უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივა: ეკლესიების კარი ყოველ ღამით გაიღოს უსახლკარო ადამიანების შესაფარებლად.
ამის შესახებ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და ეკლესიის წინამძღოლებს კურთხევა მისცა:
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია, ეს არის სხეული იესო ქრისტესი, უძლეველი სხეული. ამიტომ ამბობს იესო, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. თქვენ მოგეხსენებათ, წინ გველის მკაცრი და ცივი ზამთარი. მინდა, გაჭირვებული და უსახლკარო ხალხის მდგომარეობას შევეხო, რომლებიც შუა ზამთარში გარეთ რჩებიან. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მრავალი უსახლკაროა ქუჩაში. გეძლევათ კურთხევა, [ეკლესიების წინამძღოლებს] რომ ჩვენმა ეკლესიებმა, ღვთის სახლებმა, კარი გაუღოს უსახლკარო ადამინებს ღამით, რომ მათ ჰქონდეთ ღამის გათევის საშუალება, რათა ღია ცის ქვეშ არ იყვნენ. მე მაქვს სურვილი, რომ ეკლესიები ყოველ ღამით მოვაწყოთ თავშესაფრებად.
არ დაგვავიწყდეს, ყველამ შევთხოვოთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებით, რომლთაც არ აქვთ ამ განსაცდელისგან თავის დაღწევის საშუალება. ჩვენმა ერმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არაერთხელ აჩვენა გაუტეხლობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით, ეს მომავალშიც ასე იქნება და ერთიანი დახმარებითა და ლოცვით ცივი ზამთარი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში აღარავის შეიწირავს.”