მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პირველი არხი საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ირაკლი ჩიქოვანს ესაუბრა.
– საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ თითქმის ყველა პარტიამ გამოკვეთა თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ. ბევრი ის ადამიანი, რომლებთან ერთადაც თავის დროზე კოალიციაში იყავით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკშიც აღმოჩნდა; გარდა ამისა, გაისმა მოწოდება სწორედ ამ კოალიციის, ე.წ. ძველი გვარდიის მისამართითაც. ამ მიმართვის შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატების“ ასევე ყოფილმა წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, იყოს ქვეყნის სამსახურში. სად ხართ თქვენ?
– თავის დროზე პოლიტიკაში იმ მიზეზით წავედი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილი და მიდგომები ჩემთვის მიუღებელი იყო. ჩემთვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელია დღეს არსებული შეცდომები და პრობლემები, რასაც „ქართული ოცნება“ არ უარყოფს. თუმცა ცხადად ვხედავ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, დაიწყოს ცვლილებების პროცესი, გამოწვევები იქნეს გააზრებული და შემდგომი ნაბიჯები იყოს უფრო თანმიმდევრული და ქვეყნის განვითარების შედეგები უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი.
– ქვეყანაში აქტიური წინასაარჩევნო პროცესია. თქვენ როგორ შეაფასებდით საარჩევნო გარემოს?
– საარჩევნო გარემო, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, აბსოლუტურად მიუღებელია. ანტაგონიზმი, რომელსაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ქვედანაყოფები თესავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი. დაპირისპირების და არა პოლიტიკური ოპონირების რეჟიმი, საზოგადოების დაყოფა მომხრეებად და მტრებად, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ აგებს მის საარჩევნო კამპანიას, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა რეალობას გვთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ მომავლისათვის. უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადეკვატური საარჩევნო რეჟიმი დამყარდეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალდებულებაა მშვიდი საარჩევნო გარემო, თუმცა ოპოზიციის უპასუხისმგებლო განცხადებები და სიძულვილის ენით აღსავსე კამპანიები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარების შესაძლებლობას. ასევე, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ჩრდილს აყენებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროგრესს, ვგულისხმობ გუშინ ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. დღეს უკვე ნათელია რევანშიზმის საფრთხე და ამაზე განცხადებებიც გაკეთდა, გასაგებია, რომ იყო შეცდომები, თუმცა ეს „ნაციონალური მოძრაობისთვის” დამახასიათებელი ძალადობის მობრუნების შესაძლებლობად არ უნდა იქცეს.
– საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთდა განცხადება – მათ მიიღეს ამომრჩევლის გზავნილი, რომ ქვეყანაში ბევრი რამ არის შესაცვლელი; როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს „ქართულ ოცნებას“ რეალური ცვლილებების რესურსი?
– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო შეცდომები, როგორც ნებისმიერ ხელისუფლებას შეიძლება ჰქონოდა, და კარგია, რომ შეცდომების სწორი შეფასება ხდება. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ნება, რათა ეს ყველაფერი გამოსწორდეს. ამას შესაძლებლად მივიჩნევ იმ ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებთან ერთადაც გამოვიარე რამდენიმე არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გვქონდა ერთმანეთთან ოპონირება. ვიტყვი იმასაც, რომ ეს ოპონირება მიმართული იყო ქვეყნის უკეთესი განვითარებისათვის, ოპონირება ყოფილა მწვავეც, თუმცა არასდროს ზღვარგადასული. მივიჩნევ, რომ ცვლილებების შესაძლებლობა არსებობს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს.
– დღეს შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობაა; ყოფილი სამხედროები აკეთებენ სხვადასხვა სახის განცხადებებს; როგორ ფიქრობთ, რამდენად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს ეს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის?
– პირველ რიგში უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო შეიარაღებული ძალების მოქმედი თუ გადამდგარი ოფიცრების მიმართ; აქტიური თუ რეზერვის რიგითები მიმართ; მათ ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, შეიარაღებული ძალები ყოველთვის იყო აპოლიტიკური. კერძო პირებს აქვთ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური პოზიციები, თუმცა ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური ძალებისა და მედიასაშუალებების მანიპულირების საგანი. მსოფლიოში, არსებობს პრაქტიკა როდესაც ყოფილი სამხედროები პოლიტიკაში მიდიან, ისინი აკეთებენ განცხადებებს, თუმცა ეს არასდროს არ არის აღქმული როგორც შეიარაღებული ძალების ან მათი ნაწილის პოზიცია. პოლიტიკური ფონი, რომელიც გაჯერებულია სიძულვილის ენით გამსჭვალული ფრაზებით, ეპითეტებით და შექმნილია პოლიტიკური ისტერია, ამ ყველაფერთან შეიარაღებული ძალების რაიმე ფორმით ასოცირება არის მიუღებელი და მაღალი რისკების მატარებელი.
– როგორ შეაფასებდით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას?
– ვთვლი, რომ ევროკავშირში გამართული დებატები, გაკეთებული განცხადებები და მიღებული რეზოლუცია ყველასათვის პოზიტიური მოვლენაა. საქართველოს მიერ მიღწეულმა შედეგებმა უპრეცედენტოდ დადებითი შეფასება მიიღო, პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს უპირობო მხარდაჭერა აქვს. ნათელია, რომ საქართველომ ამ წლების განმავლობაში სერიოზული პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის მიმართულებით და ეს შეუმჩნეველი არ რჩება. რა თქმა უნდა, რეზოლუცია მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომელზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო და რასაც პოლიტიკური ძალების ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება. ამ ვითარებაში კიდევ ერთხელ მიუღებლად მიმაჩნია პოლიტიკური პროცესების ანტაგონისტური მიმდინარეობა, ასევე არასწორად მიმაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ევროპარლამენტარების დისკრედიტაცია, რომელიც მათთვის არასასურველ განცხადებებს აკეთებენ. დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირება, დებატები შეურაცხმყოფელი და დაპირისპირების ხასიათი იქონიოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.