logo_geo
eng_logo
პოლიტიკური პროსტიტუცია ქართულად და ღალატის ფასი
- +

15 ნოემბერი. 2018. 22:02

 

 

ბოლო ათი წლის განმავლობაში მთელი საქართველო ერთხმად გაიძახოდა - სააკაშვილი და მისი ხელისუფლება უმკაცრესად უნდა დაისაჯონ როგორც სამშობლოს მოღალატეები, რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მიზნობრივი გადაცემისთვისო... და რა ხდება, რა შეიცვალა დღეს, როცა სალომე ზურაბიშვილმა სცადა დაეკონკრეტებინა, თუ რაში გამოიხატებოდა ეს ღალატი? 

 

შავი პიარის და თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება და ამ საქმეში მთელი ქვეყნის „ბნელეთის მოციქულები“ საოცარ ერთსულოვნებას ავლენენ. ზოგი პროცესი მართვადია, ზოგიც სტიქიური, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ორგანულია ნეგატივზე მომართული მანქანის თითოეული ჭანჭიკისთვის, რომ „ჰარმონიის“ მიღწევა ყოველთვის ხერხდება.

 

ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, კვლავინდებურად ორი პოლიტიკური სუბიექტი იკვეთება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინტერესების გამოხატვას თითქოს მარტივად უნდა ერქმეოდეს ხოლმე თავისი სახელი, რადგან საზოგადოების მენტალური გახლეჩის, ან უფრო ზუსტად - სამოქალაქო „ზნეობრივი ომის“ პირობებში ნეიტრალურები, უბრალოდ, არ არსებობენ, მაგრამ...

 

სიტყვა „თითქოს“, რასაკვირველია, შემთხვევით არ ჩამისვამს წინადადების გულში. სახელის დარქმევას, ხშირ შემთხვევაში, ხელს ერთი გარემოება უშლის: არსებობს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც შინაგანად არ არის „ნაცების“ მომხრე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო (პირადი ინტერესი, სნობური თავმოყვარეობა, პოლიტიკური სიბეცე და სხვა.., ან უბრალოდ - შური და ბოღმა), სწორედ „ნაცების“ საქმეს აკეთებს.

 

არის კიდევ ერთი, არცთუ მცირერიცხოვანი ჯგუფი (ე.წ. ერთკაციანი პარტიები, გრანტიანი „ენჯეოები“, „ექსპერტები“, პრონაცურ მედიაში გადანაწილებული „ჟურნალისტების“ მთელი არმია და სხვ.) რომლისთვისაც „იქ დგომას“ გარკვეული სარგებელი მოაქვს და წინა აბზაცში ჩამოთვლილი სუბიექტებისგან განსხვავებით, შეგნებულად მავნებლობენ, ანუ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროსტიტუციასთან გვაქვს საქმე.

 

„ნეგატივი მოდაშიაო“ - ამაზე საუბრობს ყველა, პოლიტიკური ელიტით დაწყებული და რიგითი „ობივატელით“ დამთავრებული. შეფასების ქვეტექსტში იკითხება ის უზარმაზარი ზიანი, რაც ქვეყნისთვის საზოგადოების განწყობაზე მუდმივ უარყოფით ფსიქოლოგიურ წნეხს მოაქვს.

 

სამწუხარო რეალობაა, რომ თითქმის ყველა ტელეარხი ნეგატივზეა აწყობილი. შეიქმნა ყალბი სტერეოტიპები, რომ ლანძღვა-გინება უფრო გაყიდვადია, რომ გაკეთებულის არდანახვა და სიკეთის არდაფასება „კარგი ტიპობის“ პირობაა, რომ რაც უფრო „ზევით“ აისვრი ტალახს, მით უფრო მაგარი ბიჭი ხარ.

 

განსაკუთრებით დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ პროცესმა თანდათან მასობრივი სახე მიიღო. ყურადღების ცენტრში მოქცევის და მოკლევადიანი სარგებლის მიღების  სურვილი ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს უბრალოდ აყრუებს და აბრმავებს და ავიწყებს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ შეუმდგარი სახელმწიფოს პირობებში პირადი კეთილდღეობა მიუღწეველი ოცნებაა. მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ხილული ფაქტია, რომ ქვეყანაში ერთგვარი ჰეროსტრატეს სინდრომი მძვინვარებს.

 

... ისევ აგვისტოს მოვლენებს დავუბრუნდები და მთელი ქვეყნის ვაშაძე-ბაქრაძეებისთვის, თავის მარგველაშვილ-უსუფაშვილებიანად, (და რასაკვირველია, მათთვისაც, ვინც გულწრფელად განიცდის ამ პოლიტიკური ჭუჭყის შემოტევებს და ფაქტები და არგუმენტები არ ჰყოფნით ფეისბუქჭაობის დუღილის ჩასახშობად), კიდევ ერთხელ გავიხსენებ ძველი ხელისუფლების იმ ყველა დანაშაულებრივ ნაბიჯს, რომლებიც წინ უძღოდა რუსული გეგმის წარმატებით განხორციელებას.

 

მივყვეთ ქრონოლოგიას და მხოლოდ შიშველი ფაქტებით ვილაპარაკოთ: პროცესი 2004 წლის 6 მაისიდან იღებს დასაბამს. თეთრ ცხენზე მჯდარმა (თუ დასმულმა) სააკაშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად ბათუმიდან „დააანონსა", რომ სექტემბერში ცხინვალში შევიდოდა, ხოლო 23 ნოემბრის გიორგობას სოხუმში აღნიშნავდა. ამის შემდეგ დაიწყო, (საღი აზრის პოზიციებიდან სრულიად უაზრო), თანმიმდევრულ აქტივობათა სერიალი, რაც მთლიანად 8 აგვისტოს შემზადებას ემსახურებოდა, სწორედ იმ დასასრულით, რა შედეგიც მივიღეთ:

 

პირველი იყო ერგნეთის ბაზრობის, ქართულ-ოსური თანაცხოვრების ერთგვარი ხიდის, გაუქმება, რასაც მოჰყვა (მთელი ზაფხულის განმავლობაში) პროვოკაციათა ჯაჭვი - ავანტურისტული, უგუნური გამოხდომები, იარაღის ჟღარუნის თანხლებითა და მძიმე შედეგებით. ამ ყველაფერს სამარცხვინო და საბედისწერო ფინალი ჰქონდა: ყველას მწარედ გვახსოვს, ქართულუნიფორმიანი, მუხლებზე დაჩოქილი რამდენიმე ათეული ახალგაზრდა და კვლავ მტრობაში გადაზრდილი, რის ვაივაგლახით აწყობილი ყოფითი კავშირ-ურთიერთობები.

 

შემდეგ, კოდორის ხეობისთვის (დალის ხეობისთვის) ახალი სახელის - ზემო აფხაზეთის(?) დარქმევა და ცხინვალის რეგიონისთვის (სამაჩაბლოსთვის) ძველი, საბჭოთა პერიოდის სახელისა და ფაქტობრივად, საბჭოურივე სტატუსის დაბრუნება;

 

შემდეგ, კოდორის ხეობაში, ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული შეიარაღებული რაზმის, „მონადირის" გაუქმება და სამთავრობო ნაწილების შეყვანა (უდიდესი პროვოკაცია, საერთაშორისო მანდატით მოქმედი რუსი სამშვიდობოების პირობებში);

 

შემდეგ იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიაში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება (დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ანალოგიური არჩევნების პარალელურად). ამ აქტით, ნაცხელისუფლების მიერ, ფაქტობრივად მოხდა როგორც მის მიერვე აღდგენილი ავტონომიური წარმონაქმნის, ისე დე ფაქტო მოქმედი პრეზიდენტის უფლებების (სტატუსების) „გაპრავება". ამ ყველაფერს, მუდმივად, ფონად სდევდა ფსევდოაგრესიული რიტორიკა (როგორც წესი, მსგავსი თამაშების ნაწილია და რეალური გეგმის შენიღბვას ემსახურება), როგორც ოსური მხარის, ისე რუსეთის უმაღლესი ხელისუფალის მისამართით.

 

იმავდროულად, პარალელურ რეჟიმში, ფართოდ ეხსნება კარი რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს. ინტერვენცია იმდენად მასშტაბურია, რომ ქართველი ეკონომისტები არ ერიდებიან ისეთი მძაფრი შეფასებების გაკეთებას, როგორიცაა - „საქართველოს ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფოს ხელშია". მართლაც, კომენტარი ზედმეტია.

 

უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილს გვერდიდან არ მოშორებია ათეული წლების განმავლობაში ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკი, ამ ქვეყნების სპეცსამსახურების განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი, დღემდე რუსეთის მოქალაქე, თემურ ალასანია. საინტერესოა, რომ მისი როლი ოფიციალურად იყო გამყარებული მრჩევლის სტატუსით და არც ის იყო დამალული, რომ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებზე მეტი გავლენით სარგებლობდა პრეზიდენტის კარზე.

 

(ვიმეორებ, თემურ ალასანია დღესაც რუსეთის ერთგულ მოქალაქედ რჩება და კითხვაც არ უნდა იბადებოდეს, ვის ინტერესებს დაიცავდა რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობების პირობებში.)

 

ყველაფერი, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი, უტყუარი ფაქტებია. მათ ერთობლიობას და მოვლენათა განვითარების ლოგიკას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა აგრესორი სახელმწიფოსთვის ჩვენი ტერიტორიების გადაცემის პოლიტიკა.

 

ბუნებრივია, პასუხს მოითხოვს კითხვა - მაშინდელი ხელისუფლებისთვის რა აუცილებლობა, უფრო სწორად, რა იძულება განაპირობებდა ამ მძიმე არჩევანს?

 

ქართულ პოლიტიკაში პროდასავლური, ან პრორუსული არ არის ღირებულებითი კატეგორიის ცნებები. ისინი აღნიშნავენ ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მზადყოფნას, თავის სამშობლოში  ემსახუროს აშშ-ის, ან რუსეთის ინტერესების გატარებას. ქვეყნის ბოლშევიკურ-ნაცისტური მეთოდებით მმართველი სააკაშვილის პროდასავლურობაზე საუბარი დასავლური ფასეულობების (თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია) შეურაცხყოფაა. სააკაშვილის და მსგავსი მენტალური წყობის ადამიანებისთვის ყველაფერს პირადი ინტერესი, პირადი ამბიცია განსაზღვრავს. როცა პირადი ინტერესი და ამბიცია წინ უსწრებს სახელმწიფო ინტერესებს, ეს ინტერესი და ამბიცია ავადმყოფურია.

 

ძალაუფლების ხიბლით შეპყრობილი ადამიანი (ადამიანები) ბევრ რამეზეა წამსვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ხელისთვის, რუსული იქნება ეს თუ ამერიკული (ან ორივე  ერთად), სურვილის შემთხვევაში, ადვილია მისი (მათი) მართვა.

 

ამავე კონტექსტში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ფულის თემას. ცნობილია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის ჩვენი პარტნიორების მხრიდან გამოყოფილი იყო რამდენიმე მილიარდი დოლარი. კითხვა ამ თანხის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით აგვისტოს ომამდეც ხშირად ისმოდა,  ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციის შემდეგ მან კიდევ უფრო მძაფრი ჟღერადობა შეიძინა. მართლაც, სად იყო ის შეიარაღება და ქართული სარდლობის ის შემართება, რომელსაც „ყველა მტერთან გამკლავება შეუძლია"? (სააკაშვილის სიტყვებია).

 

არახალია, ძველია, რომ ომზე მდიდრდებიან. ისიც არახალია, რომ „ომი ყველაფერს ჩამოწერს".

 

იარაღის თემა და მასთან დაკავშირებული მილიარდები შესაბამის უწყებათა კვლევის საგანია. ადვილი შესაძლებელია, რომ მან საერთაშორისო მასშტაბიც შეიძინოს, რადგან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში წარმოჩნდება ხოლმე ე.წ. ტრანს-ეკონომიკური ინტერესები უარყოფით კონტექსტში. შეხსენებისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ ღიად გაიჟღერა თემურ ალასანიას სახელმაც (მხედველობაში მაქვს ირაკლი კაკაბაძის უაღრესად საყურადღებო, მამხილებელი პუბლიცისტური წერილები).“

 

„აუცილებლად შესასწავლია ომის შემდგომი პერიოდის მოვლენათა განვითარებაც. ავადსახსენებელი აგვისტოდან გარკვეული დროის შემდეგ მოვისმინეთ აშშ-ის მაღალი პასუხისმგებლობის პირების - კონდოლიზა რაისის, ჯონ ტეფტის, რიჩარდ მაილსის, ჯონ მაკკეინისა და თქვენ წარმოიდგინეთ, მეთიუ ბრაიზას - „გულისშემძვრელი აღსარებები", თუ როგორი უმართავი (ყველაზე რბილი შეფასებით) გახდა „მიშა" აგვისტოს წინა პერიოდში.“

 

საუკუნეების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენ გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს და მაინც, პირვანდელი ჟღერადობით გაისმის კითხვა: რატომ არ ხდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება? მითუმეტეს, როცა საქმის ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებულია ჩვენი პარტნიორების მიერ (ტალიავინის კომისიის დასკვნა მაქვს მხედველობაში). ნაცვლად იმისა, რომ მრავალ დანაშაულში უკვე მხილებული რეჟიმი „კედელთან ჰყავდეს მიყენებული", ხელისუფლება თვითონ იყენებს თავს თავის მართლების რეჟიმში.

 

2008 წლის აგვისტოს ე.წ. მოვლენებიდან ათი წელი გავიდა, ძიების საქმე კი ადგილიდან არ იძვრის. არც პოლიტიკური შეფასება გაკეთებულა, რომ სამართალმა ნაწილობრივ მაინც იზეიმოს. ის, რომ საერთაშორისო ინსტიტუციამ მიიღო გამოძიების ჩატარების გადაწყვეტილება და ამისთვის პასუხისმგებელი პირიც შეარჩია (პროკურორი ფატუ ბენსუდა), ოდნავადაც არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. უბრალოდ, არ მჯერა, რომ გამოძიება იქნება დროული და სამართლიანი, თუ საქართველოს ხელისუფლება პარალელურ რეჟიმში არ იმუშავებს იმავე მიმართულებით.

 

არ მჯერა, რომ საერთაშორისო გამოძიება იქნება დროული და სამართლიანი, რადგან ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულში მთავარი დამნაშავეა რუსეთი, რომლის მიმართაც, „იქ“, როგორც წესი, გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე პოლიტიკური ინტერესებიდან, უფრო ზუსტად, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე სავარაუდო დამნაშავეა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რომლის პირველი პირიც, მრავალ დანაშაულში მხილებული და საერთაშორისო ძებნაში გადაცემული მიხეილ სააკაშვილი, მის ძველ ლობისტებს, „საერთაშორისო სამართლის“ ცხვირწინ, წლებია საიმედო თავშესაფარში ჰყავთ გახიზნული, კაცმა არ იცის, რა ძველი „დამსახურებებისთვის“...

 

სულ რამდენიმე დღის წინ პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულების დათხოვნის შესახებ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რუსული სპეცსამსახურების სკოლაგამოვლილების ნდობა ათწლეულების შემდეგაც არ შეიძლება. ძველებურად რომ ვთქვათ - ამ საქმეში „ყოფილები“ არ არსებობენ.

 

ცნობილი ფაქტია, რომ იმავე „სკოლის“ აღზრდილია მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც, დამატებით, გავლენიანი ბიძის „ხელის წაკვრით“, კგბ-ს სასაზღვრო ნაწილებში გაიარა სამხედრო სამსახური.

 

აგვისტოს შემზადებაში თავისი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა „ნაცების“ დღევანდელ საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც სააკაშვილთან ერთად ბოლო წუთებამდე მთელ მსოფლიოს არწმუნებდა, რომ „რუსები კარგად იქცევიან“. გრიგოლ ვაშაძე, თავისი „შეგნებული ცხოვრების“ უდიდესი ნაწილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული შეიარაღების დეპარტამენტის თანამშრომელი, ანუ „მაღალი ნდობის“ პირი იყო.

 

ერთი სიტყვით, საკმაო საფუძველი არსებობს იმ ვარაუდისთვის, რომ სააკაშვილმა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად შეასრულა რუსეთის ხელისუფლების ყველა დავალება, რასაც, მეტი გარანტიისთვის, პუტინის შტაბის დავალებითვე, მუდმივ კონტროლს უწევდნენ თემურ ალასანია, გრიგოლ ვაშაძე და კახა ბენდუქიძე, რომელიც, თავის მხრივ, გეგმის ეკონომიკურ ნაწილზე იყო პასუხისმგებელი.

 

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო გამოძიება საქმის ამ და მსგავს ასპექტებს ყურადღებას არ დაუთმობს და არც უნდა დაუთმოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა. 

 

მხოლოდ გულუბრყვილო ამომრჩეველზე შეიძლება იყოს გათვლილი ის ყალბი ისტერიკა, რომ ომზე ყველა სიმართლის თქმამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესს. ყალბია პირველ რიგში იმიტომ, რომ რა დანაშაულიც არ უნდა ჩაედინა სააკაშვილს, ეს რუსეთის, როგორც აგრესორის და ოკუპანტის პასუხისმგებლობას ვერ შეამცირებს და მეორე - ყველამ ყველაფერი ქალბატონი სალომეს გარეშეც კარგად უწყის, ანუ - იმაზე მეტს მაინც ვერ იტყვი, რაც არაერთგზის უკვე თქვეს ტალიავინის („გაზპრომის აგენტის“) კომისიამ, ევროსაბჭოს რეზოლუციამ, კონდოლიზა რაისმა, რიჩარდ მაილსმა და სხვ.

 

ჩემი ღრმა რწმენით, ვისაც ჯერ კიდევ არ სურს აღიაროს სააკაშვილის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის შედეგების გამო (თუნდაც ის რად ღირს, რომ ქართული სოფლებიდან არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია), თვითონაც ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას, თუნდაც მორალურს და მათაც შესაბამისად უნდა მოეთხოვოთ ამისთვის.

 

თუ რა სიმძიმისაა ეს პასუხისმგებლობა და რა ფასად დაუჯდა ის ქვეყანას, ამაზე ომის შედეგები მეტყველებს: ას ორმოცდაათზე მეტი დაკარგული სოფელი; ასეულობით დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე; ასეულობით დანგრეული, გადამწვარი და მიტოვებული სახლი; ათასობით ახალი დევნილი; ასეულობით შეურაცხყოფილი ადამიანი; ძირძველ ქართულ მიწაზე ორი ახალი დე ფაქტო სახელმწიფო, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმიის საჯარისო შენაერთებით დაცული და გამყარებული...

 

აი, ეს გახლავთ შეულამაზებელი სიმართლე და რეალობა და ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქის მოვალეობაა, ხელისუფლებას მოსთხოვოს ფაქტებს და მოვლენებს დროულად დაარქვას თავისი სახელი, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით. სხვანაირად, ქვეყანაში გამეფებული მართვადი ქაოსი არ დასრულდება და სახელმწიფოს შენების პროცესი გარდაუვალ ჩიხში მოექცევა, რადგან -

 

სადაც არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა.

 

ბიძინა დვალი

 

სექტემბერი, 2018

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner