ახალმა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიების გამოძიება დაიწყო. გაანალიზდება როგორც ომში მარცხის მიზეზები, ისე სამართლებრივი დეტალები. გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მოწმე სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი სარდალი, გენერალი მამუკა ყურაშვილი იქნება.
- ბატონო მამუკა, უპირველეს ყოვლისა, ყველა სამხედრო ექსპერტი სვამს კითხვას - რატომ არ ან ვერ ჩაიკეტა როკის გვირაბი, საიდანაც რუსული საჯარისო შენაერთები შემოდიოდნენ და რატომ შეალია ქართულმა მხარემ მთელი რესურსები ცხინვალის აღებას?
- უფალმა ინება ასე, რომ ჩვენსა და რუსებს შორის საზღვარი კავკასიონზე გადის. რუსი რომ აქეთ შემოვიდა, ფაქტია და ქართული ჯარი რომ ბესლანსა და ნალჩიკში არ გადასულა - ესეც. კონფლიქტის ზონაში დესანტირება ვერტმფრენებით ხდება. დიდი მითქმა-მოთქმაა როკის გვირაბის აფეთქებასთან დაკავშირებით. მისთვის, სულ მცირე, ერთკვირიანი სამუშაო მაინც არის ჩასატარებელი, საჭიროა ინჟინრებისა და ამფეთქებლების დიდი ჯგუფის შეყვანა. ასე ადვილად ვერ ჩახვალ და გვირაბს ვერ ააფეთქებ, ვინაიდან დაცვა გაძლიერებულია და ყველა სიმაღლე მაქსიმალურად დაცულია. რუსული მხარისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სეპარატისტული მთავრობის შენარჩუნება ცხინვალში.
- გვახსოვს, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადება - როკის გვირაბთან მიმდინარეობს ოპერაციაო.
- ქართული ქვედანაყოფები არ ყოფილან არც როკის გვირაბთან და არც ჯავაში, საიდანაც რუსული კოლონა უნდა გამოსულიყო. მაქსიმალურ სიღრმეში შევიდა მხოლოდ გორის სატანკო ბატალიონი, რომელიც ცენტრალური მიმართულებით მოქმედებდა და რომელიც ომის შემდეგ მუხროვანის ბატალიონად გადაკეთდა.
- არის ვერსიაც, რომ საომარი ოპერაციები შეგნებულად არაპროფესიონალურად წარიმართა...
- თუ დისბალანსი გამოწვეული იყო ამა თუ იმ მეთაურის ან იმავე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც საომარი მოქმედებების პერიოდში ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა, ამას ძიება გამოააშკარავებს. შეცდომა იყო, რომ არ მოიწვიეს პარლამენტის საგანგებო სხდომა, არ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ეს არის საერთო პროცესის ჯაჭვი, რომელსაც ვერც ერთ დეტალს ვერ მოწყვეტ. შედეგი ალბათ, ასეთივე იქნებოდა, უბრალოდ, იყო შანსი, სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების მხრიდან ამხელა მსხვერპლი არ ყოფილიყო, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
- თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი შეცდომა, რაც ქართულმა მხარემ დაუშვა სამხედრო კუთხით?
- ომში დამარცხების ძირითადი ფაქტორი დღესაც გამოუსწორებელია და ამის დაკონკრეტებისგან, გარკვეული მოსაზრებით, თავს შევიკავებ. დღესაც არასახარბიელო და უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყანა. ამის შესახებ საუბარს პროკურატურაში ვაპირებ და მის დასკვნაში გამოვლინდება მარცხის მიზეზები, რაც თავდაცვის სამინისტროს მხრიდან შემდგომში ალბათ, აღმოიფხვრება.
- ამბობენ, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას რუსეთის ფაქტორი არ ჰქონდა გათვალისწინებულიო...
- როგორ გგონიათ, მე არ მექნებოდა ეს გათვალისწინებული? იყო რაღაც ინსინუაციები, ჟანგიან ტანკებზე ლაპარაკი... ისიც გამოვლინდება, თუ ვინ ხედავდა იქითა მხარეს ჟანგიან ტანკებს და რა ასულდგმულებდა მათ ამ განწყობას.
- ძველი ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევდნენ, რომ ქართული მხარე მოწინააღმდეგის პროვოკაციას წამოეგო. როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება?
- საომარი ოპერაციები 1-ლი აგვისტოდან დაიწყო. რა თქმა უნდა, ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ვიდრე დაიწყებოდა ოპერაცია "კავკასია-2008". რუსებს საზღვართან თადარიგი ჰქონდათ დაჭერილი, მოწინავე რაზმებიც ჰყავდათ გამოყვანილი, და უფრო წინდახედული ქმედებით, ქართული დიპლომატიის ხარჯზე შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება. ყველაფერს სამხედროებს ნუ გადავაბრალებთ, იმიტომ, რომ შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე თემურ იაკობაშვილი, რომელიც კონფლიქტის ზონაში პოლიტიკურ და სამხედრო კომპონენტზე უშუალოდ იყო პასუხისმგებელი, საერთოდ არ ჩამობრძანებულა იქ და მეტწილად ამან გაამწვავა სიტუაცია.
- თქვენს ცნობილ განცხადებას, რომლის თანახმადაც ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დაიწყო, პოლიტიკური ხელმძღვანელობის აღშფოთება მოჰყვა და გისაყვედურეს კიდეც. თქვენი საქციელი კი, რამდენიმე წლის წინ იმპულსურობით ახსენით.
- ჩემი ცნობილი განცხადების წინმსწრები უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ბრიფინგი. მეტს ვერაფერს გეტყვით, სხვათა შორის, ნაწილობრივ ჩემმა ამ განცხადებამ შექმნა წინაპირობა, რომ ქართველი მოსახლეობა დროულად დაიძრა და გამოვიდა ხეობიდან (თამარაშენის, ქურთას, აჩაბეთისა და კეხვის მოსახლეობა). ჩემი განცხადება არ ჯობდა ბაქრაძის მოწოდებას - დანა-ჩანგლით შეიარაღებისკენ რომ მოუწოდა ხალხს? როცა რეგულარული ჯარი გამოჩნდა, ამ სიტყვების თქმა უკვე შეიძლებოდა.
ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას - სეპარატისტებისა და რუსების მიერ შექმნილი მითი 2.000 კაცის დაღუპვის შესახებ ხომ გაფანტა წლებმა? საქართველოზე აგრესიის მიზეზი ხომ ის იყო, რომ თითქოს მოწინააღმდეგე მხარეს 2.000 კაცი დაიღუპა? მეორე მიზეზი ის იყო - სამშვიდობოები დაგვიხოცესო. სად არიან ეს დახოცილი სამშვიდობოები? არ ვიცი, დაიჯერეს თუ არა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას უნდოდა, ყველაფერი ჩემთვის გადმოებრალებინა - აი, კონტუზირებული გენერალი კონტროლიდან გამოვიდა და ამას მოჰყვა 2.000 კაცის დაღუპვაო. როცა აღმოჩნდა, რომ არ არის დაღუპული ამდენი ადამიანი და ქართული მხარე პირნათელია ოს მოსახლეობასთან, რუს სამშვიდობოებთან და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან, მერე თქვეს - ყურაშვილს სწორი განცხადება გაუკეთებიაო. ხელისუფლებას უნდოდა, ჩემზე გადაეტეხა ჯოხი. უშიშროების საბჭოს მაშინდელმა მდივანმა კახა ლომაიამ პაატა დავითაიას კომისიის სხდომაზე კი განაცხადა ჩემთვის პირად საქმეში საყვედურის შეტანის თაობაზე, მაგრამ არ შეუტანიათ. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება, გეტყვით, რომ 7 აგვისტოს მდგომარეობით, მე უკვე აღარ ვიყავი ამ თანამდებობაზე. იმჟამინდელ კადრებს თუ დააკვირდებით, მარჯვენა სამხრეზე სამშვიდობოს აღმნიშვნელი ნიშანი აღარ მაბნევია. 8 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ ვყოფილიყავი სამშვიდობო ძალების სარდალი, მეც მომხსნეს და 10 მეტრი ვეღარ გადაიწიეს წინ. ამ ყველაფერს უკვე ძიება გამოავლენს.
- კიდევ ერთი კითხვა, რომელიც წლების განმავლობაში ისმის - ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია 2 აგვისტოს განხორციელდა, რაც უკვე საგანგაშო სიგნალი იყო. რატომ არ გამოიყვანა ქართულმა მხარემ ომის დაწყებამდე ხეობიდან თავისი მოსახლეობა?
- არ ვიცი, ვის რა გათვლა ჰქონდა, მაგრამ წესით და რიგით, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ დროს პარლამენტში იწვევენ საგანგებო სხდომას, ცხადდება საგანგებო მდგომარეობა. მოწინააღმდეგე მესამე ფრონტსაც თუ გაგიხსნის, გათვლილი უნდა გქონდეს, როგორ უნდა იმოქმედო. საჭირო იყო სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომელიც დაკავშირებულია დიდ სახსრებთან.
ვინ ზოგავდა სახსრებს, ვინ ვერ აღიქვა, ვერ შეაფასა რეალობა და ვერ მიიღო გადაწყვეტილება, ამას დრო და გამოძიება გვიჩვენებს. ქართულ მხარეს რაც დაემართა, ეს უნდა გაეკეთებინათ ოს სეპარატისტებს და რუსი უნდა მოსულიყო მოსამართლედ, რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებდა, აი, მხარეებს ვაშველებ და უჩემოდ არაფერი გვარდებაო. მეზობელი მხარე ვერასდროს იქნება შემრიგებელი და მიუკერძოებელი. ოფიციალურად, მოწინააღმდეგის მხრიდან დაღუპულია 162 კაცი, ჩვენი მხრიდან კი 177 სამხედრო მოსამსახურე და 220-მდე სამოქალაქო პირი. ფაქტია, რომ ხეობიდან 8.200 ადგილობრივი მოსახლეა გამოყვანილი. ერთი გზა იყო ცხინვალზე, მეორე - ტყეზე, რომელზეც ჩეჩნები დადიოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, 8 აგვისტო გათენებულიყო და კოკოითი გმირად მოგვვლინებოდა. 2004 წელს ჩვენ ვიხილეთ სურათი, როგორ დააჩოქეს ქართველი პოლიციელები. ჩვენი უბედურება ის არის, სხვისი ხელით რომ გვიყვარს საქმის კეთება, ამათ გმირები გვერდზე გასწიეს, ფსევდოგმირები კი წინ წამოსწიეს.
- ფსევდოგმირებში ვის გულისხმობთ, გენერალ გიგი კალანდაძეს, რომელიც მაშინ მე-4 ბრიგადას მეთაურობდა?
- არა მარტო კალანდაძე, ბევრნი არიან ასეთები. ჩემთვის, როგორც სამხედროსთვის, უმნიშვნელოვანესია სამხედრო ამოცანის შესრულება და პარალელურად, მინიმალური მსხვერპლი. ვინც ამას უგულებელყოფს, მე მას სამხედრო მეთაურად არ მივიჩნევ. მსხვერპლი ყველგანაა, მაგრამ მაქსიმალური იყო მე-4 ბრიგადაში. მინიმალური დანაკარგი ჰქონდა ცენტრალურ მიმართულებას. ძიება იტყვის, სიბეცით მოუვიდათ თუ რა იყო ამის მიზეზი. ჩემი აზრით, ეს ძალიან დაბალი სამხედრო დონისა და განათლების შედეგი იყო. ოპერაციას სამხედრო აკადემიური ხელწერა აკლდა.
- ისე, იყო შანსი, რომ საბოლოოდ სამხედრო წარმატებისთვის მიგვეღწია?
- ვფიქრობ, არ იყო ამის შანსი. აქ გასათვალისწინებელია ძალთა თანაფარდობა - რუსეთის მე-4 საჰაერო არმია, 58-ე არმია, მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, თუ რა ტექნიკას ფლობენ და ჩვენ რა ძალები გაგვაჩნდა. ეს გასაიდუმლოებული ინფორმაცია აღარ არის და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მარტივია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
- სამოქალაქო პირები, პოლიტიკოსები ერეოდნენ სამხედრო ოპერაციებში და ბრძანებებს იძლეოდნენ? მაგალითად, ასეთი კითხვა ხშირად ისმის თბილისის მერ გიგი უგულავასადმი.
- ვადასტურებ, რომ გიგი უგულავა ერეოდა სამხედრო ოპერაციებში. თვითონ თავდაცვის მინისტრმა მიუშვა თავის უწყებასთან ახლოს ამა თუ იმ სამსახურების უფროსები, დეპარტამენტები, რომლებიც სამოქალაქო პირებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომაც ეს ყველაფერი. პოლიტიკოსებმა რატომღაც ისე აღიქვეს, რომ სამხედროებზე მაღლა იდგნენ. უგულავა მშვიდობიანობის დროს ქალაქის მერი, ომიანობისას კი სააკაშვილის კონსერვების გამხსნელი იყო.
- კახა ლომაია, გოკა გაბაშვილი და აკაკი მინაშვილიც, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, იძლეოდნენ ბრძანებებს?
- გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. უგულავაზეც იმიტომ ვამბობ, რომ თვითონ არ მალავდა, დარბოდა და ამას რა დატვირთვა ჰქონდა, ვის დავალებას ასრულებდა, ძიების პროცესში გამოჩნდება. მარტო სამხედრო ოპერაციებში ჩარევა კი არა, მოსმენა და სარდლობამდე არასწორი ინფორმაციის მიტანაც ჩარევაა, ისევე როგორც ლობირება ვინმე ფსევდოგმირისა, რომელიც 7 ნოემბერს თუ დანარჩენ მიტინგებზე მოხერხებულად იქნევდა ხელკეტს - იყო იქ ასეთი კატეგორია, სამხედროებს არ ვგულისხმობ. ნამდვილი გმირების გვერდზე გაწევაც ჩარევაა, მით უმეტეს, როცა შენ არანაირი სამხედრო განათლება არ გაგაჩნია. მინდა ვახსენო სატანკო ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი გოგიაშვილი, რომელიც სამაგალითო იყო, სახმელეთო ჯარების სარდალი ბალახაძე, უფროსი სამხედრო მეთაური პოლკოვნიკი ურუშაძე, ამჟამად მე-3 ბრიგადის მეთაური შავლეგო ტაბატაზე და ბევრი სხვაც, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. მათ ნაკლებად იცნობს საზოგადოება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები გმირები იყვნენ.
- იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილზე რას იტყვით?
- კეზერაშვილი სამჯერ მყავს ნანახი ზემო ნიქოზში. რუსულად რომ ვთქვათ: "ზა ვსიო ბალეეტ, პერეჟივაეტ, ნი ზაჩტო ნი ატვეჩაეტ". სხვათა შორის, კეზერაშვილი როგორც მენეჯერი, დიდ ორგანიზატორულ ნიჭს ავლენდა. მისი დამსახურებაა არანორმირებული კვება ჯარში, ჯარისკაცების სათანადოდ ჩაცმა-დახურვა, შეიარაღება... იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტებიც. ჩემი აზრით, როდესაც პირად შემადგენლობას ამოცანა შესრულებული აქვს, გყავს გმირები, სიცოცხლის ფასად უნდა გადაეფარო მათ. კეზერაშვილს გენერლებისთვის უნდა მოესმინა და არა დასუფთავების სამსახურის უფროსებისა და კლოუნების ნაბოდვარისთვის.
- ომის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბრძოლო პოზიციებს გენერლები ჯარისკაცებზე ადრე ტოვებდნენ...
- პირადად მე არსად მირბენია, გადამაყენეს და 13 აგვისტოს გამოვედი გორიდან. დანარჩენი, ვინ სად გარბოდა, გამოჩნდება. იმაზე მაქვს პრეტენზია, რომ მე ვარ ერთადერთი ქართველი გენერალი, ვინც ფეხით დადიოდა ცხინვალში, როცა ამას ვერავინ ბედავდა.
- ბოლოს ვინ დატოვა გორი?
- ყველაზე ბოლოს გორიდან მე გამოვედი და დავუბრუნდი სამშვიდობო შტაბს. იქ სამხარეო პოლიციის პირადი შემადგენლობა და ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კერძოდ, შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე ვნახე სამხარეო პოლიციის უფროს ტაბუცაძესთან ერთად. ჩვენ პოლიციასთან დავშორდით, ისინი შეუდგნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას, მე კი დავბრუნდი თბილისში, დისლოკაციის ადგილზე. სხვა იქ არავინ მინახავს.
- ახალგორის შენარჩუნება შეიძლებოდა?
- რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. დანარჩენ საქართველოში 6 საგუშაგო იყო, თმა ჩამოუვარდა იქ ვინმეს? ამაზე რატომ არავინ არაფერს ამბობს? ვის უნახავს, მტერი ზურგში მოიტოვო და საგუშაგოზე თმა არავის ჩამოუვარდეს? არ არის ეს მსჯელობის თემა? საერთოდ, ჩემი აზრით, დიდი მსხვერპლი სჭირდებოდათ, რომ "ბომჟები" მილიონერები გამხდარიყვნენ. მეტს ვერაფერს ვიტყვი და დანარჩენს გამოძიება დაადგენს.
- ამბობენ, რომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილითაც დაინტერესდება და დაკითხავს კიდეც.
- ძიება ვის როლსაც გამოკვეთს, ის ადამიანები, ცხადია, უნდა დაიკითხონ, იქნება ეს პრეზიდენტი თუ დასუფთავების სამსახურის უფროსი. მზად ვარ, პროკურატურის ყველა კითხვას გავცე პასუხი, ოღონდ სანამ პროკურატურის დასკვნა არ დაიდება, არავისთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, მალე გამოაშკარავდება, ვინ არის ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. აუცილებლად გაიგებთ, რომელი ჩინოსანი ცხინვალში იყო, რომელი ნიქოზში, ვინ გორიდან გასცემდა ბრძანებას და ვინ - თბილისიდან. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას წინ უამრავი სიახლე ელოდება.
ნანა ფიცხელაური