logo_geo
eng_logo
ზურაბ თორია: არადანი შენ...
- +

21 ნოემბერი. 2018. 16:38

 

ბოლო არჩევნებმა აშკარად გამოავლინა ქართველი ხალხის მასობრივი დაბნეულობა და დაქსაქსულობა. მათთვის საამაყოდ და საიმედოდ მიჩნეულმა ათეულობით კანდიდატმა საბოლოოდ ფიასკო განიცადა და ხელთ შეგვრჩა ორი ფავორიტი, რომელთაგან ერთი დასავლურ კულტურას ნაზიარები, ქართველ ემიგრანტთა შთამომავალი, გამოცდილი დიპლომატია, მაგრამ იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების მეთაურის მიმართ თავისი დამოკიდებულება გაასაჯაროვა და მავანთა მცდარი მოსაზრებით, დიპლომატიის ელემენტარული ეთიკის ნორმა დაარღვია, ისე აითვალწუნეს, უკანასკნელი სიტყვებით ამკობდნენ. ამ დროს, ეს კანდიდატი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ნამდვილი დიპლომატის შესაფერისად, ღიმილით იგერიებდა მოწინააღმდეგეთა მიერ ნასროლ ტალახს. მეორე კანდიდატი კი - რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ნაცადი მოთამაშე (პირდაპირი მნიშვნელობით), რომელსაც არ ჩაუგდია არც ერთი აკრძალული ილეთი კარიერისტული სვლის გზაზე, განუწყვეტლივ გვიმტკიცებს, რომ მას რუსულ დაზვერვასთან არაფერი კავშირი არ ჰქონია და მთელი ცხოვრება საქართველოს ბედნიერებასა და დამოუკიდებლობისთვის იღვწოდა და იღვწის...

 

მოდით, აქ შევჩერდეთ და თვალი გადავავლოთ ამ ორი საპრეზიდენტო კანდიდატის განვლილ გზას:

 

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წელს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. 1972 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981  წელს პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

 

დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნის თანამდებობაზე. 1977-80 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელია.

 

1984-88 წლებში ვაშინგტონში,  საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო. 1988-89 წლებში ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა. მოგვიანებით იყო კონვენციური შეიარაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი; 1989-92 წლებში ნჯამენაში (ჩადი) საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი; 1992-1993 წლებში ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკური მრჩეველი; 1993-1996 წლებში ბრიუსელში, დასავლეთ ევროპის კავშირში, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში - წარმომადგენლის მოადგილე; 1996-98 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-98 წლებში მუშაობდა პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში; 1998-2001 წლებში პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი; 2001-03 წლებში პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი; 2003-04 წლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; 2004-05 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2005-06 წლებში „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის“ ლიდერი; 2006-10 წლებში პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი; 2006-16 წლებში საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი; 2010-15 წლებში გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში XX საუკუნის ოციან წლებში პოლიტიკურ ნიადაგზე ემიგრირებული ბრწყინვალე პიროვნებების შთამომავალია. მათი გვარები დღეს ლამის ყველა ქართველმა იცის. მარტო ნიკო ნიკოლაძის სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლი რომ ჩამოვთვალოთ, „საერთო გაზეთის“ ფორმატი არც გვეყოფოდა. სალომე ზურაბიშვილის უფროსი თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობა  იმქვეყნიურ სამყაროში ისე გადავიდა, სამშობლოსთვის ერთხელ მაინც თვალის შევლება ვერ მოახერხა, მაგრამ აქ დაბრუნება და მის სასარგებლოდ მოღვაწეობა ანდერძად დაუტოვეს თავიანთ შთამომავლებს, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი მიწის ყივილს აჰყვა, საფრანგეთის ელჩად დაბრუნდა თაობების ნანატრ სამშობლოში და მისთვის თავისი გამოცდილებისა და სიყვარულის დამტკიცება მოინდომა. მაშინდელმა პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრადაც კი დანიშნა და მასთან სიახლოვით თავიც კი მოჰქონდა,  რადგან ეს დასავლური კულტურის ღირებულებათა მატარებელი ქალბატონი ფარად სჭირდებოდა. მაგრამ როგორც კი მან დამოუკიდებელი ხასიათი და პრინციპულობა გამოავლინა, მის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა, თანამდებობიდან გადააყენა, ბოღმა და ბალღამი გადაანთხია და ერთგული ჟურნალისტების მეშვეობით ათასი სისაძაგლე დააბრალა.

 

ყველას ეგონა, რომ უზურპატორი პრეზიდენტის გამოხდომებით გულგატეხილი ქალბატონი სალომე საქართველოს არც კი გაეკარებოდა, მაგრამ მასში სამშობლოსადმი ლტოლვის მუხტი განუზომელი ყოფილა. ხშირად ჩამოდიოდა, ცდილობდა ვინმეს წაშველებოდა, გაემხნევებინა სასტიკ რეჟიმში გახვეული ადამიანები, ბოლოს კი საკანონმდებლო ორგანოშიც იყარა კენჭი და „ნაციონალების“ ერთ-ერთ ლიდერს შთამბეჭდავი ქულებითაც მოუგო.

 

ხშირად გაიგონებთ, რა უნდა ამ ქალს, თავის საფრანგეთში დატეულიყოო, და იმას ვერ აცნობიერებენ, რომ თუ ასე ვიძახეთ, ამჟამად ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს რაღაც დროის შემდეგ მსგავსი დახვედრა ელით აქ დარჩენილი საზოგადოების მხრიდან და ასე მოვიმკით ქალბატონი სალომეს მიმართ დაუსრულებელი ლანძღვა-გინებისა და მუქარების სამარცხვინო შედეგს.

 

მას ქართულ საუბარს უწუნებენ. ხშირ შემთხვევაში ამას ისეთი ვიღაც იჩემებს, ვინც ფრაზას ნორმალურად ვერ მართავს და მისი აბდაუბდის მოსმენა საერთოდ ჭირს.  რა თქმა უნდა, ქვეყნის პრეზიდენტი მშობლიურ ენაზე გამართულად უნდა მეტყველებდეს, მაგრამ მავანნი ანგარიშს არ უწევენ, რომ ეს ისტორიული კატაკლიზმების წნეხში გავლილი ქართველის ხვედრია და არა მშობლიური ენისადმი მისი დაუდევრად მიდგომის ბრალი. ქალბატონ სალომეს მონდომება არ აკლია და დარწმუნებული ვარ, ამ ნაკლს გამოასწორებს, მაგრამ იმათ რა ეშველებათ, ვისაც ქართველ პოლიტიკოსებად მოაქვთ თავი, ქართულადაც გამართულად მეტყველებენ, მაგრამ თავიანთი მავნებლური საქციელითა და კარიერისტული სწრაფვით, ქართველ კაცზე ჩვენს წარმოდგენას სცილდებიან, ათას სისაძაგლესა და უბედურებას სჩადიან და მთელ ერს აუნაზღაურებელ ზიანს აყენებენ.

 

ქალბატონი სალომეს შვილები გვარად გორჯესტანები არიან. როცა მის ვაჟიშვილს ჰკითხეს, ეს გვარი რისი მიმანიშნებელიაო, მან უპასუხა, რომ ძნელბედობის ჟამს ირანში ჩარჩენილ მის მამას, სამეგრელოდან გამოსულ გუგუშვილს, გამოუვალი მდგომარეობის გამო მიუღია ეს გვარი. ქალბატონი სალომეს ვაჟიშვილი, თურმე, სტუმრობს ხოლმე თავის წინაპართა სოფელს სამეგრელოში და ამ კუთხის სიყვარულით ცოცხლობს... და რაოდენ სავალალოა, რომ წინაპრების სამშობლოთი ასე გულანთებული ახალგაზრდა კაცი ისმენს დედამისის მიმართ საშინელ ბრალდებებსა და მუქარებს, რაც „ნაციონალების“ რუსი პიარტექნოლოგების მიერ არის დადგმული („ნაციონალებმა“ თავი როგორღაც არ იმართლონ და თვალში ნაცარი არ გვაყარონ, ამით ერთხელ კიდევ დაამტკიცეს, მათი რჩეული საიდან იმართება. აქვე ერთი რამ უეჭველად უნდა აღვნიშნოთ: რუსმა გვარი და ეროვნება რამდენჯერაც არ გამოიცვალოს, მაინც რუსად რჩება და ყველა შემთხვევაში, „რუსული საქმის“ ერთგული რჩება. ვინ იცის, ეს ჭეშმარიტება რამდენჯერ დადასტურებულა და რამდენი ვინმე გამხდარა მათი მსხვერპლი), და ამ ქალბატონის შეურაცხყოფის ხარჯზე, მისი კონკურენტის შავი წარსულის შეფუთვას ცდილობენ. 

 

გრიგოლ ვაშაძე დიაბადა თბილისში, ნოდარ ვაშაძის ოჯახში, 1975  წელს; დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1981 წელს წარმატებით დაასრულა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (სუკ-ის სახელგანთქმული სამჭედლო). 1981-88 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში  საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში. 1988-90 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.

 

1990 წლიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: „Georgia Arts Management“ და „Gregory Vashadze and BR“.

 

2008 წლიდან დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს, 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2008 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008 წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.  

 

აი, ასეთია ორი საპრეზიდენტო კანდიდატის ცხოვრებისეული და პოლიტიკური გზა. ეს მშრალი ბიოგრაფიული ცნობები იმის გამო მოვიყვანეთ, რომ ქართველ ამომრჩეველს ერთხელ კიდევ მივცეთ ზურაბიშვილის მიმართ გადაჭარბებულ, უხამსობამდე მისულ გამონათქვამთა გადასინჯვა და გადაფასების საშუალება.

 

ქართული ნომენკლატურული მუშაკის შვილის, გრიგოლ ვაშაძის წინაპრებს არც ფოთი აუშენებიათ და არც ციხეგორი, მაგრამ ეს საბჭოთა უშიშროების გამობრძმედილი რეზიდენტი ისე იქცევა, თითქოს რუსეთში მთელი ცხოვრება დისიდენტად იყო წარდგენილი და ქართული ეროვნული საქმეების გამო იწვოდა და იდაგებოდა.

 

ქართველ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მცირე ხნით საქართველოს კულტურის მინისტრად ნამყოფი გრიგოლ ვაშაძე წაგებული ომიდან სამ თვეში, როგორ ემუდარებოდა რუსეთის კულტურის მინისტრს, ქართველი ხელოვნების მუშაკები მიეწვიათ მოსკოვში გასტროლებზე. ეს ამბავი თავის დროს გასაჯაროვდა. „ნაციონალებმა“ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონიაო, მაგრამ თავიანთ უერთგულეს მხარდამჭერთა გარდა ვერავინ დააჯერეს.

 

იმავე ხანებში გრიგოლ ვაშაძემ და მისმა პრიმა-ბალერინა მეუღლემ, რუსთაველის გამზირზე განთავსებული მოსწავლეთა სასახლის ხელში ჩაგდება მოინდომეს. სასახლის წინ აზვირთებული მშობლებისა და მოქალაქეების რიგებში საპროტესტო პლაკატით კოლეგებთან ერთად მეც ვიდექი. თუ ამნეზია არ შეყრიათ, ალბათ, ყველას ახსოვს ფიასკოგანცდილი ანანიაშვილის დაცინვა აღშფოთებული ხალხის მისამართით: ყიყინებენ!.. წიწინებენ!..

 

ამ გამოხდომით ქართველ ხელოვნების მოყვარულებში ნინო ანანიაშვილმა საკმაოდ შეილახა სახელი. შესაძლოა, ეს თვითონ არ სჯერა, მაგრამ ვისაც გვჯერა, გაგვატაროს.

 

ეს იქით იყოს და, რამდენიმე ხნის წინათ ხელში ჩამივარდა ანანიაშვილის ინტერვიუს ამონარიდი გაზეთ „იზვესტიას“ კორესპონდენტთან.

 

კორესპონდენტი: „თქვენი შვილი მშობლიურად რომელ ენას მიიჩნევს?

 

ეს საქართველოს პატრიოტი პრიმა-ბალერინა პასუხობს: „რა თქმა უნდა, რუსული, რადგან ის აქ იზრდება და რუსეთს ღვიძლ სამშობლოდ აღიქვამს...“

 

 

ვაშაძის მინისტრობის დროს „ნაციონალები“ დილის ექვს საათზე თავს დაესხნენ საქართველოს მწერალთა კავშირს, ბარბაროსულად დაარბიეს და შენობიდან გამოყარეს.

 

სამწუხაროა, რომ თაკო ჩარკვიანმა გრიგოლ ვაშაძის წარსადგენ მიტინგზე, ბაგრატის ტაძრის ფონზე, მწერალთა კავშირის შენობიდან მწერლების დარბევისა და გამოყრის გამო ასეთი მამალი ტყუილი ბრძანა: „როგორც კი გრიგოლ ვაშაძემ ეს ამბავი შეიტყო, ყველაფერი ხუთ წუთში მოაგვარა...“ თაკო ჩარკვიანს ამ გაზეთიდან უნდა შევახსენო, რომ გრიგოლ ვაშაძეს ეს საკითხი გულთან არც მიუტანია, რადგან რომ მიეტანა, მცირე ხნის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრად არ დააწინაურებდნენ.

 

ისე, შესაძლოა, თაკო ჩარკვიანს მაჩაბლის ქუჩაზე მომიტინგეებთან გრიგოლ ვაშაძის გამოჩენა სხვა ფაქტებში აერია. მაშინ ირონიულად მოღიმარ მინისტრს, „თქვენს ოჯახს მოსწავლეთა სასახლეში ფეხი არ ჩაუვიდა და ახლა სააკაშვილი მწერალთა სასახლის გადმოცემას ხომ არ გპირდებათო“, ჰკითხა ერთ-ერთმა მომიტინგემ. ეს ერთი ციდა შენობის მითვისება რაში მჭირდება, როცა მოსკოვში, პეტერბურგში, პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონსა და კიდევ ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ნამდვილ სასახლეებს ვფლობო, ნაცადი ილეთით მოინდომა ჩვენი დამშვიდება და აუცილებლად შესაბამისი ზომების მიღებას შეგვპირდა, მაგრამ მისი სიტყვების არავის სჯეროდა და მართლებიც იყვნენ. მწერალთა კავშირის შენობა „ნაციონალებმა“ ლამის „ობშეჟიტიედ“ გამოაცხადეს და ნაციონალურ ხროვას ჩაუგდეს ხელში. დღეს მის კედლები ვაჭრული სული ტრიალებს, ე.წ. პრეზენტაციებს მართავენ პოეზიის სნებაშეყრილი უნიჭო მატრონები და მედროვე მამლაყინწები, უცხოელებისთვის ფუნქციონირებს რესტორანი (ქართველ მწერლებს სიძვირის გამო იქ უბრალოდ ფინჯან ყავაზეც კი არ მიუწვდებათ ხელი), ხოლო ნამდვილი შემოქმედი განაპირებული და მისი განმკარგულებლის კაპრიზებზეა დამოკიდებული.

 

თაკო ჩარკვიანს ეს უნდა სცოდნოდა, როცა ქუთაისში წმინდა ტაძრის წინ ამ კარიერისტს რუს პოლიტიკოსს ქება-დიდებას ასხამდა, რომელიც იმდენად ბუტაფორიულია და თავისი სიუზერენის სწრაფვებს ისე ურცხვად ახმოვანებს, რად უნდა მარჩიელობა, მის ავ საქმეთა ჩასაფარცხად და მოსაყვანად ირჯება.

 

ამიტომ, ქართველებს, განსაკუთრებით შიდა ქართლისა და სამეგრელოს ამომრჩევლებს ვურჩევდი, ნუ აჰყვებიან წუთიერ ემოციებს, გაიხსენონ მათი ბატონობის საშინელი ცხრა წელი, შეადარონ ერთმანეთს ამ ორი კანდიდატის ზემომოყვანილი ბიოგრაფია, რომელიც ნათლად ავლენს, ვინ ვინ არის, ერთხელ კიდევ ნუ მოიტყუებენ თავს და მხარი მართლაც ღირსეულ კანდიდატს დაუჭირონ.

   

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner