„27 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის ღამეს აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში საბჭოთა ჯარისკაცებმა დაარბიეს მშვიდობიანი, ჩვენი დამოუკიდებლობის მხარდამჭერი დემონსტრაცია, ქვეყნის მთავარ, რუსთაველის გამზირზე. უიარაღო მოქალაქეები დახოცეს ალესილი მესანგრის ნიჩბებით, ტყვიებით, ქიმიური გაზით, მძიმე ხელკეტებით, ელექტრო შოკით. დაიღუპა 19 ადამიანი, აქედან 16 ქალი, ასობით მოქალაქე დაიჭრა მძიმედ. მსოფლიო შეძრა ამ მოვლენამ, თუმცა სულ მალე პეკინის ტიენმენის მოედნის ტრაგიკულმა მოვლენებმა ყველას დაავიწყა თბილისის ტრაგედია", - ბიზნემსმენმა ლევან ვასაძემ მსოფლიო X საოჯახო კონგრესზე საქართველოს უახლესი ისტორია გაიხსენა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა:
„ბევრი ჩვენგანი მაშინ იმედოვნებდა, რომ ეს სისხლიანი ტრაგედია იქნებოდა ერთგვარი ბოლო თავი დამოუკიდებლობისათვის ჩვენს მრავალწლიან ბრძოლაში. რას ვიფიქრებდით, რომ სამწუხაროდ იგი სინამდვილეში აღმოჩნდებოდა წინასიტყვა მრავალი მომდევნო ტრაგედიისა და უბედურებისათვის.
სამოქალაქო ომები, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია, ტერიტორიის 20%-ს დროებით დაკარგვა, ყოველი მე-8 ჩვენი მოქალაქე ქცეული ეთნიკური გენოციდის მსხვერპლად და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილი და ამის შემდგომ ეგრეთ წოდებული 2003 წლის ვარდების რევოლუცია, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ტერორი დაატეხა თავს ჩვენს მოსახლეობას.
როდესაც თავისუფლების მოსურნე საქართველო უცქერდა დასავლეთს იმედით, იგი დასავლურ კულტურას მიიჩნევდა მოქალაქეების, მათი სიტყვის, მათი აღმსარებლობის და კერძო საკუთრების თავისუფლების შუქურად. და რაოდენ გულის გამაცრუებელი აღმოჩნდა ეს მოლოდინი ჯერჯერობით! ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ დასავლეთისაგან დასპონსორებული 2003 წლის ვარდების რევოლუციის პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც საკუთარი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ციხეში ჩასვა 330 000 ადამიანზე მეტი, მისცა მათ გამამართლებელი განაჩენების გამაოგნებელი 0,1 % თავის სასამართლო სისტემაში.
ჩვენი ზომის ქვეყნისათვის ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის 7,5 % მეტი მოხვდა ციხეში ამ 9 წლის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ ეთნიკური ქართველების 10% -ზე მეტმა გაიარა სატუსაღო, ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ასაკის ქართველი მამაკაცების 35%-ზე მეტი მოხვდა ციხეში ბატონი სააკაშვილის და მისი ამალის წყალობით. და როდესაც საქართველოში ერთდროულ პატიმართა რიცხვმა მიაღწია 31 ათასს, ჩვენმა ქვეყანამ ციხეში მჯდომი მოსახლეობის პროცენტის რეიტინგში გადაინაცვლა მეექვსე ათეულიდან მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით მსოფლიო ლიდერის, აშშ-ის გვერდით".