ავტორი ალა გრიგალაშვილი
„წინსაარჩევნო კამპანია დაიწყო და სავსებით ბუნებრივია, რომ კონკურენციაც გაიზარდა", - ამის შესახებ „რეპორტიორს" კოალიცია „ქართულ ოცნებაში" ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა ზაალ კასრელიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კოალიცია არასოდეს ყოფილა ერთგვაროვანი გაერთიანება - იგი შედგება რამდენიმე სუბიექტისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებით.
„სავსებით ბუნებრივია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თავის ადგილს ეძებენ. რა ფორმით ეძებენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ ამ სიტუაციაში. კოალიციას კონკრეტული პირები ალბათ გამოაკლდებიან. ისინი, ბუნებრივია, იდეურ თანამოაზრეებს ეძებენ სხვა კოალიციებში. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა და იმედი აქვთ დასავლეთის დახმარების და ადამიანები, რომლებსაც იგივე სურვილი აქვთ და თავს აწონებენ რუსეთს. სავარძლები უნდათ, თანამდებობები უნდათ. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც 4-ჯერ და 5-ჯერ იყვნენ დეპუტატები და არაფერი გაუკეთებიათ, პირადი ცხოვრების მოწყობის გარდა. ასე რომ, არ ღირს ჩვენ ჩვენი ძვირფასი დრო დავხარჯოთ მკითხაობაზე, ყველამ ვიცით, სავარძლები უნდათ და იგონებენ ათას მიზეზს, რომ სავარაუდო პარტნიორებს თავი მოაწონონ", - განაცხადა კასრელიშვილმა.