logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: უკვე ბევრს ღალატობს ნერვები...
- +

20 თებერვალი. 2016. 18:15



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „მრეწველებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის არსებულ დაპირისპირებასა და ზოგადად, კოალიციაში მიმდინარე პროცესებს „რეპორტიორთან" ინტერვიუში განიხილავს:


- ძალიან გაიხარა ოპოზიციამ. "ნაციონალური მოძრაობა" ნეტარებაში იყო ჩავარდნილი... მაგრამ ეს არ იყო ისეთი მოვლენა, რომელმაც კოალიციის პერსპექტივა უნდა შეაჩეროს. რა თქმა უნდა, უსიამოვნო ინციდენტია, აშკარად არასაჭირო, მაგრამ ეს არის პიროვნული დაპირისპირება და არა პარტიათა შორის შუღლი, რომელმაც შეიძლება რაღაც გარკვეული ზარალი მოიტანოს.


ორივე მხარეს ვურჩევდი, რომ დასვან წერტილი, დამთავრდეს ეს ამბავი. თუ რამეა, მოხდეს კოალიციურ რეჟიმში ამის განხლვა, უფრო საქმიანად, თორემ, ეს მართლაც იცვლის სახეს და სულ სხვა ჟანრში გადავა. მერე, ალბათ, ძალიან ბევრისთვის სასეირო მდგომარეობა იქნება. ზოგჯერ ვერ ხვდებიან ეს რესპონდენტებიც, რომ სეირის გმირები გამოდიან და არა რაღაც სერიოზული საქმის მსჯელობის ავტორები. არჩევნების ფინიშთან მივდივართ. უკვე ბევრს ღალატობს ნერვები... იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაწყნარდება. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, „ქართული ოცნება" კოალიციურ რეჟიმში გავა არჩევნებზე თუ პარტიულ რეჟიმში, უმრავლესობას მოიპოვებს.


- პოლიტსაბჭოს სხდომაზე შესაძლებელია თუ არა, რომ „მრეწველების" ან „რესპუბლიკელების" კოალიციიდან გარიცხვის საკითხი დადგეს?


- არა მგონია, ვინაიდან ეს არის პიროვნული დავა.


- ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს...


- ქალბატონ ელისოს პრობლემები აქვს ტყიბულში, მეშახტეებთან დაკავშირებით. მაგრამ, თუ არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს, ესეც მისი სურვილია. მაგრამ, ჩვენ ჯერ არ ვიცით ვინ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას. ეს ყველაფერი აუცილეობლობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს და არა მხოლოდ სურვილის მიხედვით. ვფიქრობ, რომ ასეთ საუბრებს ჩვენი ამომრჩეველი ვერ აიტანს. მეტი თავშეკავებისკენ მოვუწოდებდი ჩემს მეგობრებს.


- თქვენს კანდიდატურაზე რას იტყვით?


- აბსოლუტურად მშვიდად ვარ ამ საკითხში და არ ვნერვიულობ. თუ შევატყე, რომ ამ კონფიგურაციაში საჭირო ვიქნები, უკან არ დავიხევ. მაგრამ, ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს.


- სანდრო ბრეგაძემ დატოვა თანამდებობა. მან წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა. თქვენი აზრი როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაეტოვებინა თუ არა ბრეგაძეს თანამდებობა?


- გადადგომის ის მიზეზი, რაც სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, მიზეზად არ მიმაჩნია. მგონი, მან იჩქარა. თუ საუბარია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე, ეს საქართველოში ამ საუკუნეში ნამდვილად არ მოხდება. ამიტომ არ ღირს აქ თავგანწირვის გამოჩენა, რომ კოცონზე დავიწვებით და ვენებს გადავიჭრით. ყველა რომ დამშვიდდეს, უნდა შევიდეს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება და ჩვენ მზად გვაქვს ეს ინიციატივა. შევიტანთ და სამოქალაქო კოდექსში ჩაწერილ ნორმას ავიტანთ კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ერთობა.

 

- სამინისტროების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?


- ეს არის ქადაგიძის პოპულისტური იდეა. წასვლისას რაღაც სიტყვა დატოვა. ამაზე დიდი ხანია მსჯელობა მიმდინარეობს და არაფერი ნოვატორული აქ არ არის. არის ჩვენზე გაცილებით განვითარებული ქვეყნები, სადაც ჩვენზე ცოტა სამინისტრო აქვთ. თუმცა, ასე ხელაღებითაც არ შეიძლება რაღაცეების კეთება. ხელაღებით ქმნიდნენ „ნაციონალების" დროს სამინისტროებს, რომელიმე კონკრეტული პირის მინისტრად დასასაქმებლად. კარგად არის ეს საკითხი ასაწონი და გამორიცხული არაა, შემცირება მოხდეს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს ალბათ ვერ მოესწრება. იდეაში, ვფიქრობ, მომავალი პარლამენტი ამ საკითხს დააყენებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner