ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ე.წ. კაბელების საქმეზე სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს.
„საერთო ჯამში, ეს ჩაკეტილი საქმეა, არავინ ვიცით სიმართლე, რასაც ამა თუ იმ მხარისგან ვისმენთ, თანაბრად შეიძლება იყოს სიმართლეც და ტყუილიც."- აღნიშნავს გამზარდია.
„ბევრი ვიფიქრე, შემემჩნია რამე თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე და მივხვდი, რომ საერთო ჯამში, ეს ჩაკეტილი საქმეა, არავინ ვიცით სიმართლე, რასაც ამა თუ იმ მხარისგან ვისმენთ, თანაბრად შეიძლება იყოს სიმართლეც და ტყუილიც. ამის დადგენა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც სასამართლოს თუ შეუძლია, სხვადასხვა ინსტანციაში, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, ის, რაც აქ ხდება, ფართო დონეზე, საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, მხოლოდ პოლიტიკური პროცესია და ამორალურია ის პოლიტიკოსი, რომელიც ამ საქმის გამოყენებას პოლიტიკურ ინსტრუმენტად ცდილობს და როგორც მივხვდი, ასეთი რამდენიმე პარტია უკვე მოითვლება.
ადამიანი ციხეში - უბედურებაა, სამწუხაროა, ცოდოა, ეს ცალსახაა, მაგრამ სახელმწიფო სამართლებრივი ნორმებით იქმნება და არა სპეკულაციებით.
რასაც აკეთებს "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები" და მსგავსი - ეს სპეკულაციაა, მათ ძალიან კარგად იციან სამართლებრივი ნორმების აუცილებლობა სახელმწიფოსთვის და მაინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, ეს კი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, სამწუხაროა.
იმედი მაქვს, ხალხის აყოლიება ამ მორიგი სპეკულაციისათვის ვერ მოხერხდება, სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსები იმ ადამიანთა ბედითაც თამაშობენ, ვინც განსაცდელშია და იმ ადამიანთა ბედითაც, ვის გამოყენებასაც აპირებენ აყოლიებით."