ბევრი ისტორიაა საინტერესო...
სულ პაწია, კლასიკა:
თსუ-ს ლეგენდარული და ყველასთვის უსაყვარლესი რექტორი ნიკო კეცხოველი ერთობ მკაცრი ხელმძღვანელი გახლდათ, მწვავედ რეაგირებდა ლექციაზე დაგვიანების გამო, გინდ სტუდენტი ყოფილიყავი და გინდ ლექტორი-პროფესორი. ლექციის დროს, იდეალურ სიჩუმეში, კორიდორებში, რომელსაც რექტორი დროდადრო თავად აკონტროლებდა, სულიერის ჭაჭანება არ იყო.
ჰოდა, ერთხელ, როცა რექტორმა მორიგი მოულოდნელი „შემოვლა“ დაამთავრა, კორიდორში გამოჩნდა ლექციაზე დაგვიანებით მიმავალი პროფესორი შალვა ნუცუბიძე. რექტორმა, რომელთანაც ნუცუბიძეს უახლოესი ურთიერთობა აკავშირებდა, საათს დემონსტრაციულად დახედა, წარბი შეიკრა და საყვედურნარევი ტონით მიმართა „დანაშაულის ფაქტზე წასწრებულ“ პროფესორს: ბატონო შალვა, როდის იწყება ლექციაო... პასუხი იუმორნარევად გაისმა: რა თქმა უნდა, მაშინ, ბატონო ნიკო, როცა მე აუდიტორიაში შევალო...
ორივეს გაეცინა და... მდაბლად დაუკრეს თავი ერთმანეთს.
***
დალი მორგოშია
რომელი ამბავი მოგიყვეთ სტატიიდან, რომლის ანალიტიკურ აღწერილობასაც ახლა მოვრჩი სამსახურში, ნამდვილად არ ვიცი, და მაინც - ამბავი I : 1947 წ. ერთი თვეა მაშინდელი „იმელის“ სააქტო დარბაზს უამრავი ხალხი აწყდება. განხილვაა (თუ გასამართლება?!-დ.მ.) შალვა ნუცუბიძის ნაშრომისა „რუსთაველი და აღმოსავლეთის რენესანსი“. შენობის გარშემო წესრიგს ცხენოსანი პოლიცია იცავს. მოსაწვევს ვერ იშოვი... მეცნიერმა თავის მეუღლესაც კი არ აღირსა მოსაწვევი: შენ იქ ტაშს დამიკრავ, ისინი კი ტაშისდამკვრელებს იმახსოვრებენო...
სხდომებს თავმჯდომარეობს უშიშროების გენერალი, საქ. კპ ცკ-ს მდივანი იდეოლოგიის დარგში პეტრე შარია (ჩემი „ზემლიაკი“- დ.მ.). მთავარმა მომხსენებელმა, რესპუბლიკის ყოფილმა პროკურორმა ვალიკო ტალახაძემ (1937-ში დახვრეტის ბრძანებებზე სულ მაგის ხელმოწერაა, იცით , ალბათ- დ. მ.) ნუცუბიძის ნაშრომი შოვინისტურ წიგნად გამოაცხადა.
თავმჯდომარემ ბოლო შემაჯამებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა თავის „დაკავებულობას თანამდებობის გამო“, თქვა, რომ კარგად ვერ მოიცალა საკითხში გასარკვევად, თუმცა „როგორც გაირკვა, არც ღირდაო“.
შალვა ნუცუბიძემ დინჯად მიუგო: „ჩვენ ვერ გავუგებთ ერთმანეთს, მე თავით ვაზროვნებ, თქვენ კი სკამით“.
P.S. ამ პასუხამდე იყო კიდევ სხვა, უბრწყინვალესი პასუხები (მთელი კასკადი) შალვა ნუცუბიძისა. მერე გეტყვით... ვეტრფი, თაყვანს ვცემ ასეთ უნივერსიტეტელებს!