პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დააპატიმრონ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ რელიგიური სიმბოლოების შეურაცხმყოფელი პირები.
„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას. დააპატიმრეთ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცით ჩვენი რელიგიური სიმბოლოების შეურაცხმყოფელი პირები. გამოიყენეთ კანონით მონიჭებული უფლება, არავითარ შემთხვევაში არაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საპატრიარქოს კედლების შეღებვა უხამსი სიმბოლიკით. ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული. ნებისმიერ ქვეყანაში უმკაცრესად ისჯება რელიგიური შენობის შეურაცხყოფა. თბილისში ჩადენილ იქნა გაუგონარი სახის უხამსი დანაშაული, როდესაც შეურაცხყვეს საქართველოს საპატრიარქო. ამიტომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უნდა გადაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული და ეს ავაზაკები უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. 300-ლარიანი ჯარიმა იქნება დანაშაულის დაფარვა, აუცილებელია, პატიმრობა შეეფარდოს იმ არაადამიანებს, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ საქართველოს. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში პატიმრობით ისჯება მაგ. სვასტიკის მიხატვა სინაგოგაზე, მეჩეთის შეურაცხყოფა, ტაძარზე უხამსობის მიწერა და ა.შ. ათეისტ რადიკალები, რომლებიც ასეთი ტიპის დანაშაულს სჩადიან, არ იმსახურებენ არანაირ ლმობიერებას. მოგიწოდებთ, სასწრაფოდ აღძრათ სისხლის სამართლის საქმე და მოითხოვოთ დამნაშავეთა პატიმრობა!" - წერს სანდრო ბრეგაძე „facebook"-გვერდზე.