„მოვედი, რათა წერტილი დავუსვა თბილისის მერიის მიმართ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს, სიცრუეს და დავასრულო ის შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" დგამს", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა საკრებულოს დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მზად არის, საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი კიდევ ერთხელ გასცეს.
„მოვედი, რომ დავასრულო სიცრუის პროპაგანდა და ტირაჟირება, რომლითაც ოპონენტები საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. კიდევ ერთხელ პასუხი გავცე ყველა შეკითხვას და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირები დღესაც შეეცდებიან სპექტაკლის დადგმას, ეს იქნება მათი მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებამ არ მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, შესაბამისად, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე. მანამ, სანამ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდეთ, მე მინდა, მივმართო თბილისელებს - გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ცდილობს, ჩვენს წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპიროს სიცრუე და ხელოვნური აჟიოტაჟი - ეს მათი სტილია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ფაქტები და შეგვიძლია შევადაროთ, თუ რა კეთდებოდა ქალაქში მათი მმართველობის პერიოდში და რა კეთდება ახლა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.