„უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირები და ვფიქრობ, რომ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტი არის კარგი შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავამყაროთ თანამშრომლობა ენერგეტიკული კუთხით",- ამ სიტყვებით დაიწყო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა შეხვედრა საბერძნეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობას მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრაზე ლიდერებმა საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლების სფეროებში არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას. აღინიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვისა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების ზრდა ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი მიზანია. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების სრულად ათვისებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგისა და ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა კიდევ ერთხელ გამოხატა საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია.
თესალონიკში გამართულ შეხვედრას საგარეო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.