logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: მე ვიყავი ბაბუს ნათესავი და მე ვერ დავიმკვიდრე ქვეყანა...
- +

21 ნოემბერი. 2018. 12:41

 

...სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა… - გარს უვლიდა ცხედარს გამხდარი, ჩია ტანის მოძღვარი.

 

ოთხმოც წელს გადაცილებული იყო ჩვენი სოფლის მღვდელი.

 

ბაბუაჩემის უანგარო მეგობარი და უკეთილშობილესი თანასოფლელი.

 

ბაბუს გოგო ვიყავი მე და მის ყველა ნაბიჯს აკიდებული.

 

სოფლის განაპირა საყდარში მეგობარს თვეში ერთხელ მაინც მიაკითხავდა.

 

კუნძებზე ჩამოსხდებოდნენ და ამ მთისა და იმ მთის ამბებს განიხილავდნენ.

 

- ადამიანებზე მეტად ხეები მეცოდებიანო... გაქცევა არ შეუძლიათ და ლაპარაკიო... წამო, ერთხელ ძლიერი ყინვისას, წამომყევი... ნახე, როგორ დგანან ტყეში შიშვლები და საცოდავები.

 

- ადამიანი ყველაზე დიდი ღირებულებაა, რასაა, რომ ბოდავო?!

 

- ხეები მეტად...

 

ტიროდა ბაბუაჩემი.

 

მღვდელმა ოლარი გამოიტანა, თავზე გადააფარა და რაღაც სიტყვები იბუტბუტა - ნებსითნი და უნებლიეთნიო.

 

მერე ბაბუმ ხელი ჩამჭიდა და ტყისკენ ავუყევით გზას.

 

დადიოდა და ხეებს ეფერებოდა, ეხუტებოდა, ეალერსებოდა, ელაპარაკებოდა.

 

მუხა უყვარდა განსაკუთრებით.

 

მიზეზი უცნობია დღემდე.

 

მაგრამ იქ მიდიოდა.

 

ორივე მუხლით დაიჩოქებდა, ხელებს გულზე დაილაგებდა და თვალდახუჭული ირინდებოდა რამდენიმე წამს.

 

ბაბუ რომ დავასაფლავეთ, მღვდელი მე გავაცილე ტაძრამდე.

 

- გარდაცვლილები არ არსებობენო, - მითხრა, - შენ დაიმკვიდრე ქვეყანა და გაუფრთხილდი იმას, რაც ბაბუაშენს უყვარდაო.

 

ვეფერებოდი და ვუფრთხილდებოდი ბაბუს კიტელს, ჯაყვას, ფარანს, რადიოს, იარაღს, ფოტოებს, ქუდს...

 

იმ წელს ისეთი ყინვები დაიჭირა, რომ სოფლის უხუცესებიც ვერ იხსენებდნენ მსგავსს.

 

ბაბუს მუხა გამახსენდა და გათენებისთანავე ტყეში გავვარდი.

 

გადაჭრილი დამხვდა.

 

ორივე მუხლზე დავემხე ბაბუსავით და გავირინდე...

 

სიკვდილის წინ ეტირა ხეს და ცრემლები ზედ მიჰყინვოდა...

 

„მოუფრთხილდი, რაც უყვარდა“, - ყურში ჩამესმოდა მღვდლის ხმა.

 

მე ვიყავი ბაბუს ნათესავი და მე ვერ დავიმკვიდრე ქვეყანა...

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner