ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირზე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. საქმე იმაშია, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში „როსტოვმა" საკუთარ მოედანზე „ურალი" მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა, „ზენიტმა" კი „ლოკომოტივთან" ფრე - 1:1 ითამაშა. შედეგად ნიკა კაჭარავას „როსტოვმა" სანკტ-პეტერბურგელებს 4 ქულით გაასწრეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს.
მიუხედავად იმისა, რომ კაჭარავას „ურალთან" მატჩში არ უთამაშია, „როსტოვის" ხელმძღვანელობა ქართველ ფორვარდზე დიდ იმედებს ამყარებს. 22 წლის ნიკა კაჭარავა, რომელიც ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია (სიმაღლე: 1,98 სმ), ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კახაბერ კაჭარავას შვილია და მამის მიერ გაწვრთნილ „ცხინვალში" საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობდა. ახალგაზრდა ფორვარდი სხვადასხვა დროს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა, ეროვნული ნაკრების რიგებში კი აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ კაჭარავას „როსტოვი" რუსეთის პერმიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩემპიონობის შანსებს კვლავ ინარჩუნებს. ამისთვის მათ ბოლო ტურში, გასვლით მატჩში „ტერეკის" დამარცხება მოუწევთ, ამასთანავე, პირველადგილოსანმა მოსკოვის „ცსკა"-მ გასვლაზე „რუბინთან" მარცხი უნდა იგემოს.