დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად „კომერსანტი“ კომპანია „პოზიტივის“ დირექტორს და სარეაბილიტაციო ცენტრის მთავარ არქიტექტორს მალხაზ ჯეირანაშვილს დაუკავშირდა. ჯეირანაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მშენებლობის ზუსტი ხარჯები ჯერჯერობით უცნობია.
„რამდენიმე მილიონზე საუბარი, არანაკლებ სამი მილიონი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ხარჯები გაიზარდოს, რადგან შეიძლება მონაწილეობა სარეაბილიტაციო ცენტრის აღჭურვილობაშიც მივიღოთ, ამიტომ ზუსტ თანხას ვერ გისახელებთ“, -განაცხადა მალხაზ ჯეირანაშვილმა.
ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო. როგორც არქიტექტორი ამბობს, თუ ამინდმა პროცესს ხელი არ შეუშალა, მშენებლობა 2019 წლის მაისში დასრულდება.
„ამ მოკლე პერიოდში სამი სართული უკვე აშენებულია. ჩვენი გათვლებით, პროექტი მაისის ბოლოს უნდა დავასრულოთ. როგორც გვითხრეს, ზამთარში ტემპერატურა ეცემა, ამან შეიძლება გაართულოს მშენებლობის პროცესი“.
აბასთუმნის რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დაბას პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა. დასასვენებლად ჩასულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაკვირვება გამოთქვა კურორტი ასეთი გაპარტახებული რომ დახვდა და ადგილობრივებს მისი აღმშენებლობის პირობა მისცა.
აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის სახელს მხოლოდ ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა არ უკავშირდება. თანაინვესტირების ფონდი უახლოეს მომავალში დაბაში სასტუმროს ააშენებს.
როგორც მალხაზ ჯეირანაშვილმა, რომელიც პანორამა თბილისის მთავარი არქიტექტორია, აღნიშნა, „ფონდ ქართუ“-ს აბასთუმანში დაწყებული აქვს მუშაობა წყლის სისტემის მშენებლობაზეც, რაზეც რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი.
როგორც ცნობილია, აბასთუმანში უკვე დაწყებულია განადგურების პირას მისული მე-18, მე-19 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია და მათი პირვანდელი იერსახით აღდგენა. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია, ღირებულება კი დაახლოებით 3.7 მილიონი ლარია.