ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ბრალდების საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანი მოწმეები იყვნენ პირები, რომლებიც გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებს ფლობდნენ როგორც კონფლიქტთან, ასევე კონფლიქტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც ის აღნიშნავს, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების 6 მოწმე, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი. სრულწლოვანი მოწმეები იყვნენ კონფლიქტის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ხოლო არასრულწლოვანი მოწმეებიც იყვნენ პირები, რომლებიც გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებს ფლობდნენ როგორც კონფლიქტთან, ასევე კონფლიქტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. შინაარსს ვერ მოგახსენებთ, პროცესი დახურულ ფორმატშია, ბრალდებულიც და მოწმეებიც არასრულწლოვნები არიან, რის გამოც, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, შინაარსი მოგახსენოთ.
არასრულწლოვნებიდან ერთი მათგანი იმყოფებოდა ეზოში, ხოლო მეორე ბრალდებულს ეზოდან გამოსვლის შემდეგ შეხვდა.
ყველა მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანია", - აცხადებს მეგრელიშვილი.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, რომელიც საპყრობილეში მირზა სუბელიანთან განხორციელებული ჩანაწერის მტკიცებულების სახით საქმეზე დართვას ეხებოდა, როგორც პროკურორი განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით, პოზიციას შემდეგ სხდომაზე დააფიქსირებენ.
„მოწმეების დაკითხვის შემდეგ დაცვის მხარემ იშუამდგომლა ახალი მტკიცებულების დართვაზე. თუმცა, აღნიშნული შუამდგომლობა როგორც ჩვენთვის, ასევე სასამართლოსთვის დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი. ამიტომ, სასამართლომ ბრალდების მხარეს გარკვეული დრო განუსაზღვრა. შემდეგ სხდომაზე წერილობით პასუხს გავცემთ“, - აცხადებს მირიან მეგრელიშვილი.