logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ჰო, არ წახვიდეთ არჩევნებზე და წყნარად დაელოდეთ თქვენს რიგს, როცა სულს ამოგხდიან და დაგყრიან ღორებივით!
- +

18 ნოემბერი. 2018. 03:08

 

„სულს ამოგხდით!“ - ამ ეპოქალურ ფრაზას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთმა ყველაზე ოდიოზურმა სახემ გივი თარგამაძემ 2007 წლის 7 ნოემბერს წარმოთქვა, სულ ახლახან 11 წელი შეუსრულდა. „დაგყრით ღორებივით!“ - ეს ფრაზა კი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ და, იმავდროულად, კომიკურ სახეს მეგი გოცირიძეს ეკუთვნის, სულ ცინცხალია!“ - ამის შესახებ  ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალის“ წერს.

 

„კერძოდ, 2018 წლის 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მეგი გოცირიძე ახალქალაქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბულდოზერივით შეიჭრა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და დაუღრიალა - „დაგყრით ღორებივით!“

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ორი წარმომადგენლის მიერ 11 წლის ინტერვალით ნათქვამია ეს ფრაზა, რომელთა შინაარსიც აბსოლუტურად იდენტურია, იმაზე მიუთითებს, რომ ამ 11 წლის განმავლობაში ნაციონალურმა სექტამ ვერც ვერაფერი ისწავლა და ვერც ვერაფერი დაივიწყა.

 

ამდენად, მეგი გოცირიძის მიერ წამოსროლილი მუქარა - „დაგყრით ღორებივით!“ - გივი თარგამაძის 11 წლის წინანდელი დანაქადნების - „სულს ამოგხდით!“ - პირდაპირი გაგრძელებაა.

 

უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ 11 წლის წინ გივი თარგამაძის დამუწული პირიდან ამოგესლებულ სიტყვებს - „სულს ამოგხდით!“ – 11 წლის შემდეგ მეგი გოცირიძემ დასრულებული წინადადების სახე მისცა და ასე მივიღეთ სრულყოფილი სლოგანი - „სულს ამოგხდით და დაგყრით ღორებივით!“ - რომელშიც სააკაშვილის სექტის მთელი სულისკვეთება და შინაგანი კონსტიტუციაა ჩატეული.

 

„სულს ამოგხდით“ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში!

„დაგყრით ღორებივით!“ - აი, აქ ერთიანდება „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული და მომავალი!

„სულს ამოგხდით და დაგყრით ღორებივით!“ - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამაც, მთავარი დაპირებაც და სამოქმედო გეგმაც!

აკი, სააკაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიშა ვაშაძე დაუფარავად აცხადებს - სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიას, ცააძეს და ყველა „პოლიტპატიმარს“ შევიწყალებო - ანუ პირდაპირ გვეუბნება - „სულს ამოგხდით და დაგყრით ღორებივით!“

 

და, საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა დემაგოგიური, არარეალური და ობივატელის გასაბრიყვებელი საარჩევნო დაპირების უკან, ეს იქნება 400-ლარიანი პენსია თუ მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ამინისტია, სინამდვილეში ერთადერთი, ოღონდ მართლა რეალური დაპირება - „სულს ამოგხდით და დაგყრით ღორებივით!“ - იმალება.

 

ნაციონალებს ამ დაპირების - „სულს ამოგხდით და დაგყრით ღორებივით!“ - მართლა ზედმიწევნით და გადაჭარბებით შესრულება რომ შეუძლიათ, ეს მათ 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ დაამტკიცეს.

 

ამა წლის 7 ნოემბერს ჰელსინკში უგულავა და სააკაშვილი რომ შერიგდნენ, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საწყის წერტილში რომ დაბრუნდნენ და სიხარულით გვამცნეს - „ერთი ოჯახი ვართ!“ - ამითაც პირდაპირ გვითხრეს - „სულს ამოგხდით და დაგყრით ღორებივით!“

 

რამდენიმე დღის წინათ სააკაშვილის თანამეცხედრემ და თანამზრახველმა სანდრა რულოვსმაც განაცხადა - „ბევრი წელი, 6 წელი არის დაკარგული, რომელსაც ავანაზღაურებთ!“

 

რულოვსი მართალია - ეს 6 წელი, რომლის განმავლობაში მის ქმარს საშუალება არ ჰქონდა, ჩვენთვის სული ამოეხადა და ღორებივით დავეყარეთ, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ დაკარგული და ფუჭად ჩავლილია.

 

რულოვსი იმაშიც მართალია, ამ დაკარგულ წლებს ავანაზღაურებთო, რომ ამბობს. ნაციონალები, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მართლაც აანაზღაურებენ ქართველების სულის ამოხდასა და ღორებივით დაყრას გაცდენილ წლებს.

 

მოკლედ, სააკაშვილის თანამეცხედრეც და თანამზრახველიც პირდაპირ გვეუბნება - „სულს ამოგხდით და დაგყრით ღორებივით!“

 

მე და ჩემმა ღმერთმა, ნაციონალებს ასეთი გულწრფელი და ალალმართლი წინაასარჩევნო კამპანია არასოდეს ჩაუტარებიათ - პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მერაბიშვილს, ახალაიას და დანარჩენ ჯალათებს ციხიდან გაუშვებენ, სააკაშვილს, ადეიშვილს, მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას, „ქილერასა“ და სხვა „პოლიტდევნილებს“ კი საქართველოში დააბრუნებენ და მეტი რაღა ქნან?

 

„სულს ამოგხდით და დაგყრით ღორებივით!“ - სულაც არ გვიმალავს სააკაშვილის სექტა, რასაც ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ გვიპირებს და ამაზე მეტი გულწრფელობა რაღა გვინდა?

 

მერე არ თქვათ, არ ვიცოდით და წინასწარ არ გაგვაფრთხილესო!

 

ასე რომ, საქმე ძალიან მარტივად არის - ვისაც გინდათ, ნაცებმა სული ამოგხადონ და ღორებივით დაგყარონ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სახლიდან ფეხი არ გაადგათ!

 

ჰო, არ წახვიდეთ არჩევნებზე და წყნარად დაელოდეთ თქვენს რიგს, როცა სულს ამოგხდიან და დაგყრიან ღორებივით!

 

დიდხანს ლოდინიც არ დაგჭირდებათ, რიგი ჩქარ-ჩქარა გაივლის!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner