ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის სამზადისია, თუმცა აშკარად ნაკლებად აქტიურობენ თვითონ საპრეზიდენტო კანდიდატები. ამის მიუხედავად, დაძაბულობა იზრდება, აშკარაა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა პროცესების ესკალაციას მიზანმიმართულად ცდილობს. 10 ნოემბერს ვითარება დაიძაბა რუსთაველის პროსპექტზე, ე.წ. მამების აქციაზე. პოლიციასთან დაპირისპირების მიზეზი ისევ პარლამენტის წინ კარვების გაშლა გახდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს ამჯერადაც
დაპირისპირება მოუხდა პატრულის თანამშრომლებთან. მანამდე კი ის აცხადებდა, რომ მერია მას აქციის გაგრძელების უფლებას არ აძლევდა, რადგან იქ საახალწლო ნაძვის ხის დადგმასა და შესაბამის ღონისძიებას გეგმავს. საბოლოოდ სარალიძეს მიეცა კარვების გაშლის საშუალება. შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, თავდაპირველად პოლიციის ასეთი ქცევის მიზეზი ის იყო, რომ დესტაბილიზაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა დაეცვათ. "დესტაბილიზაციას ქვეყანაში ქმნის შერჩევითი და არაეფექტური მართლმსაჯულება და პოლიციის გამოყენება უკანონო დავალებების შესრულებისთვის", - ასე უპასუხეს გახარიას არასამთავრობო სექტორიდან. სწორედ ამ პროცესზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან:
- ვფიქრობ, ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ხელისუფლების ოპონენტი ძალა კი, "ნაციონალური მოძრაობა", ყველაფერზეა წამსვლელი. მას არ უნდა მიეცეს პროვოკაციისთვის საფუძველი, თორემ ამის გამოყენება როგორ შეუძლია, ვიცით. შეცდომა მგონია, რომ არ მისცეს თავის დროზე კარვების გაშლის საშუალება, თუმცა ისიც ცხადია, რომ საბოლოოდ დაიხიეს უკან.
ხორავას ქუჩის საქმე ძალიან საფრთხილო თემაა და "ქართულ ოცნებაში" უნდა იცოდნენ, რომ დაგროვილ კითხვებზე მაინც მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ არადა, მოუწევთ პასუხის გება.
თუმცა აშკარაა ისიც, ამ საკითხის გამოყენებას როგორ ცდილობენ პოლიტიკურად. პროცესების ესკალაციის გეგმა რომ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და პოსტსაარჩევნოდ აქციებისთვის ემზადება, არც მალავენ. ეს არის ძალა, რომელიც ყველა ხერხს გამოიყენებს ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად. შედეგად, ვხედავთ, რომ ერთი მხარე იბრძვის ხელით, ფეხით, კბილებით, ტყუილით, ცრუბრალდებებით, ძალადობით... მეორე მხარე კი მხოლოდ იგერიებს და ამასობაში უშვებს შეცდომებს, თუმცა გამოსწორებასაც ცდილობს.
ისე, ხელისუფლებაც რომ გადავიდეს ამავე ხერხებზე, ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის განცხადებებს მართლმსაჯულებასა და სხვა პრობლემებზე, კი, პრობლემები არსებობს და ამისთვის ხელისუფლება უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ ახლა ხომ ცხადია, რომ ბრძოლა მიდის არა შეცდომების გამოსასწორებლად, არამედ იმის დასაბრუნებლად, რაც სააკაშვილის მმართველობისას, 9 წლის წინ გვქონდა. ეს უნდათ, ის სტანდარტები სჯობს დღევანდელს?!
ამ კონტექსტში თუ გაიაზრებენ თავიანთ განცხადებებს, იქნებ დაინახონ, რომ დღეს კი აკრიტიკებენ ხელისუფლების შეცდომებს, მაგრამ ამით შეიძლება გზა გაუხსნან პოლიტიკურ ძალას, რომელიც დანაშაულის ჩამდენია.
ვეკითხები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გულში ჩაიხედონ და ისე თქვან, დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს ვინმე ამოაღებინებდა ხმას?! არათუ ამდენს არავინ გააბედვინებდა, არ არის გამორიცხული, მისი ლიკვიდაციაც კი მოეხდინათ. გაიხსენეთ, რა მოხდა ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, როცა ოჯახებს მიცვალებულები არ ატირეს, ან როგორ გაანადგურეს აფრასიძეების ოჯახი სვანეთში... იქნებ კარგად დავინახოთ, რა ძევს დღეს სასწორზე. ასევე ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა რთულ პროცესში ვართ - წინ გვაქვს მეორე ტური და ყველა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ზოგადად, ამაზრზენია იმის ყურება, როგორ ცდილობენ უბედურების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას.
- მეორე ტური, რომლის ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ცოტა უცნაურია, რომ საპარეზიდენტო კანდიდატები მაინცდამაინც არ აქტიურობენ...
- მეორე ტურამდე დროის ათვლა დაიწყო. ამ პირველ ეტაპზე რჩება შთაბეჭდილება, რომ ის სიბინძურე, რაც 28 ოქტომბრამდე იღვრებოდა დაპირისპირებული მხარეებისგან, გამქრალი თუ არა, მნიშვნელოვნადაა შემცირებული. იმედია, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისე „ქართულ ოცნებაში“, დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ტალახის სროლისას მსროლელიც და მსხვერპლიც ზარალდებიან. როგორც ერთს, ისე მეორეს ახლა ამომრჩევლის იმ 50%-ის ხმა სჭირდება, რომელიც 28 ოქტომბერს არ მივიდა არჩევნებზე. არ მივიდა დიდწილად იმიტომ, რომ ძალიან მგრძნობიარეა ამ საარჩევნო ჭუჭყის მიმართ, ამიტომაც ყველა პოლიტიკურ ძალას და კანდიდატს ზურგი შეაქცია. ამან სიფრთხილე გაუღვიძა პოლიტიკურ ძალებს, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყდა მასშტაბური ბინძური კამპანია, თუმცა აგერ საოკუპაციო ხაზთან ვნახეთ, როგორ შეურაცხყო მათმა აქტივისტმა სალომე ზურაბიშვილი. მაგრამ, თუ იმავე სოციალურ ქსელს გადავხედავთ, ამან სალომე ზურაბიშვილი კი არა, „ნაციონალური მოძრაობა“ დააზარალა.
- ცალ-ცალკე განვიხილოთ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებები მას მერე, რაც გაირკვა, რომ მეორე ტური გარდაუვალი იყო. დავიწყოთ მმართველი ძალით და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გასული კვირის მიმართვით, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 28 ოქტომბრამდე მიცემული ინტერვიუებისგან.
- გეთანხმებით, განსხვავება იყო. ის აშკარად გაცილებით კრიტიკული გახდა "ქართული ოცნების" მიმართ. შეიძლება ითქვას, იყო უფრო თვითკრიტიკულიც, თუმცა კრიტიკის ელფერი გასდევდა მის ინტერვიუებსაც, ოღონდ არა დიდი დოზით.
როდესაც ის პოლიტიკაში დაბრუნდა, ამ ნაბიჯის მისეული ახსნის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პარტიის არასწორ ნაბიჯებს უკავშირდებოდა. ეს ითქმის როგორც შიდა პროცესებზე, ასევე ხალხთან ურთიერთობაზე. მოკლედ, მისი დაბრუნება იყო იმის ნიშანი, რომ მას არ მოსწონდა "ქართული ოცნების" საქმიანობა. რა თქმა უნდა, ხედავდა პრობლემებს, უბრალოდ, პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიიჩნია ამაზე 28 ოქტომბრამდე უფრო მწვავედ ლაპარაკი.
ბოლო მიმართვა უფრო მძაფრი იყო, განსაკუთრებით იმ დეტალით, რომ ის საკადრო პოლიტიკის შეცვლას აპირებს, რაც ნიშნავს, რომ ის, ვინც ახლა თანამდებობაზეა, დიდი ალბათობით, შესაძლოა ცოტა ხანში აღარ იყოს. ვფიქრობ, ეს ივანიშვილისთვის სახიფათო განაცხადია, მით უფრო, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნებით ისედაც თითქმის ყველას თავზე დაეკიდა დამოკლეს მახვილი. ვიღაცის თანამდებობა ამან უკვე იმსხვერპლა, ცხადია, სხვებიც დგანან რიგში. რატომ არის ეს სახიფათო? იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა თუ დაინახეს, რომ კარგავენ თანამდებობებს, მოისურვებენ კი არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას?
ივანიშვილი აშკარად და პირდაპირ ვერ დაუპირისპირდება გარემოცვას, მით უფრო, წინასაარჩევნოდ. ყველა ღმერთმა დაიფაროს, მხოლოდ მაგალითისთვის გავიხსენებ ვარაუდს, რომ სტალინი მოწამლეს და მოწამლა სწორედ მისმა გარემოცვამ, იმიტომ, რომ ომის შემდეგ სტალინმა აიკვიატა, პარტიის დომინანტური როლი უნდა მოხსნილიყო და შეცვლილიყო სახელმწიფოს პარტიაზე აწყობის პრინციპით. ის პარტიული ელიტა, რომელსაც ეს ცვლილებები შეეხებოდა, ამის წინააღმდეგი იყო. ამიტომაც სრულიად რეალურია ვარაუდი, რომ ის მართლაც მოწამლეს. პოლიტიკის ისტორიამ უამრავი ანალოგიური მაგალითი იცის - როცა ლიდერი უპირისპირდება გარემოცვას, ეს ძალიან რთულ ვითარებას ქმნის და ლიდერს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ თავისი გაიტანოს.
- ბოლო დროს ხელისუფლებამ არაერთი ინიციატივა გაახმაურა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, თავად ბიძინა ივანიშვილი კი დაგვპირდა, რომ ერთ წელიწადში გაასწორებს მართვის ყველა ხარვეზს და დასძინა, თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე შტომ არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგო.
- ვფიქრობ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე რეალურად ფიქრის, გაანალიზებისა და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის მეტი „ქართულ ოცნებას“ არაფერი დარჩენია, თუ არ უნდა, რომ 2020 წლის არჩევნებზე წამოეწიოს ეს შეუსრულებელი დაპირებები და დამარცხდეს.
აქვე აუცილებლად უნდა შევეხო ერთ თემასაც - მარტო საქმის კეთებაში არ არის პრობლემა და გეტყვით, რასაც ვგულისხმობ. ამ ორიოდე დღის წინ შემთხვევით შევიტყვე, რომ თუ არ ვცდები, 2013 წლიდან მოყოლებული განათლების სამინისტრო აფინანსებს საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხოვრები სტუდენტების სწავლას. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით ბევრმა არ იცის ეს ამბავი, ისევე როგორც არაერთი სხვა კარგი საქმე. გაკეთებულ საქმეს ლაპარაკიც სჭირდება. რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია, მუდმივად ვამბობ, რომ პიარის პრობლემა აქვს. თუ არ ეცოდინება მოსახლეობას, რას აკეთებ, სულ უკმაყოფილო იქნება. რომც არ კეთდებოდეს, რეალურად მძიმე ვითარება იყოს, ამასაც მოვლა უნდა. უნდა შეგეძლოს ამის სწორად ახსნა, საზოგადოებამდე მიზეზების ისე მიტანა, რომ ის შენი მოკავშირე გახდეს პრობლემების დასაძლევად და არა ოპონენტი და მტერი.
ფარცხალაძის საკითხი ავიღოთ. მხოლოდ მეორე ტურის გამო რომ მოხერხდა მისთვის ბრალის წაყენება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ გასაოცარი ის არის, მაინც რა გავლენის და ძალის პატრონია ფარცხალაძე, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, ლამის მზად არის მას ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება შესწიროს.
მისთვის შეფარდებული გირაოს ოდენობა, 5.000 ლარი, ნამდვილად არ ტოვებს სერიოზული სასჯელისა და იმის შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ფარცხალაძისგან, როგორც არაფორმალური ჯგუფების გავლენის სიმბოლოსგან, გათავისუფლებას აპირებს. ეს იყო, ჩემი აზრით, ძალიან უხარისხო ფასადური ნაბიჯი და სამწუხაროდ, ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ შექმნილ ვითარებას მთლად ადეკვატურად კიდევ ვერ აღიქვამს, ან არ უნდა, რომ აღიქვას.
- რას იტყვით 7 ნოემბერს გამართულ აქციებზე, სადაც, ერთი მხრივ, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს, მეორე მხრივ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე... ოპონენტების თქმით, ამ აქციებში ხელისუფლების ხელი ერია. რამდენად სწორია მმართველი ძალა, რომელსაც არაერთი ბერკეტი აქვს, საზოგადოების ქუჩაში გასვლას უწყობდეს ხელს?
- მეეჭვება, ამაში „ქართულ ოცნებას“ არსებითი როლი ეთამაშა. ჩემი აზრით, 7 ნოემბერს არჩევნების პირველი ტურის შედეგით ნაკარნახევმა ნეგატიურმა პერსპექტივამ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში და არა ხელისუფლების მხარდაჭერის სურვილმა.
ეს იყო პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. მოვისმინეთ განცხადებები, რომლებშიც პირდაპირ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ შეცდომების წყალობით გაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების საფრთხე. ეს პირდაპირი მნიშვნელობით საფრთხეა კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევენ თავს. ამ აქციებში იკითხებოდა ასეთი შინაარსი - „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი რამ ვერ გააკეთა, მეტიც, გააფუჭა, მაგრამ ახლა პასუხი უნდა გაეცეს ჯერ „ნაციონალურ მოძრაობას“, მერე კი ამ ყველაფერზე პასუხი „ქართულ ოცნებას“ მოვთხოვოთო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იქ შეკრებილი ხალხი უფრო მესამე ძალად შეიძლება ჩამოყალიბდეს თუ პოლიტიკურ არეალში რეალური ახალი ლიდერი გაჩნდება.
- თუ „ქართული ოცნება“ მეორე ტურის წინ აქტიურობას სოციალურ-პოლიტიკური თემების წამოჭრით ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ძალიან აქტიურობენ საერთაშორისო ასპარეზზეც, გარდა „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობისა, სადაც გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ შერიგდნენ, ჩვენ ლამის ყოველდღე ვისმენთ ექსპრეზიდენტის განცხადებებს მსოფლიოს წამყვან გამოცემებში, სადაც ამტკიცებს, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პროგრესული ძალა და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა მხოლოდ მას შეუძლია.
- უპირველესად ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ეს აფიშირებული შერიგება შეცდომა იყო მომავლისთვისაც და კონკრეტულად ამ არჩევნებშიც და ვაშაძეს ბევრს არაფერს შესძენს. „ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიდან გამოყოლილი ელექტორატის გარდა, ამომრჩევლის გარკვეული კატეგორიის ყურადღება მიიპყრო, როგორც „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელმა ძალამ და ეს ელექტორატი არასდროს ყოფილა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი. ეს არის უფრო მესამე ცენტრის ჩამოყალიბების მოსურნე ელექტორატი, რომელსაც არც „ნაციონალები“ უნდოდა და არც „მეოცნებეები“... მათ ასეთ მესამე ძალად „ევროპული საქართველო“ დაიგულეს და ახლა ძალიან იმედგაცრუებული არიან. ძალიან ბევრმა სწორედ ამგვარ პოზიციაზე მყოფმა მოქალაქემ მისცა დავით ბაქრაძეს ხმა, მით უფრო, რომ ეს უკანასკნელი ზომიერ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება. სააკაშვილთან ჩახუტებით „ევროპულმა საქართველომ“ სწორედ ის ელექტორატი დაკარგა, რომელიც ამდენი წვალებით მოიპოვა. ამიტომ, ალბათ, ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევს.
- არაერთხელ გაისმა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე განცხადებები. თქვენი აზრით, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ერთი თუ მეორე კანდიდატის გამარჯვებას?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ გაბრაზებული, უკვე გაბრაზებულია „ქართულ ოცნებაზეც“, რადგან ფიქრობს, რომ სამართლიანობა მათი მიზეზით არ აღდგა. ამიტომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოზიცია მათთვის არაფრისმთქმელი იქნება - ანუ რასაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაემორჩილნენ, რის გამოც მეტ-ნაკლებად მიიღეს კოაბიტაცია და ა.შ.
თუ საზოგადოების ნაწილმა დაინახა, რომ გაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებისა და დაბრუნების შანსი, არ არის გამორიცხული, თავის ჭკუაზე მოქმედება გადაწყვიტოს. შესაბამისად, ანგარიშსწორებისა და არეულობის საფრთხე არსებობს, მაგრამ არ ველი მასშტაბურ პროცესებს.
მეორე მხრივაც არის პრობლემა - „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ამბობს, რომ თუ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, გაყალბების მოტივით დაიწყებს პროცესებს ქუჩაში. ესეც სახიფათო სცენარია, რადგან ერთი მხარე თუ გავიდა ქუჩაში, მეორეც აუცილებლად გავა, რაც დაპირისპირების საფრთხეს გაზრდის, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, „ნაციონალების“ პრეტენზიას გაყალბების თაობაზე არ ექნება საზოგადოებაში ის გამოხმაურება, რაც 2003 წელს ჰქონდა. იმჟამად ეს მოტივი აიტაცა საზოგადოებამ, თუმცა შევარდნაძის ხელისუფლების მიუღებლობას გაცილებით მეტი და დიდი მიზეზები ჰქონდა. როგორც წესი, არჩევნების გაყალბებაზე დიდი ემოციები ქართველებს არა აქვთ. დღეს საზოგადოებაში ნამდვილად არ არის განწყობა, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობით“ შევცვალოთო.
სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის აქტიურობა სწორედ დაგეგმილ აქციებზე საერთაშორისო მხარდაჭერისთვისაც შეიძლება იყოს გათვლილი. მათ აქვთ გამოცდილება, რომ რევოლუციისას გვერდით დაიყენონ უცხოელები, მაგრამ 2003 წელს აშშ-ს ჰქონდა სურვილი და გეგმაც, ხელი შეეწყო „ხავერდოვანი“ რევოლუციებისთვის, დღეს ამგვარი ინტერესი დასავლეთს არა აქვს, ამისთვის არც სცალია, თავისი გასჭირვებია.
„ქართული ოცნებისთვის“ ვაშაძის გამარჯვება უპირველესად იმიტომაა საფრთხე, რომ თუ ძალა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაინახეს, „ქართულ ოცნებაში“ გადაპორტირებულებიდან ბევრი უკან გადაპორტირდება და მეტიც, ძალიან ბევრი ახალი პორტირებულიც შეიძლება გაჩნდეს. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა დაეშალოს კიდეც საპარლამენტო უმრავლესობა, ხომ კარგად ვიცით, მისი ნაწილი იქ პრინციპების გამო არ არის...
- გასულ კვირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან საფორტიფიკაციო ნაგებობების დამონტაჟება განაახლეს. როგორც წესი, ამის დროდადრო განახლებას ოკუპანტები მიზანმიმართულად, პროცესების დაძაბვისთვის ცდილობენ ხოლმე. როგორ ფიქრობთ, რუსეთი საარჩევნოდ ისედაც დაძაბული ვითარების უფრო გართულებას ცდილობს?
- ოკუპანტების ეს ხრიკი უკვე ვისწავლეთ, როცა რაღაც მიზნისთვის ახსენდებათ საოკუპაციო ხაზის შემოღობვა. თითქოს პირდაპირ იზოგავენ ამ გამოგონილ საზღვარს. ამით, რა თქმა უნდა, რუსეთი მუდმივად უჩხიკინებს ქართულ პოლიტიკურ პროცესებს და რაღაც შეტყობინებებს გზავნის. მოგეხსენებათ, წინასაარჩევნოდ ფართოდ გაიშალა რუსული თემა, ამის ძირითადი ინიციატორი კი "ნაციონალური მოძრაობა" იყო, მან დაიხვია სწორედ ხელზე ზურაბიშვილის ფრაზა ომის დაწყებაზე და პიარელემენტად ატრიალა. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ ვინ დაიწყო ამ თემით სპეკულირება, რუსეთის ქცევა შესაძლოა სწორედ "ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს. საკითხს ასე წარმოაჩენენ - აი, რეალური საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მოდის, და ამ დროს შეიძლება პრეზიდენტად აირჩიოთ ქალი, რომელიც გაიძახის, ომი ჩვენ დავიწყეთო. ეს მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება.