logo_geo
eng_logo
OECD-მ საქართველო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით სამოდელო წარმატებულ ქვეყნად დაასახელა
- +

20 ნოემბერი. 2018. 18:56

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ გაწეული რეკომენდაციები განსაკუთრებით წარმატებით შესრულებულად შეაფასა და საქართველო ამ კუთხით სამოდელო წარმატებულ ქვეყნად დაასახელა.

 

აღნიშნული განცხადება ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, OECD ევრაზიის კვირეული 2018-ის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაზე გააკეთეს, რომელსაც საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ესწრება. დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ხელმძღვანელობს.

 

ევრაზიის კვირეულის მონაწილე ქვეყნებმა  მიულოცეს საქართველოს მიღწეული პროგრესი, უმრავლესობამ კი გამოთქვა საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შეხვედრების დიდი ნაწილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება იყო.

 

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ბიზნესის სექტორი და განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში და იმავდროულად, ხელს უწყობს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას დიდი როლი ენიჭება სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ზრდის თვალსაზრისით და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების კუთხით.

მთავრობა მუდმივად მუშაობს ახალი ინსტრუმენტების შემუშავებაზე ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი და მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროგრამა წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ მექანიზმს.

 

მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმი ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე.

 

„მიგვაჩნია, რომ საკრედიტო გარანტიის მექანიზმი მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებისა და ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ასევე მინდა ყურადღება გავმახვილო იმ ფაქტზე, რომ  საკრედიტო-საგარანტიო სქემა ითვალისწინებს ქალ მეწარმეთა წახალისებას", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციური და კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე, მათ შორის, მაღალი რისკის შემცველი ბიზნეს იდეების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

 

კვირეულის ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები გენდერული პოლიტიკის განხორციელების პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ; ეკონომიკური ინტეგრაციისა და ურთიერთკავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევრაზიის ქვეყნებში. ამასთან წარმოდგენილი იქნა რიგი ქვეყნების სტრატეგიების მონიტორინგის შედეგები უნარების განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.

 

ევრაზიის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრები ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გლობალურ ურთიერთობათა ევრაზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან უილიამ ტომპსონთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრების დროს განხილულ იქნა მიმდინარე პროექტები, არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები და მიღწეულ იქნა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე.

 

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ცისნამი საბაძე, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ხიდურელი და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ლაშხი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner