მსახიობი ქეთევან კიკნაძე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ „სარკესთან“ საუბრობს:
„მე მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას“ და მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, რადგან ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. საფრანგეთში აქვს არაჩვეულებრივი განათლება მიღებული, დიპლომატია. საქართველოშიც სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ჩვენი ქვეყნიდან ამერიკაში იყო წარგზავნილი. ვფიქრობ, ქვეყანას მისი ასეთი გამოცდილება ძალიან წაადგება.
პრეზიდენტის უფლებამოსილება ძალიან არის შეზღუდული. როგორც ვიცი, არ ექნება იმის უფლება, რომ პენსია გაზარდოს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამბობს, ჩვენ 400 ლარამდე გავზრდით პენსიასო. საინტერესოა როგორ გაზრდიან!
ერთი „კაგებეშნიკი“ გვყავდა პრეზიდენტად და ახლა მეორე გვინდა?! კაცი თავად ამბობს, ჩემი მშობლიური ენა რუსულია და რუსული ორიენტაციის ვარო. გულახდილად თქვა და მეტი რა ქნას?! ძალიან მაინტერესებს, რატომ გააკეთა მასზე არჩევანი „ნაციონალურმა“ მოძრაობამ.
ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ ამ ექვსი წლის განმავლობაში. ჩვენი შვილები დადიან კომფორტულ სკოლებში, საბავშვო ბაღები უფასოა, წიგნებიც უფასოა... გვაქვს საყოველთაო დაზღვევა და მოსახლეობა, ასე თუ ისე, დაცულია. ყველაფერს აკეთებენ და სოფლის შენებას რა უნდა, რა უნდაო, ასე მაინც ნუ ვიტყვით. ძნელია, ყველაფერი ერთად გაკეთდეს. ხალხს ნებისყოფა არ აქვს. უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა ქეთევან კიკნაძემ.