რის გამო შეიძლებოდა, სრულიად უდანაშაულო ადამიანები ქართულ აბუ-გრეიბში მოხვედრილიყვნენ და ნაციონალური ფაშიზმის მხრიდან სასტიკი წამების მსხვერპლი გამხდარიყვნენ?
როგორ ხდებოდა სრულიად უდანაშაულო ადამიანების მიმართ უმძიმესი ბრალდებების შეთითხვნა და მათი შერაცხვა რუსეთის აგენტებად, სამშობლოს მოღალატეებად?
სრულიად მარტივად – საკმარისი იყო, ამა თუ იმ ადამიანს სააკაშვილის ხელისუფლების რომელიმე სურვილისა და ახირების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ნაცრეჟიმთან დაახლოებული რომელიმე „ფულის ტომრის“ ხუშტურს არ დაჰყოლოდა და ნაც-პროკრუსტები მაშინვე მოაზომებდნენ თავიანთ საბედისწერო სარეცელს.
ეს ამბავიც ასე დაიწყო:
ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს დაგეგმვის ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს 2011 წლის ზაფხულში ვინმე ელიზბარ რაქვიაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ ერთ-ერთი კომპანია რუსთავში მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის შეძენით იყო დაინტერესებული.
რაქვიაშვილმა ლონდარიძეს შესთავაზა, 900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 9 ათასი ლარის საფასურად დაეთმო.
ვიცე-პოლკოვნიკმა ლონდარიძემ მიწის გაყიდვაზე უარი თქვა და აი, სწორედ მაშინ მოაწერა ხელი საკუთარ განაჩენს.
ლონდარიძე სამხედრო პოლიციაში დაიბარეს, რომელსაც მაშინ უკვე სახელგავარდნილი ჯალათი და მწვალებელი მეგის ქარდავა ხელმძღვანელობდა.
ქარდავამ ლონდარიძეს „ურჩია“, მიწის ნაკვეთი იმ ფასად გაეყიდა, რა თანხასაც სთავაზობდნენ.
როგორც ჩანს, ქართული ჯარის ოფიცერს ვერც კი წარმოედგინა, რა შეიძლებოდა დამართოდა, თუკი ქარდავას „რჩევას“ არ გაითვალისწინებდა!
არადა, ქარდავამ ლონდარიძეს პირდაპირ უთხრა – თუ მიწას შეთავაზებულ ფასად არ გაყიდი, ვერ წარმოიდგენ, რა პრობლემები შეგექმნებაო!
ვიცე-პოლკოვნიკი ლონდარიძე ფიქრობდა, სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად ვასრულებ, კანონს არ ვარღვევ, პატიოსნად ვცხოვრობ და იმის გამო, რომ ჩემს კერძო საკუთრებას არ ვყიდი, ვინ რა უნდა დამიშავოსო?
ლონდარიძის ამგვარი ფიქრი სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, მას ნორმალურ ადამიანებთან ან, საერთოდ, ადამიანებთან რომ ჰქონოდა საქმე, მაგრამ პატიოსანი ვიცე-პოლკოვნიკი მხეცური ინსტინქტებით შეპყრობილ კაცისმკვლელებსა და ცივსისხლიან ჯალათებს გადაეყარა, რომლებისთვისაც ყოველგვარი ადამიანური ფიქრი და გრძნობა უცხო იყო.
მოკლედ, დავით ლონდარიძემ მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე უარი თქვა.
ცოტა ხანში იგი თავდაცვის სამინისტროში გამოიძახეს – გამთენიისას დაურეკეს, განგაშია და სასწრაფოდ გამოცხადდიო.
მივიდა.
იქ მეგის ქარდავა დახვდა.
ჯალათი ხმას არ იღებდა. მსხვერპლს მხოლოდ სახეში უყურებდა. ცდილობდა, ფსიქოლოგიურად გაეტეხა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ლონდარიძეც ჩუმად იყო, მაგრამ ქარდავას დუმილი და დაჟინებული მზერა რომ კიდევ გაგრძელდა, თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა.
ჯალათი მიხვდა, რომ გაყინული თვალების მიშტერებით ვერ მოახერხა მსხვერპლის მორალურად გატეხა, ამიტომაც ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა – ლონდარიძის ღიმილს ქარდავამ ხელის დარტყმით უპასუხა, რაც ოთახში მყოფი სხვა „პანიშერებისათვის“ სიგნალი აღმოჩნდა და ისინი ვიცე-პოლკოვნიკის უმოწყალო ცემას შეუდგნენ.
კარგა ხანს ურტყამდნენ.
ქარდავას კაბინეტში დროდადრო შედიოდნენ ძმები ახალაიები – დათა და ბაჩო.
ბაჩო ახალაიამ დავით ლონდარიძეს პირი გააღებინა, პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და მოსთხოვა – აღიარე, რომ რუსეთის აგენტი ხარო!
სასტიკად ნაცემ და ნაწამებ დავით ლონდარიძეს კი თავში ერთადერთი ფიქრი უტრიალებდა – ახალაიას იარაღი, ნეტავი, დატენილი ჰქონდეს, ხელში ვწვდები, ჩახმახს თითს გამოვკრავ და ჩემს ტანჯვა-შეურაცხყოფას წერტილს დავუსვამ, აქვე მოვკვდებიო.
მას სიცოცხლე აღარ უნდოდა!
თუმცა, ახალაიას „გლოკი“, რომლის ლულაც ლონდარიძეს პირში ედო, დატენილი არ აღმოჩნდა.
ვიცე-პოლკოვნიკის წამება გაგრძელდა.
მოგვიანებით, „ასავალ-დასავალისათვის“ მიცემულ ინტერვიუში დავით ლონდარიძე გაიხსენებს:
„მთელი დღე ვიყავი სამხედრო პოლიციაში და მთელი დღე იქ იყვნენ ახალაიები. სამხედრო პოლიციაში დაკითხვებისათვის სპეციალური ოთახი იყო, რომელსაც „გუბკიან“ ოთახს ვეძახდით. კედელზე სპეციალური „გუბკა“ იყო გაკრული, რომ წამების ხმები გარეთ არ გასულიყო და ნაწამებ ადამიანს კედელზე შეჯახებით თავის მოკვლა არ ეცადა. ამ ოთახში შემიყვანეს. ქართველი კაცი ისეთ სისაძაგლეს არასოდეს გააკეთებს, რაც იმათ გამიკეთეს.
წამაქციეს და წაქცეულს თავში წიხლებს მირტყამდნენ. თავდაპირველად თავზე ხელებს ვიფარებდი, მაგრამ თითები მომტყდა, საშინელ ტკივილს ვგრძნობდი და ამიტომ ვცდილობდი, ხელები დამემალა. წაქცეულ კაცს სამი თუ ოთხი ადამიანი მირტყამდა. ყოველი წიხლი თავში მხვდებოდა.
დათა ახალაია კეთილი ადამიანის როლს თამაშობდა, ბაჩო ახალაია – ბოროტის. ბაჩო რომ მაგინებდა და მირტყამდა, დათა მეუბნებოდა, ხომ იცი, რომ მკვლელია, აღიარე, თავს რატომ აკვლევინებო“.
ძვირფასო მკითხველო, წარმოიდგინეთ, ძმა ძმაზე რომ იტყვის, მკვლელიაო!
უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ კაცს იმით რომ შეაშინებს, ჩემი ძმა მკვლელია და შენც მოგკლავსო!
და განა ეს ლონდარიძის შესაშინებლად ჰაერზე წამოსროლილი სიტყვები იყო?
არა!
დათა ახალაიამ კარგად იცოდა, რომ მისი ძმა მართლა მკვლელი იყო!
ბაჩო ახალაიამაც კარგად იცოდა, რომ მისი ძმა მართლა მკვლელი იყო!
ძმებმა ერთმანეთის შესახებ იცოდნენ, რომ მკვლელები იყვნენ.
ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ისინი ამას არა თავიანთ ტრაგედიად, არამედ უპირატესობად თვლიდნენ.
საშინელი ცემა-წამების მიუხედავად, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს რუსეთის ჯაშუშობა ვერ აღიარებინეს.
რაღა დარჩენოდათ ჯალათებს?
იმ ხერხს მიმართეს, რომელსაც ქართული აბუ-გრეიბის შემოქმედი ნაციონალური ფაშიზმი ხშირად იყენებდა.
თავად დავით ლონდარიძის მონათხრობი გავიხსენოთ:
„გაუპატიურებით დამემუქრნენ. ვიფიქრე, რომ ამას არ გააკეთებდნენ, მაგრამ როცა შარვალი და ტრუსი გამხადეს და დაიძახეს, მეტრა...ე შემოიყვანეთო, მაშინ მართლა შემეშინდა. ვუთხარი, ეგ არ გააკეთოთ და რაც გინდათ, იმას ვიტყვი-მეთქი“.
დიახ, დავით ლონდარიძეს გაუპატიურება დაუპირეს და არჩადენილი დანაშაული რომ არ ეღიარებინა, გააუპატიურებდნენ კიდეც!
რატომ?
მხოლოდ იმიტომ, რომ მან საკუთარი მიწის ნაკვეთის გაყიდვაზე უარი თქვა!
თუმცა, ნაციონალური ფაშიზმისათვის მხოლოდ ის არ იყო საკმარისი, რომ ვიცე-პოლკოვნიკ ლონდარიძეს არჩადენილი დანაშაული – რუსეთის ჯაშუშობა – ეღიარებინა. მას „თანამზრახველები“, ანუ „ჯაშუშური ქსელის“ სხვა წევრებიც უნდა დაესახელებინა, რათა ნაც-ფაშისტების ავადმყოფურ გონებაში მომწიფებული სცენარი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, ხოლო საზოგადოებისათვის შესაფასებელი მორიგი სპექტაკლი – უფრო სანახაობრივი.
ჰოდა, ლატარიაც დაიწყო – თამაში ადამიანების ბედით!
როგორც შემდეგ მოხდება – თამაში ადამიანების ღირსებითა და სიცოცხლით!
აი, ასე:
ნაც-ჯალათებმა დავით ლონდარიძის მობილურ ტელეფონში ქექვა დაიწყეს და როცა იქ მისი შორეული ნაცნობის, დაზვერვის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის ნომერი აღმოაჩინეს, ლონდარიძეს მოსთხოვეს, იგი ჯაშუშური ქსელის წევრად დაესახელებინა.
დავით ლონდარიძე იხსენებს:
„თავად დამისახელეს სამი გვარი. მათგან ერთ-ერთისთვის ხელი უნდა დამედო და მეთქვა, რომ ინფორმაციას მას ვაწვდიდი. ესენი იყვნენ გენერალი ნაირაშვილი, პოლკოვნიკი თეთრაძე და მესამე გვარი აღარ მახსოვს, რადგან არც არასდროს მსმენია. სამივე გვარი ფურცელზე დაწერეს და თითი თეთრაძეზე დამადებინეს“.
თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს – საკუთარ დაბადების დღეს დააპატიმრეს და ბრალად რუსეთის ჯაშუშობა წაუყენეს.
ქართული აბუ-გრეიბის ჯალათებმა მისი წამება დაკავებისთანავე დაიწყეს.
თეთრაძეს პირველი ჯოჯოხეთი გლდანის ციხის ე.წ. კარანტინის საკანში ელოდა.
მე-8 საპყრობილის პატიმრები – კახა ხაინდრავა და ლევან სულაქველიძე გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებებში ამტკიცებენ, რომ სერგო თეთრაძის წამება საკუთარი თვალებით იხილეს.
აი, რას აცხადებს მოწმის სახით დაკითხული კახა ხაინდრავა პოლკოვნიკ თეთრაძის წამებაზე:
„ვხედავდით, რომ დაცემის შემდეგ „ქათმები“ %მამათმავალი პატიმრები. რედ.‘ წამოაყენებდნენ და განაგრძობდნენ მის ცემას. საშინლად მოქმედებდა ამ პირის ღმუილი“.
დიახ, უდანაშაულო პოლკოვნიკს არამარტო გლდანის ციხის თანამშრომლები, არამედ საპყრობილის ადმინისტრაციასთან მოთანამშრომლე მამათმავალი პატიმრები – ე.წ. „ქათმებიც“ აწამებდნენ!
დიახ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსეულ ოფიცერს, სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცს – უდანაშაულო სერგო თეთრაძეს – ნაციონალური ფაშიზმი „ქათმების“ ხელით გვემდა!
დიახ, თმაშევერცხლილ ქართველ ვაჟკაცს, ოჯახის პატრონს და მამას სააკაშვილ-ახალაიების „ქათმები“ ღირსებას უკორტნიდნენ.
და სანამ სერგო თეთრაძე ამ ჯალათებსა და „ქათმებს“ შეაკვდებოდა, თავისი ადვოკატისათვის იმის თქმა მოასწრო, რომ სამხედრო პოლიციაში მეგის ქარდავამ და ბაჩო ახალაიამ თავზე პოლიეთილენის პარკების ჩამოცმით აწამეს.
თეთრაძის ადვოკატი თამარ იასეშვილი, რომელმაც უდანაშაულოდ დაპატიმრებულ პოლკოვნიკს, ორდღიანი ძებნის შემდეგ, დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში მიაკვლია, ჩვენებაში ამბობს:
„სერგო თეთრაძე იყო საშინელ მდგომარეობაში. ფეხზე ძლივს იდგა. თვალებთან და ცხვირთან დალურჯებული ჰქონდა. თვალები – ჩაწითლებული და ცხვირი – გატეხილი. მეუბნებოდა, რომ ცხვირი უყანყალებდა. მითხრა, რომ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში სამხედრო პოლიციაში აწამებდა ბევრი ადამიანი. ამბობდა, რომ ვიცანი ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავაო. ისინი უშუალოდ მაწამებდნენო. ასევე მითხრა, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჩამოაცვეს და ამიტომ უჭირდა სუნთქვა“.
ზემოთ დავასახელეთ გლდანის ციხის ორი პატიმარი, რომლებმაც გამოძიებას ჩვენება მისცეს და განაცხადეს, რომ თავიანთი საკნიდან დაინახეს, როგორ აწამებდნენ სერგო თეთრაძეს, გაიგონეს, როგორ ბღაოდა იგი.
დიახ, პოლკოვნიკ თეთრაძის წამება იმდენად სასტიკი და ღირსების შემლახავი ფორმებით ხდებოდა, რომ უდანაშაულო პოლკოვნიკის არაადამიანური, გულის გამგმირავი ბღავილი მთელ საპყრობილეს ესმოდა.
2015 წელს ტელევიზიით გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს გლდანის ციხის ერთ-ერთი პატიმარი უყვება, როგორ დაინახა სერგო თეთრაძის წამება:
„თერთმეტი საათი ხდებოდა და როგორი ბღავილი მესმის, იცით? – წარმოიდგინეთ, კაცს უნარკოზოდ ხელს ან ფეხს რომ აჭრიდნენ. დავინახე, შავმასკიანები „დუბინკებით“ როგორ აწამებდნენ შიშველ, ჭაღარათმიან კაცს. 5 წუთში ატყდა ერთი ამბავი, გაქცევა-გამოქცევა და ერთ-ერთი ოფიცერი ხმამაღლა იძახის – „ვერ მოვასწარით, „დაიბრიდა!“
გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ლადო ბედუკაძე, რომელმაც 2011 წლის სექტემბერში შოკისმომგვრელი ვიდეოკადრები გაავრცელა და მთელ მსოფლიოს გააგებინა, როგორ აწამებდნენ ადამიანებს ქართულ აბუ-გრეიბში, აცხადებს, რომ სერგო თეთრაძე სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ციხის ტერიტორიიდან ჰყავდათ გაყვანილი.
ბედუკაძე ვარაუდობს, რომ გლდანის საპყრობილის დირექტორმა ალექსანდრე მუხაძემ, რომელიც ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა – „შეფ, მოვდივართ, შეფ, მოგვყავსო“ – სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროში, ბაჩო ახალაიასთან წაიყვანა.
უდანაშაულო პოლკოვნიკის წამება ციხეში დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდა!
სერგო თეთრაძე სასტიკი წამების დროს გარდაიცვალა!
მან თავისი სიცოცხლე ნაციონალურ ფაშიზმს შეატოვა, მაგრამ არ გატყდა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედება არ დაიბრალა!
ნაციონალურმა ფაშიზმმა სერგო თეთრაძეს ღირსება ვერ წაართვა!
სერგო თეთრაძე – ეს სახელი და გვარი საქართველოში ღირსების სიმბოლოდ იქცა!
დავით ლონდარიძესა და სერგო თეთრაძესთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ორი ადამიანი ჰყავდათ დაკავებული – სერგეი ჩაპლიგინი და გიორგი გორელაშვილი.
პირველი მათგანი ხელოვნების პედაგოგია, მეორე კი – რადიომოყვარული.
ჩაპლიგინსა და გორელაშვილს აიძულებდნენ, ეთქვათ, რომ ლონდარიძის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მოპოვებულ ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიდნენ.
იძულება ცემისა და წამების გზით ხდებოდა.
მოგვიანებით გიორგი გორელაშვილი გაიხსენებს:
„მეგის ქარდავა შემოვიდა, შემოიტანა ტყავის ქამარი, ყელზე შემაბა და კორიდორში ოთხზე მატარებდა!“
შეგახსენებთ, რომ პატიმრების ძაღლების პოზაში ჩაყენება და ოთხზე ტარება ამერიკელი სამხედროების მიერ აპრობირებული წამების ხერხია, რომელსაც ისინი აბუ-გრეიბის ციხეში ერაყელი პატიმრების მიმართ იყენებდნენ.
კვლავ გიორგი გორელაშვილის ნაამბობს მივყვეთ:
„მეგის ქარდავამ მაკრატლით დამაჭრა წარბები და წამწამები. შემდეგ შემოიტანა რკინის საჭრელი დიდი მაკრატელი და მითხრა, შენ ბევრ რამეზე გექნება ხელი მოსაწერი, ამიტომ მარჯვენა ხელს შეგინარჩუნებ და მარცხენა ხელზე რომელი თითი მოგაჭრა, შენ თვითონ აირჩიეო“.
ძვირფასო მკითხველო, იცით, როდის გაიცნეს ერთმანეთი ერთსა და იმავე საქმეზე, ერთი და იმავე ბრალდებით გასამართლებულმა დავით ლონდარიძემ, გია გორელაშვილმა და სერგეი ჩაპლიგინმა?
იცით, როდის ნახეს ერთმანეთი პირველად იმ ადამიანებმა, რომლებსაც ნაციონალურმა ფაშიზმმა ერთი ჯაშუშური ქსელის წევრობა დააბრალა და ქართულ აბუ-გრეიბში ჯოჯოხეთური წლები გაატარებინა?
2013 წელს, როცა ახალმა ხელისუფლებამ საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა და ბევრ უდანაშაულო ადამიანს თავისუფლება არგუნა, ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ადამიანი ერთმანეთს ეძებდა.
– გორელაშვილი რომელია? – კითხულობდა ლონდარიძე!
– ლონდარიძე რომელია? – კითხულობდა გორელაშვილი!
– ჩაპლიგინი რომელია? – კითხულობდნენ ლონდარიძე და გორელაშვილი!
– ლონდარიძე და გორელაშვილი რომლები არიან? – კითხულობდა ჩაპლიგინი!
დიახ, მათ ერთმანეთი ციხიდან გამოსვლისას, საპყრობილის კართან გაიცნეს!
საუბედუროდ, სერგო თეთრაძის გაცნობა ვერ მოახერხეს!
სერგო თეთრაძე აღარ იყო!
ავტორი: ჯაბა ხუბუა