logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების გარდა სხვა რეალობას არ ვუშვებ
- +

16 ნოემბერი. 2018. 14:22

 

„იმ ამომრჩევლების 53%-ში, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე არ მივიდნენ, დიდი ნაწილი ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ. დღეს კი ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში „იმედი-live“ განაცხადა.

 

ინაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული სისასტიკე - როცა არბევდნენ ჟურნალისტებს და ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს.

 

ამასთან, ვიცე-სპიკერი რეალურად მიიჩნევს, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, არსებობს რადიკალიზაციის დიდი საფრთხე, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თანამდებობის პირების წინააღმდეგ 50 ათას ადამიანს აქვს ჩვენება მიცემული. ამიტომაც, მეორე ტურის შემდეგ ის სალომე ზურაბიშვილის  გამარჯვების გარდა, სხვა რეალობას არ უშვებს.

 

მისი გათვლით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე გრიგოლ ვაშაძემ რეალურად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17,5 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ მას 80%-ზე მეტმა უთხრა უარი.

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

 

ცესკო-ს მონაცემების თანახმად, პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner