„BBC"-ის ცნობით, კანადის ხელისუფლებამ 12 ათას მუშას ნავთობმომპოვებელი საწარმოების დატოვება სთხოვა. სასწრაფო ევაკუაციის მიზეზი ქალაქ ფორტ-მაკ-მიურეიში გავრცელებული ხანძარია. ხელისუფლების მოთხოვნით ქალაქთან ახლოს მდებარე საწარმოები 4 ათასმა მუშამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს, საწარმოს 8 ათასმა თანამშრომელმა კი გამაფრთხილებელი წერილი გუშინ საღამოს გვიან ღამით მიიღო.
სახანძრო სამსახურებმა ცეცხლის კერების ლოკალიზება დროებით შეძლეს, თუმცა მიმდინარე კვირას ხანძარმა ძალა ისევ მოიკრიბა. ოფიციალური პირების მონაცემებით, ცეცხლი 30-40 მეტრ/წუთის სისწრაფით ვრცელდება და ნავთობმომპოვებელ საწარმოებს უახლოვდება. ის ამ დროისთვის 2 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს ფარავს.
ალბერტას პროვინციის გამგებლის განმარტებით, ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა აეროპორტი მზად არის მუშაობისთვის.
კანადის პროვინცია ალბერტაში ხანძარი მაისის დასაწყისში გაჩნდა. ფორტ-მაკ-მიურეი ცეცხლის გაჩენის მომენტიდან 80 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა, 2400 შენობა სრულად განადგურდა.