თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია მთავრობის იმ ინიციატივას აფასებს, რომელიც 600 ათასი მოქალაქისთვის ვალის ჩამოწერას გულისხმობს.
ექსპერტის თქმით, „2000 ლარამდე (ძირი თანხა) პრობლემური სესხების მქონე დაახლოებით 600 ათასი მოქალაქის ვალისგან გათავისუფლება, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს უტოლდება, არნახული გულუხვობაა კერძო სექტორის, კერძოდ ფონდი „ქართუს“ მხრიდან“.
„ეს არ გამოიწვევს ამ მოცულობის თანხის ერთბაშად ბაზარზე გამოსროლას და ინფლაციას, როგორც ამას სკეპტიკოსები პროგნოზირებენ, რადგანაც ეს თანხა მევალეებზე ანუ საფინანსო სექტორზე გადანაწილდება, რომელსაც თავის მხრივ სესხების უფრო იაფად გაცემის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება ამ უიმედო სესხების დაბრუნებით.
გარდა ამისა, ამ მევალეების დიდი ნაწილი გათავისუფლდება ყოველდღიური თავის ტკივილისგან და არც პრობლემა ექნება, დაიწყოს მუშაობა და ხელფასი დაერიცხოს, რომელსაც უკვე არ დაუყადაღებენ ვალის გამო.
დამატებით, იმათ, ვისაც ასეთი ვალი არ ჰქონდა და არ შეეხო ეს ცვლილებები, ჩემი აზრით, არათუ ნეგატიურად არამედ კეთილგანწყობით უნდა შეხვდნენ იმ მოვლენას, რომ მათ გაჭირვებულ თანამოქალაქეებს კერძო სექტორის და არა ბიუჯეტის ხარჯზე გაუნულდებათ ვალები", - განაცხადა ექსპერტმა.