„რეგულაციები საბანკო სექტორში აუცილებელია, თუმცა, შესაძლებელია მათი გადავადება“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით ,ეროვნული ბანკის მიერ ახალი რეგულაციების შემოღება უკავშირდება ჭარბვალიანობის პრობლემას, რომელიც საფინანსო სექტორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„ჩემი პოზიციაა, რომ ყველა მსესხებელი სესხს უნდა მოემსახუროს თავისი შემოსავლებით, თავისი ლიკვიდური აქტივებით და ამ მომსახურებისთვის არ მოუწიოს უკანასკნელი საცხოვრებლის გაყიდვა. ამავე დროს, აუცილებელია, რომ კრედიტი აიღოს იმ ვალუტაში, რაშიც შემოსავალი აქვს, რათა სვალუტო რისკი არ დადგეს“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ახალი რეგულაციები საბანკო სექტორისთვის ძალაში 15 ნოემბერს შედის, ხოლო არასაბანკოსთვის კი - 2019 წლის 1-ლ იანვარს, რაც საფინანსო ინსტიტუტებს განსაკუთრებით აღელვებთ.
„ვადის საკითხი ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია. ის დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. პარლამენტი, განსაკუთრებით, ჩვენი კომიტეტი მის დამოუკიდებლობას განსაკუთრებით უფრთხილდება. თუმცა, ჩემი, როგორც პრაქტიკოსი ბანკირის, პერსონალური მოსაზრებაა, რომ შესაძლებელია, ეს ვადა არასაბანკო და საბანკო სექტორისთვისაც პირველი იანვრით განისაზღვროს. შესაბამისად, უფრო მეტი დრო ექნებათ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს, კოეფიციენტებზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნა კოვზანაძემ.