NATO-ს სამეკავშირეო ოფისში, რიგით 23-ე საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „NATO-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ პედაგოგებისთვის გაიმართა.
ორდღიან სემინარს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები 30 პედაგოგი დაესწრო.
სემინარი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა და NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს. ყურადღება გამახვილდა პედაგოგების მნიშვნელოვან წვლილზე რეგიონში NATO-ს, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გავრცელებაში.
სემინარის ფარგლებში პედაგოგები შეხვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს. პედაგოგები გაეცნენ NATO-საქართველოს თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობას საქართველოს განვითარებისთვის, მიმდინარე პროცესებს, საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, საინფორმაციო ომის თავისებურებებს, მითებსა და რეალობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, გაიგეს, თუ როგორ უნდა გაარჩიონ სწორი და არასწორი ინფორმაცია თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში.
საგარეო საქმეთ ასამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ნოზაძემ დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ჰიბრიდული ომისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ასევე ანტიდასავლურ პროპაგანდის პრობლემებზე, გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო.
პროექტი „NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, NATO-ს თემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 700-მდე პედაგოგი გადამზადდა.