logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: მაქვს გაკეთებული განცხადებები, როდის ვაპირებდით ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად ნაბიჯის გადადგმას
- +

20 ნოემბერი. 2018. 03:45

 

 

„კონკრეტულად მაქვს გაკეთებული განცხადებები, თუ როდის ვაპირებდით ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად ნაბიჯის გადადგმას და ვფიქრობ, მოსახლეობამ ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

 

„რამდენჯერ აღვნიშნე, რომ ამ პრობლემას წლის ბოლოს გადავწყვეტდით. ამაზე პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმაც არაერთხელ ისაუბრა. პოლიტიკური ოპონენტებისგან მოვისმინეთ შეფასება, რომ ჩვენი ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში გახმიანდა და თუ ისინი ერთადერთ ნაკლს ამას ხედავენ, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თითოეული ჩვენგანი ამ ინიციატივის რეალიზაციით რამდენად მასშტაბურ ნაბიჯს დგამს“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს გურამ ნიკოლაშვილის შეკითხვას უპასუხა, რას გააკეთებს მთავრობა საარჩევნო პერიოდში, რომ ბანკის ვალებთან დაკავშირებით დაანონსებული ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვაში არ ჩაითვალოს.

 

მისი თქმით, ოპონენტების შეფასება თითიდან გამოწოვილია, ისევე, როგორც მათ მიერ გაკეთებული შეფასებები ხელისუფლების წინა ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ეხებოდა.

 

„ოპონენტები წინა ინიციატივასთან დაკავშირებითაც იგივე არგუმენტს ასახელებდნენ, თუ რატომ მოხდა ახალი სოციალური პოლიტიკის დაანონსება ე.წ. წინა საარჩევნო პერიოდში, მაგრამ UNICEF-ის დასკვნამ მათ შორის, ეკონომიკურ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ხარვეზი გამოაჩინა და დავდეთ პირობა, რომ ამას მომავალი წლის ბიუჯეტისთვის გამოვასწორებდით. ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში დღეს, ამ პერიოდში მიმდინარეობს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ვისთანაც პროგრამა გვაქვს, რამდენიმე დღის უკან მივიღეთ თანხმობა და იბადება კითხვა, მაშინ, ეს ყველაფერი როდის უნდა დაგვეანონსებინა?!“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლებამ დააანონსა, რომ ამას გააკეთებდნენ, მაგრამ მისი პრაქტიკული რეალიზაცია ბუნებრივია, ოქტომბერ-ნოემბრის თვეში უნდა მომხდარიყო და არ შეიძლება, აქ შინაარსობრივად, კითხვის ნიშნები არსებობდეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner