საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს:
პატივცემულო ბატონო გიორგი,
თქვენი ყურადღება გვინდა, მივაპყროთ ჩვენი საზოგადოებრიობისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მომავალს უკავშირდება. საუბარი ეხება საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის ინიციატორია პარლამენტის წევრი და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აკადემიკოსი ი. კიღურაძე. კანონპროექტი მომზადდა აკადემიის წევრებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდის ავლით, მათი მოსაზრებების სრული უგულებელყოფით. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ძირითადი ნაწილი ან მოქმედ კანონს ეწინააღმდეგება, ან არღვევს პიროვნების ფუნდამენტურ უფლებებს და აუარესებს აკადემიის ნორმალური ფუნქციონირების პირობებსა და განვითარების პერსპექტივას.
კანონპროექტით გათვალისწინებულია აკადემიის მიერ ხუთწლიანი სტიპენდიების დაწესება და წევრ-კორესპონდენტთა ეტაპობრივი ჩანაცვლება სტიპენდიანტებით. ასეთი ჩანაცვლება სრულიად არაფრის მომცემია აკადემიის განვითარების თვალსაზრისით. ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიამ თავისი მოსაზრება გამოხატა აკადემიის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების პროექტში, რომელიც ორი წლის წინ წარადგინა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შემდგომი მსვლელობისათვის. ის ითვალისწინებს წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტის აღდგენას და, ამავე დროს, ცალკე სტიპენდიატის ინსტიტუტის შემოღებას 35 წლამდე ასაკის მკვლევართათვის. ჩვენი აზრით, წევრ-კორესპონდენტების ჩანაცვლება მოკლევადიანი სტიპენდიატებით ვერ შეაჩერებს პროცესს, რომელსაც აკადემია მილევად ვითარებამდე მიჰყავს (თუ აკადემია მოქმედი კანონის მიღებამდე 110 წევრისაგან შედგებოდა, წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტის აღდგენის გარეშე 70-მდე შემცირდება).
კანონპროექტის მიხედვით, აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომლის ასაკი აღემატება 70 წელს, რაც, ასევე მიუღებელია. ჯერ ერთი, საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს ანალოგიური დაწესებულებების არჩევით თანამდებობებზე (მათ შორის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის) კანდიდატების ასაკობრივ ზღვარს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აკადემიის წევრობის მაღალი სტანდარტი ბუნებრივად განაპირობებს აკადემიკოსთა კორპუსის შედარებით მაღალ საშუალო ასაკს. აკადემიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი კი აირჩევა მხოლოდ აკადემიკოსთა რიგებიდან, ამიტომ სავსებით გასაგებია, რომ ამ თანამდებობებზე ასარჩევ პირთა წრეც შეზღუდულია. აკად. ი. კიღურაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი კიდევ უფრო, ამჯერად, უკვე ხელოვნურად, ავიწროებს აღნიშნულ წრეს. თუ ამ კანონპროექტით ვიხელმძღვანელებთ, თუნდაც მოცემულ მომენტში, 63 წევრიდან არჩევანი უნდა გაკეთდეს 9 წევრს შორის, დანარჩენი 54 აკადემიკოსი რჩება პასიურ ამომრჩევლად, რაც მიუღებელი ასაკობრივი დისკრიმინაციაა.
კანონპროექტის მიხედვით აკადემიას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ვიცე-პრეზიდენტი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება აკადემიის შესახებ მოქმედი კანონის ერთ-ერთ მუხლს (თავი II, მუხლი მე-3, პუნქტი მე-3), რომლის თანახმად „აკადემია თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც განსაზღვრავს თავის სტრუქტურას, წყვეტს აკადემიის სამეცნიერო-საორგანიზაციო, საკადრო, ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს". მოქმედი კანონით აკადემიისთვის მინიჭებულ ამ უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს კანონპროექტის აღნიშნული მუხლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ცვლილების პროექტი არ არის სათანადოდ გააზრებული და უსათუოდ საჭიროებს შემდგომ გადამუშავებას.
აშკარაა, რომ კანონპროექტის ამ სახით მიღება უნაყოფოა! ამიტომ მიზანშეწონილია აკადემიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფართო საზოგადოების მონაწილეობით შეიქმნას ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს აკადემიის კანონში ცვლილებების პროექტს.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს არ არის იმის გადაუდებელი აუცილებლობა, აღნიშნული კანონპროექტი ასე სახელდახელოდ გატანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამის სრულ საფუძველს გვაძლევს აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა მისი წევრების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და დასახელებული კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს მიიჩნევს დაუსაბუთებლად.
პატივისცემით
აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია;
აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი;
აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე;
აკადემიკოსი გივი ცინცაძე;
აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე;
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი მარლენ გორდეზიანი;
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გურამ ლორთქიფანიძე;
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი კიაზო ფიცხელაური;
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რამაზ ხუროძე.