logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ჩვენს გადაწყვეტილებას - ეს არ არის ჩვენთვის სიახლე!
- +

18 ნოემბერი. 2018. 22:04

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ გარკვეულ საბანკო დავალიანებებზე შესაძლოა, ამნისტია გამოცხადდეს.

 

„შავ სიაში მყოფი ადამიანების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია, მიდის მუშაობა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც გააჩნია ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ ვიცით, რომ რამოდენიმე ასეული ათასი კაცი არის შავ სიაში მოხვედრილი და ყველაზე მთავარი ჩვენი ეკონომიკისთვის არის, რომ ეს ხალხი გამოთიშულები არიან ეკონომიკური საქმიანობიდან, ბევრ მათგანს მოტივაცია აქვს დაკარგული, იშოვოს სამსახური და დაიწყოს მუშაობა, რადგან ხელფასის ნაწილი შეიძლება ჩამოეწეროს. ისინი ჩვენ პრაქტიკულად დაკარგულები გვყავს. ჩვენ ისინი უნდა ჩავრთოთ ისევ ეკონომიკაში, ამიტომ ამ საკითხზე დიდი ხანია, მსჯელობა მიდის და ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ჩვენს გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენთვის სიახლე. ეს არის დიდი მუშაობის შედეგი“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

 

მისივე თქმით, ხვალ გამოცხადდება დეტალური ინფორმაცია მთავრობის ინიციატივის შესახებ.

 

„შეიძლება, გამოცხადდეს ამნისტია რაღაც განსაზღვრულ დავალიანებებზე. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. ასეთი სახის ცვლილებები ჩვენ უნდა განვახორციელოთ ისე, რომ ამან ზიანი არ მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას და ზოგადად, ჩვენს საფინანსო სექტორს, ამიტომ გვმართებს დიდი სიფრთხილე. როცა ასეთი განცხადებები კეთდება, ყველა უნდა იყოს ფრთხილად. ძალიან ადვილია პოპულისტური განცხადებების გაკეთება, მაგრამ ძალიან რთულია სერიოზული განცხადებების გაკეთება, რომ მართლა არ ჩამოგვემხოს ეს ეკონომიკა თავზე, ამიტომ ყველა ფრთხილად იყოს და ნუ აკეთებენ ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომ სესხები შევამციროთ და ჩავატაროთ ისეთი რეფორმები, რაც შეუძლებელია და უდიდესს დარტყმას მიაყენებს საფინანსო სექტორს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner