, კიდევ ერთხელ უთხრის ძირს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ადამიანების იმედს, რომ ამ სასამართლოში შეიძლება იპოვონ თავისი სამართალი. ასეთი მოსამართლეების მიერ გამოცხადებული სიმართლის არ მჯერა. ისინი იბრძვიან მზის ქვეშ საკუთარი ადგილისთვის. მგონია, რომ ეს პროცესები პროვოცირებულია სხვადასხვა მხრიდან. ეს ქაოსი ძალიან ცუდად დასრულდება. ასე თუ გაგრძელდება და პროცესებს ძალიან სწრაფად არ შეაჩერებს ნინო გვენეტაძე, ეს იქნება ძალიან ცუდი. ვისურვებდი, რომ ყველამ მაქსიმალური ყურადღებით და გონიერებით მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო ხელისუფლების შიგნით კლანებს და ჯგუფებს შორის დაპირისპირება იქნება ხელისუფლების ჩამოშლის პირობა.
- საჭიროა თუ არა სამინისტროების ოპტიმიზაცია?
- სამინისტროების ოპტიმიზაცია არ არის გამოსავალი. გამოსავალია პროფესიონალიზმი. 19 სამინისტროს ფორმატში მოხდება ეს თუ ნაკლების, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის პირველი პირი, რომელიც ჩაიბარებს ამა თუ იმ პოზიციას, უნდა იყოს მაქსიმალურად კომპეტენტური და ამა თუ იმ პროფესიული უნარ-ჩვევებვით აღჭურვილი. ასეთ შემთხვევაში გვექნება შედეგი. შედეგზე ორიენტირებულობა ნიშნავს მეტ პროფესიონალიზმს გადაწყვეტილების მიმღებ პირებში და არა სამინისტროების ოპტიმიზაციას. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ქვეყანაში ასეთი ადამიანები არიან და იმედი მაქვს, ეს ადამიანები გადაწყვეტენ, რომ ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. ეს ძალიან გვჭირდება ჩვენ, საზოგადოებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებას.