„ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად საბიუჯეტო თანხებიდან ერთი თეთრი არ იხარჯება, პროცესის აქტიური მონაწილეა საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.
„ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს მოსაზრება, რომ თითქოს საბიუჯეტო თანხები იხარჯება ამ ინიციატივაზე. ერთი თეთრი არ იხარჯება. პროცესის აქტიური მონაწილე გახლავთ საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელიც გამოისყიდის და გადაიხდის იმ თანხას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება იქნეს განულებული 600 ათასი მოქალაქისთვის.
მოთამაშეების უმრავლეს ნაწილთან ეს შეთანხმება უკვე შედგა. მასში უამრავი ნიუანსია. დღეს კონკრეტულ ციფრებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვიცი ის, რომ საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გადაიხდის იმ თანხას, რომ ეს უზარმაზარი დავალიანება გაუნულდეთ ჩვენს მოქალაქეებს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.