logo_geo
eng_logo
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი გაიმართა
- +

19 ნოემბერი. 2018. 16:30

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე, არაფორმალური განათლების ორგანიზაციები. ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ურთიერთთანაშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, შეაჯამეს გაწეული საქმიანობა და დასახეს კოორდინირებული მუშაობის გზები, სამომავლო აქტივობები და პროექტები.

 

ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ ისაუბრა არაფორმალური განათლების აღიარების საკითხზე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად არაფორმალური განათლების სფეროს სპეციალისტების მონაწილეობით სამუშაო ფორმატის, ჯგუფის შექმნაზე; ასევე, სასახლეში მიმდინარე ცვლილებებზე, მნიშვნელოვან პროექტებსა და ახალ სერვისებზე, სწავლების თანამედროვე მეთოდიკაზე. მონაწილეებს შორის გაიმართა აქტიური დისკუსია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა არაფორმალური განათლების გამოწვევებზე, აქტუალურ საკითხებზე.

 

სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი თოდაძემ ისაუბრა პირველ საერთაშორისო საბავშვო-ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე „თაობა“, მის დიდ წარმატებაზე, მრავალფეროვან რეპერტუარზე, მუშაობის სპეციფიკაზე, მან კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა. სასახლის კადრების მენეჯერმა თინა მესტვირიშვილმა ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე, იმ მრავალფეროვან სერვისებზე, რომელსაც სასახლე ბენეფიციარებს სთავაზობს;

 

პროექტებისა და პროგრამების სამსახურის უფროსმა, ლევან დვალმა ისაუბრა სამსახურის სტრატეგიასა და მნიშვნელოვან პროექტებზე, საგნობრივი მიმართულებების ხელმძღვანელმა, ლია შენგელიამ - საგნობრივი მიმართულებების სიახლეებსა და გამოწვევებზე, თითოეული მიმართულების მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, მეთოდისტმა ნინელი ჩიხლაძემ - ინოვაციებისა და მეთოდური მუშაობის ცენტრის საქმიანობაზე, მის მიერ უკვე გამოცემულ და სამომავლო თემატურ კრებულებზე არაფორმალური განათლების სფეროში, „ამერიკული კუთხის“ კოორდინატორმა, ნათელა ურუშაძემ წარმოადგინა „ამერიკული კუთხის“ მნიშვნელოვანი პროგრამები.

 

„ინტერკლუბის“ პედაგოგმა, ქეთევან გელაშვილმა მიმოიხილა „ინტერკლუბის“ წარმატებული პროექტები, რომელშიც ჩართულნი არიან ახალგაზრდები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოახლოებულ მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებსა და ინოვაციებზე იმსჯელეს სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციის ხელმძღვანელმა ნათელა ჩხეიძემ, ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა მარინა მარჯანიშვილმა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა თემატური დისკუსიები და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner