logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინეთის ელჩთან ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების საკითხი განიხილა
- +

16 ნოემბერი. 2018. 22:34

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იენჩისთან (Ji Yanchi).

 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური თემები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ა.წ. 3-5 დეკემბერს ქ. პეკინში დაგეგმილ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-7 რაუნდის მნიშვნელობას.  საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პერსპექტივებს.

 

აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ მამუკა ბახტაძის ა.წ. 4-6 ნოემბრის ქ. შანხაიში ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის დროსაც მან გამართა ხანმოკლე შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან ბატონ სი ძინპინთან და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში (China International Import Expo). ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მომავალში მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის შემდეგომ განვითარებას. 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი (one-China Principle).

 

ძი იენჩიმ ალექსანდრე ხვთისიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner